5 შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესს იმსახურებს - "ლესტერის" დაბრუნება 37 წლის ვარდით და სერიოზულად გაძლიერებული "ატლეტიკო"...

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და იტალიის სერია "ა"-სა თუ საფრანგეთის ლიგა 1-ის დაწყებას მოუთმელად ველით. გამოვარჩევთ პირველივე ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას - ჯერჯერობით, გიორგი მამარდაშვილი ისევ აქაა. Sportall.ge ჩვენებურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (მო)გაწვდით, დღეს კი გთავაზობთ 5 შეხვედრას, რომელიც დიდ ინტერესს იმსახურებს. სანამ ბუნდესლიგა ისვენებს, ერთ დაპირისპირებას პორტუგალიაში დავაანონსებთ...

"ჩელსი" - "სიტი"

მაშინ, როცა ჩვენი ყურადღება "ნაპოლის" მატჩისკენ იქნება მიმართული, ლონდონში დიდი აფიშაა, "სტემფორდ ბრიჯზე" (40 341 მაყურებელი) "ჩელსი" ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" დაუხდება - კვირას, 19 აგვისტოს,
თბილისის დროით 19:30 საათზე.

ამ გუნდებმა ბოლოს 4 აგვისტოს, აშშ-ში ითამაშეს, სადაც ერლინ ჰოლანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, "ქალაქელებმა" კი (4:2) გაიმარჯვა.

დე ბრუინი ემზადება

Sportall.Ge

"ჩელსი" საკმაოდ გაძლიერდა. მათ "ვულვზიდან" ფორვარდი პედრო ნეტო 60 მილიონ ევროდ შეიძინეს, "ბარსელონას" კი 18 წლის შემტევ მარკ გუიუში 5 მილიონი გადაუხადეს. რაც შეეხება "სიტის", გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვება და გუნდის განახლება მარტივად შეუძლია, ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" ითამაშებს.

ლონდონურმა კლუბმა, რომელსაც ახლა მარესკა წვრთნის, პრინციპულ მეტოქეს ბოლოს 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოუგო, იმის შემდეგ კი 10 შეხვედრაა, ამას ვერ ახერხებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ჩელსი": სანჩესი - გუსტო, ფოფანა, კოლვილი, კუკურელა - ფერნანდესი, ლავია - მადუეკე, სტერლინგი, მუდრიკი - პალმერი;

"სიტი": ედერსონი - ლუისი, აკანჯი, დიაში, გვარდიოლი - ო'რეილი, კოვაჩიჩი - ფოდენი, დე ბრუინი, დოკუ - ჰოლანი.

მსაჯი: ტეილორი.

"ლესტერი" - "ტოტენჰემი"

ახლო წარსულში პრემიერლიგის გამარჯვებული "მელიები" დაქვეითების შემდეგ ბრუნდება და ეს ძალიან საინტერესოა. "ლესტერის" პირველი მეტოქე სერიოზულია და სტივენ კუპერის გუნდი "ტოტენჰემს" "კინგ ფაუერზე" (32 261) უმასპინძლებს - ორშაბათს, 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.

ანტე პოსტეკოღლუმ "ტოტემჰემში" დიდი სამუშაო ჩაატარა და ტრადიციულად, ახლაც ამბიციური მიზნები ექნებათ.

37 წლის ვარდიმ 12 წლის წინ გაიტანა...

Sportall.Ge

"ლესტერისა" და "ტოტემჰემის" დაპირისპირებები სულ საინტერესოა და ბევრი გოლიც გადის. 2016 წლის შემდეგ ამ გუნდებს შორის ფრე არ დაფიქსირებულა, არადა 13-ჯერ ითამაშეს. ჯეიმს ვარდი, რომელმაც "ლესტერის" რიგებში პირველი გოლი 12 წლის წინ გაიტანა, 37 წლის ასაკში კარიერას აგრძელებს.

"ლესტერი" პრემიერლიგის სტარტს საშინელ ფორმაში ხვდება, "ვილიარელთანაც" წააგო, "აუგსბურგთან" და "ლანსთანაც". უკანასკნელ ორ შეხვედრაში "დეზებიც" დამარცხდა, თუმცა მათი მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იყო.

ფაბრეგასი "იუვენტუსით" იწყებს

Sportall.Ge

"იუვენტუსი" - "კომო"

იტალიის ჩემპიონატს "იუვენტუსი" სკუდეტოს მონატრებული იწყებს, პირველ ტურში კი საინტერესო მოწინააღმდეგე ჰყავს, სესკ ფაბრეგასის "კომო", რომელთაც სერიოზული ტრანსფერები განაცორციელეს.

მეკარე რეინა, მცველები ვარანი, მორენო და დოსენა, ფორვარდი ბელოტი მნიშვნელოვანი გაძლიერებაა
ვნახოთ, მართლაც ჭკვიანი ფეხბურთელი ფაბრეგასი რას შემოგვთავაზებს. "იუვენტუსში" კი ტიაგო მოტასთან ერთად ახალი ეპოქა იწყება. დუშან ვლაჰოვიჩზე კვლავ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ტურინის "ალიანს" სთედიუმზე" (41 507) ეს დაპირისპირება ორშაბათს, 19 აგვისტოს, 22:45 საათზე შედგება. ისინი აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ, 2002-03 წლების სეზონში შეხვდნენ - ტურნიში (1:1) ფრე დაფიქირდა, სტუმრად კი "იუვემ" (3:1) მოიგო.

ახალწვეული ხულიან ალვარესი

Sportall.Ge

"ვილიარეალი" - "ატლეტიკო"

მადრიდის "ატლეტიკომ" ტრანსფერებისთვის წელს განსაკუთრებით ბევრი დახარჯა და დიეგო სიმეონეს გუნდის ხილვა საინტერესო იქნება - ალვარესზე უკვე დავწერეთ, აქ ითამაშებს ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი სორლოთი, ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ლე ნორმანდი, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ავტოგოლი მიითვალა. დიეგომ საკუთარი ვაჟი დააბრუნა, ოღონდ არა "ნაპოლიში" მოთამაშე ჯოვანი, არამედ 21 წლის ჯულიანო, რომელიც ორი სეზონია, იჯარით გამოდიოდა.

"ვილიარეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფრანგი მცველი კამბვალა შეიძინა და "ბეტისის" ფორვარდი აიოზე პერესიც დაიმატა. მარსელინოს ყოველთვის საინტერესო გუნდი ჰყავს.

"ვილიარეალსა" და "ატლეტიკოს" თვალსასეირო მატჩები იმართება და ორშაბათსაც (23:30 სთ) "დე ლა კერაკიმაზე" (23 000) იმავეს ველით.

36 წლის ოტამენდი ემზადება...

Sportall.Ge

"ბენფიკა" - "კასა პია"

როჯერ შმიდტის "ბენფიკამ" ჩემპიონატი, მოულოდნელად, მარცხით დაიწყო. ლისაბონელებმა გასულ სეზონში ჩემპიონობა "სპორტინგთან" დათმეს და ახლა წარმოგვიდგენია, "და ლუზზე", სადაც 64 ათასზე მეტი მაყურებელი ეტევა, პირველ საშინაო შეხვედრაში რა განწყობა იქნება.

"ბენფიკამ" რენატო სანჩესი იჯარით აიყვანა, "ალკმაარიდან" შეძენილმა ბერძენმა პავლიდისმა კი გასულ სეზონში 29 გოლი გაიტანა.

ლისაბონელთა მეტოქე "კასა პიაა", რომელმაც 40 წლის ჟოზე ფონტე დაიმატა. თავის მხრივ, არგენტინელი ოტამენდი 36 წლისაა. ხსენებული დაპირისპირება კვირას, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

altდე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი

alt6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული