გიორგი მიქაძე: ადრე, პირველი ლიგიდან ყველა გაქცევაზე იყო...

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ამ ტურნირში არაერთი კარგი გუნდი თამაშობს. ბევრია ისეთი ფეხბურთელიც, გულშემატკივრების წინაშე წარდგენა რომ არ სჭირდება...

გათამაშების ლიდერი კი მარტვილის "მერანია", რომელიც უმაღლესი ლიგისკენ მიილტვის. ამ რბოლას სათავეში 37 წლის მწვრთნელი გიორგი მიქაძე უდგას. ცოტა ხნის წინ თავად გახლდით მარტვილში და იქაურობა ისეა მოწესრიგებული, რომ იტყვიან, ავ თვალს არ ენახვება...

თანამედროვე "მერანი" ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზია. "ლელო" მარტვილელთა დამრიგებელს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- მიმდინარე სეზონი თქვენი გუნდისთვის წარმატებულია - "მერანი" სათავეში უდგას
სატურნირო ცხრილს...

- ...თუმცა სეზონი ჯერ ისევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის კი, გეთანხმებით, ჩვენი გუნდის საქმეები კარგად მიდის, პირველ ადგილზე ვართ, თუმცა ზურგს უკან, როგორც იტყვიან ხოლმე, კონკურენტების სუნთქვა გვესმის... შედეგი ერთია და, მეორე ის, რომ გუნდის შენების რთული პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ეს ძალიან მახარებს.

- რას იტყვით ზოგადად ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაზე?
- ამ ტურნირის ორგანიზაციული მხარე ძალიან კარგია. ერთადერთი პრობლემა, რომელიც არახალია, უკავშირდება მოედნების მდგომარეობას. ზოგ მინდორზე შეუძლებელია ისეთი ფეხბურთის თამაში, როგორიც მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ითამაშოს...

რაც შეეხება სათამაშო დონესა და კონკურენციას, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. წამითაც ვერ მოდუნდები. მაგალითად, ჩვენ პირველ ადგილზე კი ვართ, მაგრამ ძალიან ახლოსაა "რუსთავის" შესანიშნავი გუნდი. პირველ ხუთ-ექვს კლუბში ძალიან ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელთაც სხვადასხვა დროს წარმატებით უთამაშიათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა თუ უცხოეთის ქვეყნებში. ადრე, პირველი ლიგიდან ყველა გაქცევაზე იყო, ახლა ასე აღარ არის. ბევრ ფეხბურთელს ურჩევნია, უმაღლესი ლიგის საშუალო კლუბში თამაშს პირველი ლიგის ლიდერ გუნდში ყოფნა.

არიან ძალიან საინტერესო ფეხბურთელები, აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვისაც მაღალ დონეზე უთამაშია. თუნდაც, ჯაბა დვალი ავიღოთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ თავისი კლასით ის ამშვენებს ამ ლიგას. დათა სიჭინავაზეც უნდა ვთქვა - უმცროსი დავით მუჯირის შემდეგ მე ქართულ ფეხბურთში ასეთი დამრტყმელი არ მინახავს. სიჭინავა თუ ურტყამს, ჩათვალეთ, რომ ორიდან ერთი ჯარიმა გოლია. არიან ძლიერი გუნდები და მათთან თამაში ჩვენთვის საინტერესოა, დიდი გამოწვევაა.

- რა თქმა უნდა, "მერანს" უმაღლეს ლიგაში გადასვლის ამბიცია აქვს...
- ასეა. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა გვქონდეს თამაშის ის ხარისხიც, რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს უმაღლეს ლიგაშიც. ამისთვის აქედანვე უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, "მერანს" არც ერთხელ არ გადაუხვევია თავისი გეზისთვის - არც იმ მატჩებში, რომლებიც წავაგეთ. არ მინდა, ვინმემ ამპარტავნობაში ჩამითვალოს, მაგრამ იმ შეხვედრებშიც კი, რომლებშიც ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი უპირატესობა იყო.

- "მერანში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ ამის პარალელურად, თქვენს შეგირდებს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იძახებენ...
- ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი. ამაყი ვარ იმით, რომ "მერანის" 3-4 მოთამაშე მუდამ არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს შორის. ერთი რამ შემიძლია, შეგპირდეთ - ჩემი გუნდიდან მოუმზადებელ ფეხბურთელს ნაკრებში არ გავუშვებ!

სხვა საქმეა, ნაკრების მწვრთნელებს რამდენად მოეწონებათ ესა თუ ის ფეხბურთელი. ეს უკვე მათი პრეროგატივაა. ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად ჩვენს გუნდში არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც. მაგალითად, სერგი ორბელაძე, რომელსაც ზურგს ნაყოფიერი კარიერა უმაგრებს, ასევე, რევაზ გეწაძე და სხვები... ალბათ, დააკვირდებოდით - ფეხბურთელის საშუალო ასაკი ბოლო დროს აწეულია. ადრე 32 ან 33 წლის მოთამაშე ვეტერანად ითვლებოდა. ახლა შეხედავ კრიშტიანო რონალდოს თამაშს და 20 წლის ბიჭივითაა.

ადრე ძირითადად იტალიელები ეყრდნობოდნენ ვეტერანებს, ახლა კი ეს ზოგად ტენდენციად იქცა. მე დიდხანს ვიმუშავე ბავშვთა ფეხბურთში. იქ სხვა პრიორიტეტებია. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ასაკობრივ დონეზე ასე გააფთრებით რომ იბრძვიან შედეგებისათვის. იქ ხომ მთავარი ისაა, ბავშვი სწორად გაიზარდოს. დიდ გუნდში კი მთავარი შედეგია. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელმა თამამად უნდა მისცეს შანსი ახალგაზრდებს, მაგრამ ბალანსის დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

არავის არ შეუცვლია ის ჭეშმარიტება, რომ ფეხბურთს კაცები თამაშობენ. გამოცდილი ფეხბურთელები აუცილებელია გუნდში თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდამ მათგანაც ბევრი რამ ისწავლოს. პირადად მე არასოდეს ჩამიხედავს ფეხბურთელის პასპორტში. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლისაა? მთავარია, გუნდს სარგებლობა მოუტანოს და შედეგების მიღწევაში დაეხმაროს მას.

- "მერანის" ლეგიონერებზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა...
- დავიწყებ იქედან, რომ ჩვენს გუნდში დამკვიდრება არავის უჭირს. თავის ქებაში ნუ ჩამითვლით და, ძალიან მეგობრული კონტინგენტი გვყავს, თბილი ურთიერთობებია ჩვენთან... უკვე ვეღარ აღვიქვამთ ლეგიონერად ბენჟამინ ტეიდს. შეიძლება ითქვას, ის საქართველოში გაიზარდა და ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. ძალიან კარგი მოთამაშეა, ტაქტიკურად - განათლებული, ზუსტად პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს...

სხვათა შორის, ტეიდის გადაბირება საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებს სურთ, მაგრამ ის "მერანისთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ჩვენ არ ვაპირებთ მასთან განშორებას იქამდე, სანამ კლუბთან კონტრაქტი აქვს.

რაც შეეხება უკრაინელ ფორვარდ ტრეტიაკს, ჩვენ ვიცოდით, ვისაც ვიმატებდით - სანამ "მერანში" ჩაირიცხებოდა, მისი არაერთი თამაში ვნახეთ. ძალიან საჭირო გოლები გაიტანა. ამ მხრივ, შესანიშნავი ალღო აქვს. ჯერ ეს ორი ლეგიონერია გუნდში, მაგრამ შეიძლება კიდევ გამოჩდნენ.

- ანუ, ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებთ?
- აუცილებლად დავიმატებთ ორ-სამ ფეხბურთელს, რადგან ჩვენი სათადარიგოთა სკამი მოკლეა. რეალურად რომ ვთქვათ, მთელი სეზონის სიმძიმე 13-14 ფეხბურთელზე გადადის. ძალიან გვაზარალა სერგი ორბელაძის ტრავმამ. ჩვენი თამაშის სტაბილურობა, ძირითადად, უკანა ხაზში კარგად აწყობილი მოქმედების შედეგია.

უკვე შევარჩიეთ ერთი სწრაფი ფეხბურთელი. მის ვინაობას მალე შეიტყობთ. გვინდა ნახევარმცველის დამატებაც, რომელიც ითავებს შეტევაში გუნდის თამაშის ორგანიზებას. სადღეისოდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა "ბოლო პასია". ასევე გვინდა ცენტრალური მცველის აყვანა, რომელიც უნივერსალი იქნება და შეძლებს თამაშს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრეამ ამ საიტის ადმინისტრაცია ან არქიტექტორები, ან დიზაინერები ასე უვარგისნი როგორა ხართ რომ მეორე ლიგის კლუბზე წერთ სტატიას და აქვე გვერდით მხოლოდ 1-ლი ლიგის ცხრილია?
საერთიოდ აზროვნებას გადაეჩვიეთ?მეორე ლიგა არასოდეს იყო წახალისებული, ახლა კი საერთოდ სანაგვედ აქციეთ,არა გრცხვენიათ?
Guadua
13:20 11-06-2017
0

სიახლეები პოპულარული