კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...

AutoSharing Option
16 ივნისს ეროვნული ლიგა განახლდება. სამ დღეში ევროტურნირებზე მყოფი ქართული კლუბები თავიანთი მეტოქეების შესახებ შეიტყობენ.

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ევროტურნირებს მეტ-ნაკლებად ფორმაში ხვდება, ეს ქუთაისის "ტორპედოა". კახა ჩხეტიანის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და პირველ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ეტაპობრივად ათამაშდა და 9 მაისიდან მოყოლებული, ზედიზედ ექვსი მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ამჟამად, ქუთაისელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩებიან. აქვე გეტყვით, რომ აუქციონი, რომელზეც "ტორპედო" იყიდება, 16 ივნისს
დასრულდება.

როგორ ემზადება კლუბი ევროტურნირებისთვის, იგეგმება თუ არა ტრანსფერები და სხვა თემებზე Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს გაესაუბრა.

- ცუდი სტარტის შემდეგ "ტორპედომ" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ახლა ცხრილში მეორე ადგილზეა...
- კი, ასეა და ცუდ სტარტში მოულოდნელი არაფერია. მთელ სეზონს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ. ჩვენ ცუდად დავიწყეთ და ეტაპობრივად უკეთესები გავხდით. ფეხბურთი, რომელიც ბოლო ტურებში ვაჩვენეთ, ძალიან მახარებს, მაგრამ არავინ დაიჯეროს, რომ ეს "ტორპედოს" მაქსიმუმია! ეს არაა ის თამაშის ხარისხი და შედეგი, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული. უფრო მეტი გვინდა.

აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურადაა ჩართული გუნდის ყოველდღიურობაში. ისინი ძალიან მონდომებულები არიან, ვარჯიშებსა და თამაშებზე თავს არ ზოგავენ, მთლიანად "ტორპედოზე" არიან კონცენტრირებულნი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ყველა ერთმანეთთან მეგობრობს და ამას შედეგი მოაქვს.

არ შემიძლია, ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაზე არ ვისაუბრო. როგორც მოგების, ისე წაგების დროს, ყველგან და ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ცხადია, ესეც დამატებითი მოტივაციაა. გუნდის შენებას ახლა ვიწყებთ და მათი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ევროტურნირებზე ერთად ბევრს შევძლებთ.

- ევროტურნირები ივნისის ბოლოს იწყება. "ტორპედოს" პარალელურად, ჩემპიონატშიც მოუწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. საამისოდ საკმარისი რესურსი აქვს გუნდს? როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის "ტორპედო" და "დინამო" იბრძოლებენ...
- ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენ და "დინამო" ვართ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები. ჯერ ყველაფერი წინაა, ადრეა ამაზე საუბარი. კარგია, რომ მეორე ადგილზე ვართ და ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულაა, თუმცა ჩემპიონობისთვის, ჩემი აზრით, მინიმუმ ოთხი გუნდი იბრძოლებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის სტარტზე აუტსაიდერებში ვიყავით, დღეს კი ლიდერებში ვართ.

ახლა რაც გვევალება, არის ხარისხის გაუმჯობესება. რესურსთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ჩემგან დიდ ნდობას იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სასტარტოშია, ვინ სათადარიგოთა სკამზე და ვინ - განაცხადს მიღმა. მე მათ ყველას ძალიან ვენდობი, თუმცა სულ ვამბობ, რომ გუნდში კონკურენცია უნდა გაიზარდოს, ამიტომ 2-3 ფეხბურთელის დამატება მსურს. თუ წინსვლა გვსურს, ეს საჭიროა.

- მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატეთ. ორივე ტრანსფერი კონკურენციის გაზრდას ემსახურება?
- ეს ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიმატეთ. კვირკვიამ კონტრაქტი გააფორმა, აი, ხურციძესთან კი ეს ჯერ არ მომხდარა. საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა 15 ივნისს იხსნება, "ტორპედოში" რამდენიმე დღეში ახალი მფლობელი მოვა და ვამჯობინეთ, ხურციძის კონტრაქტი მასთან ერთად განხილულიყო. შესაბამისად, ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა. იმედი მაქვს, ევროტურნირებისთვის მისი დამატება მოესწრება.

- თქვით, რომ 2-3 ფეხბურთელის დამატებას გეგმავთ. დღეს "ტორპედოში" ლეგიონერები არ თამაშობენ. უნდა ელოდოს თუ არა გულშემატკივარი ლეგიონერებს?
- მე ლეგიონერების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგ ლეგიონერს კარგი თანხაც სჭირდება. ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ისეთის ჩამოყვანას, რომელიც ადგილობრივ ფეხბურთელს ვერ სჯობს. თუ ძლიერი ფეხბურთელი იქნება, რომელიც როგორც ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე გამოგვადგება, სიამოვნებით დავიმატებ, მაგრამ კიდევ ვამბობ, ამას ფინანსები სჭირდება.

ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ ველი ცვლილებებს. კლუბი უფრო უნდა განვითარდეს. მოვა ის, დავსხდებით და უკვე მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხზე.

- ალბათ, ნახეთ ევროპალიგაზე "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეთა სია...
- ვნახე და ჩემი ფეხბურთელების შემართების, მონდომებისა და ოსტატობის იმედი ნებისმიერ მეტოქესთან მაქვს. რამდენიმე საკმაოდ ძლიერი კლუბია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთანაც ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებ, ისეთი კლუბი შეგვხვდება, ვისთანაც შანსები 50-50-ზე იქნება.

- ქართული კლუბების ყველა სავარაუდო მეტოქე ევროთასებზე ცნობილია

თუმცა, რა კლუბიც უნდა შეგვხვდეს, პირობას ვდებ, რომ ყველასთან ვიბრძოლებთ. ახლა მხოლოდ ქუთაისს და ქუთაისელ გულშემატკივარს არ წარვადგენთ. ეს სხვა ასპარეზია, აქ უკვე ქვეყნის სახე ვართ და მეც, ისევე, როგორც ჩემს ფეხბურთელებს, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. ვნახოთ, რა იქნება...
მკითხველის კომენტარები / 10 /
fizikurad moamzadet gundi, stadionze, rom ver mozraoben)))) isetma kveknebma istavles fexburti gagikvirdebat, tkven ki 20 saukuneshi darchit, tamashebs mainz ar ukurebt evropashi rogor fexburts tamashoben? ra azri aakvs kartuli gundebis evroturnirebze gasvlas ver xvdebi, gvekofa amdeni sirzxvili(((
kai bichi
17:30 14-06-2017
0
ჩვენ ერთადერთნი ვართ. წინ დიდი გამარჯვებები გველის....
ტორპედო ტორპედო ტორპედო
19:32 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული