თავდასხმიდან დაცვაში - ოთარ კაკაბაძე რუბრიკაში "ახლო ხედით"

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ფეხბურთი უმძიმეს დღეშია, მას მომავალი აქვს. ჩვენში მრავლად არიან ბევრისშემძლე ნიჭიერი ბიჭები, სულ მალე ეროვნული ნაკრების კარს რომ შეაღებენ. რაც მთავარია, მათ პატარაობიდანვე მოსდევთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, ეს კი ერთობ მნიშვნელოვანია.

თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ის იყო საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მისთვის უცხო არც დიდ ტურნირებზე წარმატებით გარჯაა.

ოთარი ერთ-ერთი საუკეთესო ოყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სან მარინოსთან მოგებულ შეხვედრაში. მის გადაბირებას კვიპროსული "ანორთოსისი" ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ კაკაბაძემ
"დინამოში" დარჩენა არჩია.

ვფიქრობთ, მოვიდა დრო, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე...

- ოთარ, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში?
- ეს იყო ბუბა ტყავაძის საფეხბურთო სკოლა "იმედში". ჩემი პირველი მწვრთნელი კახა გოგოლაძე გახლდათ. ჩვენი გუნდი ჭაბუკთა ლიგაში გამოდიოდა "დინამოს" სახელით. მერე იყო შერჩევები და დაგვტოვეს "დინამოში". ცოტა ხანს ჩვენთან ისევ კახა გოგოლაძემ იმუშავა.

- ვიცით, რომ ფეხბურთელად თქვენს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი ვასილ მაისურაძეს მიუძღვის...
- ასეა. ნაკრებში იქნებოდა თუ დუბლებში, ეს სპეციალისტი ყოველთვის ხედავდა ჩემში პერსპექტივას, ბოლომდე მენდობოდა. ეს კი არა - რომ არა მაისურაძე, დღეს მარჯვენა მცველიც კი არ ვიქნებოდი.

- ბავშვობაში მარჯვენა მცველად არ თამაშობდით?
- არა, ფლანგის შემტევი ვიყავი. ხან მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი, ხან - მარცხენაზე. ვასილ მაისურაძემ დამწია დაცვის მარჯვენა ფლანგზე და მას შემდეგ ეს არის ჩემი ოპტიმალური სათამაშო პოზიცია.

- არ გაგიჭირდათ ახალ სათამაშო ამპლუასთან შეგუება?
- საერთოდ არ გამჭირვებია. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა.

- შეტევაში ხშირად ერთვებით. ეს ბავშვობის კვალია?
- შეიძლება ასეც ითქვას. მართლაც ძალიან მიყვარს შეტევა და ეს თანამედროვე მარჯვენა მცველის პირდაპირი მოვალეობაა.

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები "დინამოს" ძირითად გუნდში?
- უმცროსი დუშან უჰრინის დროს ვვარჯიშობდი ძირითად გუნდში. მერე მოვიდა მალხაზ ჟვანია, ვინც შანსი მომცა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ დავმკვიდრდი.

- სიტუაცია შეიცვალა კახა გოგიჩაიშვილის მოსვლის შემდეგ...
- ძირითადის ფეხბურთელი გავხდი. გოგიჩაიშვილი და სულიკო დავითაშვილი ბოლომდე მენდნენ.

- არაერთ დიდ ტურნირზე ითამაშეთ, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარეთ... რომელ მატჩს გამოარჩევდით თქვენი კარიერიდან?
- 17-წლამდელთა ნაკრებში უკრაინასთან მატჩს. ელიტრაუნდის იმ შეხვედრის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. გამოსარჩევია ისლანდიასთან შეხვედრაც, რომლის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით.

- ალბათ, იმ ნახევარფინალის გახსენებაც არ გინდათ...
- ნამდვილად არ მინდა. ასეთი მსაჯობა მე ჯერ არ მინახავს.

- ისევ "დინამოზე" გკითხავთ. გია გეგუჩაძესთან მუშაობა უკვე მოასწარით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მას ძალიან უყვარს დისციპლინა. გასაგებად ხსნის ყველაფერს. არ გვზღუდავს მინდორზე და ითხოვს შემტევ, ლაღ ფეხბურთს.

- ცოტა ხნის წინათ, კინაღამ "ანორთოსისში" აღმოჩნდით...
- ზუსტად გეტყვით, რა და როგორ იყო. კვიპროსულმა კლუბმა კონტრაქტი გამომიგზავნა. მე არ მომეწონა ეს ხელშეკრულება და ჩემი ვარიანტი გავუგზავნე მათ...

მოკლედ, არ შედგა შეთანხმება და, სულ მცირე, ერთი წლით დავრჩი "დინამოში".

- როგორ ფიქრობთ, რა გაქანების გუნდი იქნება "დინამო" ევროპა ლიგაზე?
- დიდი იმედი მაქვს, წარმატებით ვითამაშებთ. დაველოდოთ 22 ივნისს, წილისყრას...

- მივადექით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩს სან მარინოსთან...
- ვიცოდით მათი სტილი. ვიცოდით, რომ მთელი გუნდით უკან დადგებოდნენ. სამი ბურთით ვუგებდით და წინ მაინც არ "ამოდიოდნენ". მიზნად სწრაფი გოლი დავისახეთ. ცოტა დაგვიანდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მაინც გავიტანეთ. მერე საჩვენოდ წავიდა თამაში.

- დღეს საქართველოს ნაკრებში ორი განსაკუთრებულად პრობლემატური პოზიციაა - ცენტრფორვარდი და მარჯვენა მცველი. ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურას მოირგებთ...
- ბევრისგან მესმის, რომ შეიძლება საქართველოს ნაკრებს გამოვადგე. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში თამაშზე მეტი რა უნდა ინატროს?!

- რომელ გუნდს და ნაკრებს გულშემატკივრობთ?
- ესპანეთს და "ბარსელონას". ბავშვობიდან მათი ქომაგი ვარ. ძალიან გავიხარე, "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო.

- გამორჩეულად თუ მოგწონთ რომელიმე ფეხბურთელის თამაში?
- მარჯვენა მცველებიდან დანი ალვეში მომწონს ყველაზე მეტად. ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელი კი ლეო მესია.

- ქართველებიდან?
- კახა კალაძე უნდა გამოვარჩიო. თამაშით და მიღწევებით ის ლეგენდაა.

- რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო დიდი ფეხბურთი. ჩემთვის ეს ნიშნავს, ვითამაშო ევროპულ გრანდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული