დიდი ფინალი დიდ სტადიონზე: "სან სირო" - მუდამ მოვლენათა ცენტრში

AutoSharing Option
შაბათ 28 მაისს საღამოს მსოფლიოში ფეხბურთი გამეფდება. დიდ სტადიონზე დიდი ფინალია - ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში, ლეგენდარულ "სან სიროზე" "რეალი" და "ატლეტიკო" შეიბმებიან. ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს მასალა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ სტადიონს, "სან სიროს", იმავე "ჯუზეპე მეაცას" ეძღვნება.

რატომ ჩადიან მილანში შეგნებული, განათლებული ადამიანები? ბევრი მათგანი ამბობს, რომ ვიზიტის მთავარი დანიშნულებაა, ნახონ 650 წლის კათედრალი, ლა სკალა და განთქმული სამოდელო ბუტიკები.

ასევე "სან სირო". ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. მისი ღირებულება უტოლდებოდა 550 უძვირფასესი მანქანის ფასს. მან გააცნო
იტალიას ბობ მარლი. 1990 წლის შემდეგ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გერმანელი ქომაგის გულში.

როგორ შენდებოდა
ჟოზე მოურინიომ 2010 წელს, მაშინ, როცა მილანის "ინტერს" მოძღვრავდა, თქვა: "სან სირო" ჩემი უსაყვარლესი სტადიონია მსოფლიოში." ბოლოს ამ გრანდიოზულ არენას რეკონსტრუქცია 1990 წლის მუნდიალის წინ ჩაუტარდა.

1987 წელს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას ადგილები დაემატა. ამის შემდეგ ის კიდევ უფრო დაემსგავსა გლადიატორების ასპარეზ კოლიზეუმს. დამარცხებული გახვიდე ამ სტადიონიდან - ეს ნამდვილი კოშმარია.

ყველაფერი კი შორეულ 1925 წელს დაიწყო. "მილანი" 1899 წელს დაარსდა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში კლუბის პრეზიდენტი პიერო პირელი კლუბისათვის მუდმივ ნავთსაყუდელს ეძებდა.

მშენებლობას არქიტექტორი ულისე სტაჩინი და ინჟინერი ალბერტო კუჯინი გაუძღვნენ. მშენებლობა 5 მილიონი ლირა დაჯდა. იმ დროისათვის ამ ფასად 550 "მერსედესის" ყიდვა იყო შესაძლებელი.

მშენებლობა უსწრაფესად, ცამეტნახევარ თვეში დასრულდა. 1926 წლის 19 სექტემბერს უკვე მზად იყო ადგილი 35 000 მაყურებლისათვის. ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თანაქალაქელები და ამავე დროს დაუძინებელი მტრები წარსდგნენ. "ინტერმა" ამხანაგურ შეხვედრაში 6:3 მოუგო "მილანს".

1935 წელს სტადიონი ქალაქის საბჭომ იყიდა. ოთხი წლის შემდეგ "სან სიროს" ტევადობა 15 ათასით გაიზარდა. განახლებული სტადიონის გახნაზე, 1939 წლის 13 მაისს იქ ჩავიდა ინგლისის ნაკრები და მასპინძელ იტალიასთან ფრედ, 2:2 ითამაშა.

Sportall.Ge

კოჰაბიტაცია
1947 წლიდან დაიწო "მილანისა" და "ინტერის" კოჰაბიტაცია. ორი მილანური გრანდი დღემდე იყოფს სტადიონს. ათი წლის შემდეგ, როცა ევროთასებზე იტალიური გუნდები ჩაებნენ, მაყურებელთა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა. ზოგიერთ შეხვედრას ასი ათასზე მეტი ქომაგიც კი ესწრებოდა.

1967 წელს სტადიონი ახალი ელექტრონული ტექნიკით აღიჭურვა. 1979 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი ფორვარდი, ჯუზეპე მეაცა. სტადიონს მაშინ ოფიციალურად უწოდეს მისი სახელი.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ორივე მილანური კლუბის ღირსებას იცავდა. ასე რომ, გადაწყვეტილება გათვლილი იყო როგორც "მილანის", ისე "ინტერის" გულშემატკივრებზე. 1990 წლის მუნდიალის წინ ჩატარდა ხელახალი რეკონსტრუქცია. ინდივიდუალურ სავარძლებში მაყურებელს კომფორტულად შეეძლო თამაშის ცქერა.

2011-12 წლების სეზონში, "მილანის" დაჟინებული მოთხოვნით, "ინტერის" ხელმძღვანელობამ სტადიონზე ბალახი შეცვალა. 2012 წელს "ნერაძურის" შეკვეთით ჰოლანდიურმა ფირმა "დესომ" სტადიონზე სუპერთანამედროვე საფარი დააგო. ეს საფარი 200 ათასი ევრო დაჯდა.

Sportall.Ge

"სან სიროს" ხედი აივნიდან
ცნობილი ჟურნალისტი დარიო დონატო "კურვა სუდთან" ("მილანის" ანკლავი "სან სიროზე) 100 მეტრში გაიზარდა. ის იხსენებს: "თამაშს ყოველთვის ჩემი აივნიდან ვუცქერდი - ხოლმე. ჩვენ გოლის ექო მანამდე გვესმოდა, სანამ ამას ტელევიზიით გავიგებდით. "სან სიროს" და ჩემს აივანს ვერაფერზე გავცვლი, თვით მალდივების დაუვიწყარ ხედებზეც კი." - ამბობს ის.

"რა თქმა უნდა, ის არ არის ევროპის ყველაზე თანამედროვე სტადიონი, მაგრამ ხელის შევლება უნდა და ეს სწორედ ასე იქნება. ის მხოლოდ არქიტექტურით არ არის ლამაზი. გამოსარჩევია იმითაც, რომ სადაც უნდა იყო, სულ შუაგულში, მოვლენების ეპიცენტრში ხარ." - ესეც დონატოს სიტყვებია.

სწორედ "სან სიროზე" ჩაატარა თავისი პირველი იტალიური კონცერტი რეგის მეფემ, ბობ მარლიმ. ეს მოხდა 1980 წლის 7 ივნისს. ამ სტადიონზე მოაჯადოვეს მსმენელი ბრუს სპრინგსტინმა, ბობ დილანმა, U2-მ, დეფეშ მოუდმა, როლინგ სტოუნზმა და სხვებმა.

დიდი მატჩები "სან სიროზე"
ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ამ სტადიონზე ჩატარდა სამი ევროპის თასი, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი. 1965 წელს "ინტერმა" ლეგენდარული ელენიო ერერას მეთაურობით გაუვალი კედელი შეაგება "ბენფიკას" შეტევებს და 1:0 მოუგო პორტუგალიურ გრანდს.

ხუთი წლის შემდეგ "ფეიენოორდმა" დამატებით დროში დააჩოქა "სელტიკი" და გახდა პირველი ჰოლანდიური გუნდი, რომელმაც უმთავრესი ევროპული საკლოუბო ტურნირი მოიგო.

ბოლო დიდი ფინალი "სან სიროზე" 2001 წელს შედგა. ერთმანეთს "ბაიერნი" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. 120-წუთიანი თრილერი ალბათ დღესაც ბევრს ახსოვს. მაშინ პირველ ტაიმში მეჰმეთ შოლმა პენალტი ვერ გაიტანა. ოლივერ კანის სამი "სეივი" და... თასი "ბაიერნმა" აღმართა.

ანდრეი შევჩენკოც იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" სწორედ მისმა გოლმა გაიყვანა და ლეგენდარულმა უკრაინელმა ეს გოლი... "ინტერის"კარში გაიტანა.

"აქ ყოველთვის ანათებს განუმეორებელი შუქი. "სან სირო ჩემთვის არის მსოფლიოში ლამაზი სტადიონი." - თქვა "მილანის" ლეგენდარულმა "შვიდიანმა".

"სან სირო" გამორჩეული ადგილია გერმანიის ნაკრების ქომაგებისთვისაც. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანც ბეკენბაუერის გაწვრთნილმა გუნდმა ამ სტადიონზე 5 შეხვედრა ჩაატარა. "ბუნდესმანშაფტმა" ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოთარ მათეუსმა და მისმა მეგობრებმა მილანში 13 გოლი გაიტანეს. გზად გაანადგურეს საემიროები და შეიწირეს ძალიან ძლიერი იუგოსლავია.

მოდი, ნუ გავახსენებთ იმ ზაფხულის ერთ დღეს არგენტინელებს. ლამაზი იყო მუნდიალის გახსნის ცერემონიალი. იყო მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, იყო ბევრი ლამაზი გოგო, იყო დიეგო მარადონა და... არგენტინამ სასტარტო მატჩში 0:1 წააგო კამერუნთან.

Sportall.Ge

"ატლეტიკოს" უპირატესობა
ადგილობრივი გულშემატკივრის კეთილგანწყობის იმედი უნდა ჰქონდეს მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელს, დიეგო სიმეონეს. მან ორი სეზონი ითამაშა "ინტერში". 1998-99 წლებში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "სან სიროზე" მან მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

ზინედინ ზიდანს ასევე აქვს კარგი მოგონებები "სან სიროსთან". ის იყო "ტვინი"იმ "იუვენტუსისა", რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მატჩში 6:1 გაანადგურა "მილანი". ეს მოხდა 1997 წლის 6 აპრილს. "ზიზუმ" რიგით მეორე გოლი შეაგდო თერთმეტმეტრიანიდან....

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
+1
ლევანი
10:15 28-05-2016
0

სიახლეები პოპულარული