ირლანდია-უელსსა და პრობლემებზე
- საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული შეხვედრა ჩაატარა და მიმაჩნია, რომ ორივეში ძალიან კარგად ითამაშა. ორივე განსხვავებულად ჩავატარეთ. ირლანდიას პირველ ტაიმში უფრო ვუტევდით, ხოლო უელსს - მეორეში. ეს ყველაფერი მეტოქის სიძლიერიდანაც გამომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხარისხი ვაჩვენეთ და ირლანდიასთან რამდენიმე რეალური მომენტი შეგვექმნა, სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ. ეს არა იღბლის, არამედ ფეხბურთელთა მოუმზადებლობის
ჩემი აქ მუშაობის დროს ნაკრებმა ყველაზე კარგი თამაში სწორედ უელსთან მეორე ტაიმში აჩვენა... ეს ახალგაზრდული გუნდია, ბევრი ფეხბურთელია 23-24 წლამდე, რომლებიც სწავლობენ და მომავალი წინ აქვთ.
მაგალითად, ანანიძე, ოქრიაშვილი, გვილია, კაკაბაძე და კვირკველია ერთ-ორ წელიწადში ბევრად უკეთესები და გამოცდილები იქნებიან და ნაკრებს ძალიან გამოადგებიან. მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით ეს ძნელია.
ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ყაზაიშვილი კარგი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ რამდენიმემ კლუბი გამოიცვალა და ისედაც, ნაწილს გუნდებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რაც ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა. კარგად მომზადებულები თუ ჩამოვლენ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
სტანდარტები და თავდამსხმელები
- შესაძლებლად თვლით, რომ გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე თამაში აჯობებს?- ასე "ბარსელონა" თამაშობს. არ ვთვლი, რომ თავდასხმაში ხარისხიანი ფეხბურთელები არ გვყავს. უბრალოდ, რეალიზაციის ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ. მჭედლიძე უელსთან 100 პროცენტით მზად რომ ყოფილიყო, იმ ბურთს აუცილებლად გაიტანდა. მეორე საკითხია, უკეთესი ფეხბურთელი გვყავს, ის რომ შევცვალოთ? კლუბში მცირე პრაქტიკის მიუხედავად, ოქრიაშვილმა ირლანდია-უელსთან ძალიან მაღალი დონის თამაში აჩვენა. იმედია, მომდევნო სამ თამაშში მოვახერხებთ მომენტების რეალიზებას და ქულების დაგროვებას.
- ამ სამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ გუნდს პრობლემები სტანდარტულებზე ექმნება...
- გეთანხმებით და სწორი კითხვაა, რადგან გოლები, უმთავრესად, სტანდარტულებიდან გავუშვით. საქმე ისაა, აქამდე გუნდი თავს პერსონალურად იცავდა, მე კი ზონური სისტემა მიყვარს და ტაქტიკა ამიტომაც შევცვალეთ. ფეხბურთელებს ავსტრიასა და უელსთან დავალებები სწორად რომ შეესრულებინათ, სხვა შედეგს მივიღებდით. არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ერთი ვინმეს ბრალია.
ფეხბურთი გუნდური თამაშია და თავი კოლექტიურად და აგრესიულად უნდა დავიცვათ. იმედია, ამ შეცდომებს მომავალში გამოვასწორებთ.
კანდიდატებსა და მოქალაქეობააღსადგენებზე
- შესაძლოა, რომ ნაკრებში გოგუა, გოგია და ჭანტურია გამოიძახოთ?- გიორგი ჭანტურიას რაც შეეხება, ავსტრიასთან მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ემოცია იყო და მოხდა ის, რის გამოც აღარ გამოვიძახე. საერთო მოთხოვნები ყველა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს - მე კი გუნდური თამაში მსურს. მაგრამ მისთვის ნაკრების კარი დახურული არ არის. გოგუას ვიცნობ და მხედველობაში გვყავს. გოგიაც ვნახე და ვიცი, რა დონის მოთამაშეა.
ალექსანდრე იაშვილი: - გოგიაც საინტერესო მოთამაშეა და გიორგი ჯიქიაც, რომელიც რუსეთში თამაშობს. ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭები არიან. მე ორივესთან მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ ორივეს სხვადასხვა პრობლემა აქვს. მაგრამ ითამაშებენ თუ არა საქართველოს ნაკრებში, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.
- ჯაბა ლიპარტიას შესახებ რას იტყოდით?
- ჩვენ მის თამაშს თვალს ვადევნებთ, კარგი ფეხბურთელია და უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურშიც ხვდება. ევროპის ლიგაზე მისი გუნდის შეხვედრას ხუთშაბათსაც ვუყურე. ჯაბა მოლდოვასთან გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება, ისევე, როგორც ქვილითაია, ლობჟანიძე, კანკავა და ჭანტურია. თუმცა, ლიპარტია ისეთ პოზიციაზე თამაშობს, სადაც დიდი კონკურენციაა. ამიტომ შეკრებაზე ვნახავთ და რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოებს ავირჩევთ.
