არცთუ საუკეთესო...
ისე გამოდის, რომ ესპანელები საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის დასრულებისთანავე ბარგს ჩაალაგებენ და ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად საფრანგეთს მიაშურებენ. ტიტულის დაცვა რთული ამოცანაა, მაგრამ არა - შეუსრულებელი.ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრებს ახლა არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას, თუმცა ცხადია - ქართველებს (და არამარტო,
ცხადია, ჯერაც უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მართალია, ევროპის ჩემპიონატისწინა უკანასკნელ შეხვედრაში ესპანელი ფეხბურთელები ტრავმებს მოერიდებიან და ფრთხილად ითამაშებენ, მაგრამ ისინი, ამავე დროს, ყველანაირად ეცდებიან, გამარჯვებულებმა დატოვონ სამშობლო და საფრანგეთში ამაღლებული განწყობით გაემგზავრონ.
კინაღამ...
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა აქამდე ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. ეს იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები. მართალია, ორივე თამაშში მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ თბილისურმა დაპირისპირებამ მაინც დაუვიწყარი ემოციები დაგვიტოვა.2012 წლის 11 სექტემბერს "დინამო არენაზე" ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, საქართველოს დედაქალაქს ხომ თვით მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ეწვივნენ.
თამაში ისეთი გამოვიდა, დიდხანს რომ დაამახსოვრდება კაცს. საქართველოს ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, მოედანზე თავი დადო, უძლიერეს მოწინააღმდეგესთან კინაღამ ქულას გამორჩა და ცოტა რომ გამართლებოდა, იქნებ ის შეხვედრა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაც ჩაგვეწერა.
ცხადია, უპირატესობა ესპანეთს ჰქონდა. "ფურია როხამ" საქართველოს ნაკრების კართან მომენტები მრავლად კი შექმნა, მაგრამ ქართული დაცვის კედელი ვერ გაანგრია. შანსები ჩვენც გვქონდა. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო შეტევაში ჩართული ალეკო ამისულაშვილის დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა. რამდენიმე სანტიმეტრი აქეთ და იკერ კასილიასი უძლური იქნებოდა...
განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაში. თბილისის "დინამოს" მაშინდელმა კიპერმა, რომ იტყვიან, "იფრინა" და ყველა ასაღები თუ აუღებელი დარტყმა გააუვნებელყო.
ჩვენი მეკარის ტრავმა დასანანად დაგვირჩა. კარში როინ კვასხვაძე ჩადგა, თუმცა მას გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ - ქართველთა მოქანცული დაცვა "გატყდა" და 86-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გაგვიტანა - 0:1.
თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ ესპანეთის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნული გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელისთვის, თემურ ქეცბაიასთვის...
ჩვენ დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ სპორტში და კონკრეტულად, ფეხბურთში, განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ტერმინის - "ღირსეული წაგების" გამოყენებას, მაგრამ მოდით, უძლიერეს ესპანეთთან მარცხს, გამონაკლისის სახით, სწორედ ეს ტერმინი ვარგუნოთ...
ცალი ფეხით
მეორე შეხვედრა ალბასეტეს "ესტადიო კარლოს ბელმონტზე", 2013 წლის 15 ოქტომბერს შედგა. საქართველოს ნაკრებში ამ დროს უკვე აღარ ჩანდა ძველებური მუხტი, თან შემადგენლობაც მნიშვნელოვნად იყო გადახალისებული.როგორც ველოდით, ქეცბაიას გუნდი საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტა. 26-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას პასით, ანგარიში ალვარო ნეგრედომ გახსნა. მეორე გოლი კი მასპინძლებმა 61-ე წუთზე გაგვიტანეს - ჟერარდ პიკეს პასით თავი ხუან მატამ გამოიჩინა.
ესპანეთმა, როგორც ამბობენ ხოლმე, "ცალი ფეხით" მოგვიგო. მასპინძლებს პირველიდან ბოლო წამამდე არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა და ყველა საგოლე შანსი რომ გამოეყენებინათ, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა...
თაობა მიდის, თაობა მოდის...
რა ძალას წარმოადგენს ესპანეთის დღევანდელი ნაკრები? შეიძლება ის ახლა ნაკლებად ძლიერია, ვიდრე 2-3 წლის წინ იყო, მაგრამ თუ თაობა მიდის, თაობა მოდის კიდეც. ასე რომ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ კარსმომდგარი ევროპის პირველობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. საფრანგეთის სტადიონებზე დელ ბოსკეს ძველი და ახალი თაობის ნაზავი ეყოლება.მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც "ფურია როხასთვის" კატასტროფული გამოდგა, ეროვნულ გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელი დაწინაურდა, თუმცა ადგილზე არიან "ბებერი ხარებიც".
ჩვენი ვიდარდოთ...
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ გამართავს ამხანაგურ მატჩებს. 29 მარტს ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი თბილისში ყაზახეთს უმასპინძლებს.
ამის შემდეგ გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე წავა, სადაც 28 მაისს ევროფორუმის კიდევ ერთ მონაწილე სლოვაკეთს შეხვდება, 3 ივნისს კი, ბუქარესტში რუმინეთს (რომელიც ევროპის ჩემპიონატს მასპინძელ საფრანგეთთან მატჩით იწყებს) დაუპირისპირდება.
სპარინგები მართლაც არ დაიწუნება, ახლა კი ის დროა, ეროვნული გუნდის სათავეში კვალიფიციური მწვრთნელი მოვიდეს. მწვრთნელის დანიშვნა ყველაზე მძიმე საჯილდაო ქვაა ფეხბურთის ფედერაციისთვის. დრო აღარ ითმენს - ახალ მწვრთნელს ხომ სჭირდება დრო იმისთვის, რომ თუნდაც ფეხბურთელები გაიცნოს.
ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, გნებავთ, სხვა სპარინგები, მწვრთნელს ძირითადი შემადგენლობის, ძირითადი ბირთვის გამოკვეთაში კი დაეხმარება, მაგრამ დრო... დიახ, დრო ახლა ნამდვილად არ მუშაობს საქართველოს ნაკრებზე.
ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს ცაიტნოტური მდგომარეობა არ უნდა შეუქმნას, თორემ მომავალი შესარჩევი ციკლი, ჯერ კიდევ დაწყებამდე, იქცევა მორიგ დაკარგულ შანსად...
კარგი დასაწყისი ყოველთვის ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საქართველოს ნაკრების მსგავს ემოციურ გუნდს ეხება...
საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი
11.09.12. თბილისი. "დინამო არენა". 54 598 მაყურებელი
საქართველო-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (86)
საქართველო: ლორია (73. კვასხვაძე), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, დ. კვირკველია, კაშია, ლობჟანიძე, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (64. ძალამიძე), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (79. სირბილაძე).
სათადარიგოები: ხუბუტია, გრიგალავა, ფოფხაძე, რეხვიაშვილი, მაისურაძე, ანანიძე, მიგინეიშვილი, გორგიაშვილი, გურული.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, არბელოა (80. ფაბრეგასი), პიკე, ალბა, ინიესტა, ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი (57. პედრო), ჩავი, დავიდ სილვა (64. კასორლა), სოლდადო.
სათადარიგოები: ალბიოლი, ბერნატი, ვილია, ფერნანდო ტორესი, ხესუს ნავასი, ხუანფრანი, მონრეალი, რეინა, ვიქტორ ვალდესი.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი
15.10.13. ალბასეტე. "კარლოს ბელმონტე".16 133 მაყურებელი
ესპანეთი - საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (26), 2:0 მატა (61)
ესპანეთი: კასილიასი, ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბერტო მორენო, ინიესტა (82. ისკო), ბუსკეტსი, ჩავი (66. კოკე), ხესუს ნავასი, პედრო (58. მატა), ნეგრედო.
სათადარიგოები: ვიქტორ ვალდესი, რეინა, მონრეალი, მიჩუ, მარიო სუარესი, მარტინესი, ფაბრეგასი, დავიდ სილვა, არბელოა.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: ლორია, დ. კვირკველია, ხუბუტია, კაშია, ხიდეშელი, ლობჟანიძე, კობახიძე, ძარია, შ. გრიგალაშვილი (70. ებრალიძე), ე. გრიგალაშვილი (75. ხმალაძე), გელაშვილი (87. მოდებაძე).
სათადარიგოები: კვასხვაძე, ღვინიანიძე, თომაშვილი, რევიშვილი, კვახაძე, დვალიშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაფრთხილება: ხუბუტია (55)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაისამდე 3 თვეა. ყაზახეთთან ახალგაზრდებმა ითამაშონ.