მეოთხედფინალური ეტაპი ნიჟნი-ნოვგოროდში ურუგვაი-საფრანგეთის მეტად საინტერესო დაპირისპირებით იწყება.
ორივე გუნდი დაუმარცხებლად მოვიდა ამ სტადიამდე, მეტიც - სამხრეთამერიკელებმა ოთხივე თამაში მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.
რომ არა ედინსონ კავანის ტრავმა, რომელიც პსჟ-ის ფორვარდმა პორტუგალიასთან მისთვის ტრიუმფალურ მერვედფინალში მიიღო, გამარჯვების შანსები თანაბარი იქნებოდა. ამ სიტუაციაში კი, როცა ურუგვაელთა მეგოლის თამაში, "ელ პაისის" ბოლო ინფორმაციით, თითქმის გამორიცხულია, ფრანგებს გარკვეული უპირატესობა და შედარებით მეტი შანსიც ექნებათ.
პრინციპში, კავანიც რომ იყოს, დიდიე დეშამის განკარგულებაში დღეს გაცილებით მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელია. ამასთან, "ლურჯების" მწვრთნელის ხელთ
სათადარიგოთა სკამიც უფრო სოლიდურია.
ამას გარდა, ბოლო წლების ისტორია გვასწავლის, რომ ურუგვაის ნაკრებს არ მოუგია ისეთი თამაში, რომელშიც კავანი და ლუის სუარესი ერთად არ ყოფილან. ოსკარ ტაბარესს დიდი არჩევანი არც აქვს. რეზერვში ყველაზე გამოცდილია ესპანური "ჟირონას" ფორვარდი კრისტიან სტუანი და სწორედ ის შეცვლის კავანის სასტარტო შემადგენლობაში.
მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის პლეი-ოფი, სადაც დიდ როლს ითამაშებს საერთო გუნდური სულისკვეთება და პრაგმატიზმი (რაც დეშამისთვისაც არ არის უცხო) - ანუ შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი, ასე კარგად რომ ეხერხება ტაბარესის სამწყსოს.
აქედან გამომდინარე, ფრანგების ის უპირატესობა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს გამარჯვებისთვის. ჩვენ ვნახეთ ურუგვაელთა გარჯა პორტუგალიასთან მატჩში და ვნახეთ ისიც, თუ როგორ გაანეიტრალეს კრიშტიანო რონალდო. ასე რომ...
ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს...
თამაში საინტერესო იქნება ლოკალური ბრძოლების მხრივაც. ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, თან მარტო მეტოქეობით კი არა, პარტნიორობითაც. ძალიან დამაინტრიგებელია საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ ანტუან გრიზმანის (რომელსაც ურუგვაელები ყველაზე "ურუგვაელ ფრანგს" უწოდებენ) შეხლა ატლეტიკოელ თანაგუნდელებთან - დიეგო გოდინსა და ხოსე მარია ხიმენესთან. ეს ის ორი კაცია, ურუგვაის დაცვას რომ ადუღაბებს. "ლურჯების" მარცხენა მცველია ასევე "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი.
დიდიე დეშამი: ეს შესაძლოა ჩვენი პლუსი ან მინუსი აღმოჩნდეს
ლუის სუარესი: ანტუან გრიზმანმა არ იცის, რას ნიშნავს იყო ურუგვაელი
ანტუან გრიზმანი: ურუგვაი ძალიან მიყვარს და ამ ქვეყნიდან ბევრი მეგობარი მყავს
- დიდიე დეშამმა, როგორც მწვრთნელმა და ფეხბურთელმა, მსოფლიოს ჩემპიონატების ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო. ეს იყო ოთხი წლის წინ, როცა მისი საფრანგეთი გერმანიასთან მეოთხედფინალში 0:1 დამარცხდა.
- ოლივიე ჟირუ, ზინედინ ზიდანთან ერთად, 31 გოლით მეოთხეა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის ტიერი ანრის (51), მიშელ პლატინისა (41) და დავიდ ტრეზეგეს (34) შემდეგ.
- საფრანგეთი და ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს ბოლოს 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მატჩი 0:0 დასრულდა.
- ურუგვაის ნაკრებს მუნდიალებზე არასოდეს წაუგია ფრანგებთან - 2 ფრე, 1 მოგება. ამ სამ თამაშში მხოლოდ 1 გოლი გავიდა.
- ურუგვაის ნაკრებს, ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 7 თამაში აქვს მოგებული.
- ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ბოლო 5 დაპირისპირებიდან (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) 4 უგოლო ფრით დასრულდა.
1/4-ფინალი. პარასკევი. 6 ივლისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი ნოვგოროდ არენა
ურუგვაი-საფრანგეთი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი - ნანდესი, ტორეირა, ვესინო, ბენტანკური - სუარესი, სტუანი (ან კავანი)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი - კანტე, პოგბა - ტოლისო, მბაპე, გრიზმანი - ჟირუ
არბიტრი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"