- ოთარ კაკაბაძის თამაშს როგორ შეაფასებთ?
- დიდი ხნის განმავლობაში, ამ პოზიციაზე ძირითადში უჩა ლობჟანიძე თამაშობდა. ის დაშავებული იყო და შანსი კაკაბაძეს მივეცით. ვფიქრობ, მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა. რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერი ბიჭია და მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის მომავალია.
საერთოდ, გვილიამ და კაკაბაძემ თავდაჯერებულად ითამაშეს და აჩვენეს, რომ ნაკრებში ადგილს იმსახურებენ. მიხარია, რომ კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება - მაგალითად, აბურჯანია, რომელიც მალე მომჯობინდება, და ჭანტურია. სამწუხაროა, მათ პრაქტიკა არ ჰყოფნით.
- "ჩიხურა"-"სამტრედიის" მატჩს დაესწარით. რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?
- უკვე მეორედ ვიყავი საჩხერეში. ამჯერად უფრო მეტი ბრძოლა ვიხილეთ, ვიდრე - ხარისხი, რაც ცუდმა საფარმა განაპირობა. ვაკვირდებოდით მოთამაშეებს, უფრო - მცველებს. საერთოდ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების უმრავლესობა წინახაზელია. მაგრამ მცველებში გვიჭირს და დიდი არჩევანი არ გვაქვს.
რთული წარმოსადგენია, რას გავაკეთებთ, იგივე კვირკველია ან კაშია რომ არ გვყავდეს. შესაძლოა, ხოჭოლავა ან კიდევ სხვა მოთამაშე მოვსინჯოთ. მომეწონა "ჩიხურას" მარჯვენა მცველი - გრიგალაშვილი. ამ დღეებში კიდევ სამ თამაშს დავესწრები, მათ შორის, "დილა"-"ბათუმს".
ლეგიონერებთან ერთად, საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებიც გვაინტერესებს. დავაკვირდები თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებსაც, რომლებიც ბოლო დროს კარგ ფორმაში არ იყვნენ და გაფართოებულ შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვთ.
არც ისე იოლი მეტოქე
- მოლდოვას ნაკრებს როგორ შეაფასებდით?- მართალია, მოლდოვასთან ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იოლი მატჩი გველის - ფიფას რეიტინგშიც მასთან ახლოს ვართ. მიხარია, რომ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვექნება.
მოლდოვასთან სხვა ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ირლანდია-უელსთან და იმედია, საგოლე მომენტების რეალიზაციის მაჩვენებელს გავაუმჯობესებთ... ბუნებრივია, მოლდოვის ნაკრებს ვაკვირდებოდით.
დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად თამაშობენ. უელსთან 0:4 წააგეს, სერბებთან და ბოლოს ირლანდიასთანაც დამარცხდნენ და ბევრი გაუშვეს, თუმცა ეს უფრო ინდივიდუალური შეცდომების გამო მოხდა.
მაგალითად, მცველმა მეკარეს ბურთი ცუდად დაუგდო და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მეტოქე თბილისში აქცენტს კონტრშეტევაზე გააკეთებს. რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც რუსეთში თამაშობენ.
მინდა ვთქვა, რომ ყველა მეტოქეს პატივს ვცემ. ამ დონეზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შესარჩევ ციკლში ყვითელი ბარათი უკვე ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო და ამაზეც უნდა ვიფიქროთ...
სწორედ მოლდოვასა და სერბეთთან თამაშებით გაირკვევა, შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას. ვფიქრობ, ამის შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან. მჯერა, დიდ სიურპრიზებს მოვაწყობთ და ქულებს ბევრ გუნდს წავართმევთ.
კაპიტანი მოედანს დაუბრუნდა
ცალკე გამოვყოთ ნაკრების კაპიტნის თემა. პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ 12 ნოემბერს მოლდოვასთან თბილისური მატჩისთვის ჯაბა კანკავასაც გამოიძახებს."კანკავას ველაპარაკე. მან მითხრა, რომ გამოკეთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამან ძალიან გამახარა, რადგან ჯაბა ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც მოთამაშე და როგორც - პიროვნება. ახლა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. იმედია, მოლდოვასთან მატჩს მომზადებული შეხვდება და დარწმუნებული ვარ, ნაკრებსაც დაეხმარება", - ამბობს ვაისი.
შეგახსენებთ, რომ კანკავა ბოლოს სანაკრებო შეკრებაზე მაისში გამოიძახეს, მაგრამ მაშინ ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარა და მერე ვერც შესარჩევი ციკლის პირველ სამ შეხვედრაში ითამაშა. "რეიმსში" პირველად ამ უქმეებზე გამოჩნდა და "ლანსთან" სრული 90 წუთიც დაჰყო მოედანზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"