ვალერი ყაზაიშვილი: ფრანგული "ლიონის" ინტერესზე მეც სხვებისგან შევიტყვე...

AutoSharing Option
ვალერი ყაზაიშვილს არნემის "ვიტესში" არაერთგვაროვანი სადებიუტო სეზონი ჰქონდა. დუბლების ჩემპიონატში ჩატარებული ეფექტური თამაშების შემდეგ 2011 წლის დეკემბერში სტუმრად "ტვენტესთან" ძირითად შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი.

პირველი წრის ბოლო ტურში "ვაალვიკთან" კი 18 წლის ქართველმა ერედივიზიეში პირველი გოლი გაიტანა. თანაც იმდენად ეფექტური, რომ არნემელმა გულშემატკივრებმა დეკემბერში გუნდის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

ამის შემდეგ, გერმანულმა ინტერნეტპორტალმა "ტრანსფერმარკტმა" ქართველი ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 175 ათას ევროდან 600 ათას ევრომდე გაიზარდა.

მაშინ "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი იონ ვან დენ ბრომი ახალგაზრდა ნახევარმცველს ენდობოდა - ყაზაიშვილმა 4 მატჩში 1
გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილს მეორე წრეში აღარ უთამაშია, მაგრამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ნაცვენებმა თამაშმა დაგვაიმედა, რომ მომავალ სეზონში "ვიტესში" უფრო დაასაქმებენ.

ყაზაიშვილმა მაღალ დონეზე ჩაატარა პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირი, სადაც 4 გოლით ბომბარდირი გახდა და ევროპული გრანდების ვარსკვლავთბიჭუნები უკან ჩამოიტოვა.

ამას უფრო მეტი აღიარებაც მოჰყვა: ხორვატიაში, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებამდე გავრცელდა ცნობა, თითქოს "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველით ფრანგული გრანდი "ლიონი" დაინტერესდა.

"ეს ამბავი მეც სხვებისგან შევიტყვე. შესაძლოა, ინტერესი არსებობდა, მაგრამ პირდად არავინ დამლაპარაკებია და აქედან ვასკვნი, რომ ეს რეალური წინადადება არ იყო ან ჩემთვის უცნობი სხვა მიზეზის გამო არ დამლაპარაკებიან - ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ივნისის ბოლოს ჰოლანდიაში დავბრუნდები, ახალი სეზონისთვის "ვიტესში" მოვემზადები და კლუბში დავრჩები",
- ამბობს ყაზაიშვილი.

არნემელთა მოთამაშე ერედივიზიეში სადებიუტო სეზონს იხსენებს:

"რა თქმა უნდა, თავიდან გამიჭირდა. ჯერ იმიტომ, რომ სხვა ხალხია, სხვა წესები და ურთიერთობებია. მეორეც იმიტომ, რომ რეალურად საქართველოში მხოლოდ დუბლების დონეზე ვთამაშობდი, რუსთავის "ოლიმპში" ჩატარებულ რამდენიმე მატჩს თუ არ ჩავთვლით.

"ვიტესის" დუბლებიდან ძირითადში გადასულმა პირველი მატჩი "ტვენტესთან" ჩავატარე. სტადიონი სავსე იყო და თავიდან ძალიან ვინერვიულე. მაგრამ მერე თამაში წამივიდა და იმედია, მომდევნო სეზონში თავის გამოჩენის მეტი საშუალება მექნება.

სხვათა შორის, ჰოლანდიელებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა და აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი აღმოჩნდა. შესაძლოა, ქუჩაში უცნობი ადამიანი გულიანად და თბილად მოგესალმოს, ყველა ღიმილითა და სიყვარულით გიყურებს. ხალხის მიმართ დიდი პატივისცემა გამიჩნდა და თავს კარგად ვგრძნობ".

"ვიტესის" ნახევარმცველს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შესახებაც ველაპარაკეთ. ვასილ მაისურაძის 17-წლამდელებისგან შეგულიანებულები ვიმედოვნებდით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას ეს გუნდიც მოახერხებდა, მაგრამ ხორვატიასთან მარცხმა გუნდი მეორე ადგილზე და ჯგუფში ჩატოვა:

"ვფიქრობ, ხორვატიასთან იმიტომ წავაგეთ, რომ ბოსნიასთან მოგების შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთ. მეორე მიზეზი ისაა, რომ ბალკანელებმა კარგად გაგვშიფრეს და ვერაფერი მოვუხერხეთ.

ფლანგებზე მე და გიორგი ჭანტურია ბურთს რომ მივიღებდით, უცებ სამი ხორვატის გარემოცვაში ვხვდებოდით და თამაში არ წაგვივიდა.

საერთო ჯამში გუნდი ურიგოდ არ გამოსულა, მეორე ადგილი ცუდი შედეგი არაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავედით და გული ძალიან დაგვწყდა".


ვალერი ყაზაიშვილი: ლიონი? სერიოზული არაფერია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ვაკო ყაზაიშვილი ნაწყენია: "ვერ ვხვდები, ვან დენ ბრომი რატომ აღარ მათამაშებს"

საქართველო-ავსტრია 2:1 - ევროფინალს გამარჯვებით დავემშვიდობეთ

ჰოლანდიელებმა ვაკო ყაზაიშვილის გოლი აღიარეს [+VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული