ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ

AutoSharing Option
თემა, რომელიც, შესაძლოა, ფეხბურთს დაუკავშირდეს: 6 ივნისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის სივრცითი მოწყობაა, რაც ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს. დღეს კი მთავრობის სხდომაზე ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიის პროექტი გავიტანეთ...

გათვალისწინებულია ამ სანაპირო ზოლის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და მაღალი საკურორტო პოტენციალი, მოხერხებული სატრანსპორტო კავშირები, რაც იქ უზრუნველყოფს საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნას. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ამ საკურორტო ზოლის ფუნქციონირება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი", -
აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თურქულ-კვიპროსული მოდელები
ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, გათვალისწინებულია თუ არა ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საერთოდაც, ამ კუთხით საქართველოში განსაკუთრებულ გეგმებს არ ვიცნობთ, რაც ჩვენი ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის პირობებში გაუგებარია. საკურორტო ინფრასტრუქტურის მხოლოდ გარუჯვის მოყვარულებსა და თხილამურების მოყვარულებზე გათვლა მოძველებული მეთოდია. თანამედროვე მარკეტინგული კვლევებითა და ახალ-ახალი სერვისების შეთავაზებით, მნიშვნელოვანი ძვრებია შესაძლებელი.

საინტერესო ფაქტია - ფეხბურთი თურქეთსა და კვიპროსში ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ ფეხზე მხოლოდ მასთან დაკავშირებული საკურორტო ბიზნესის განვითარების შემდეგ დადგა. ცხადია, იყო სხვა ხელშემწყობი პროცესებიც, მაგრამ ამანაც დიდი როლი ითამაშა.

ორივე ქვეყანაში განავითარეს საკურორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საფეხბურთო კლუბების მიღებასა და მომზადებაზე იყო გათვლილი. ამის გამო, ზამთარ-ზაფხულ თურქეთისა და კვიპროსის სანაპიროს ევროპის წამყვანი ქვეყნების გუნდები სტუმრობენ. ამგვარად, ორივე სახელმწიფომ განვითარებული საკურორტო ბიზნესიდან უზარმაზარი შემოსავლები დაიბევა და პლუს ამას, გუნდებმა დონე აიმაღლეს.

განსაკუთრებით საინტერესოა პატარა კვიპროსის მაგალითი. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდა წინ და იმდენს მიაღწია, რომ მისი გუნდები ბოლო წლებში ხშირად ხვდებიან ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე.

რა ხდება საქართველოში?
ამ კუთხით საქართველოში პრობლემებია. ბათუმსა და ქობულეთში მხოლოდ ერთი სტადიონი დარჩა და მზარდი საკურორტო ინდუსტრიის მიუხედავად, საფეხბურთო კლუბების დაბინავებისა და მომზადების პირობები არ არის.
აჭარის გარდა, გურიასა და სამეგრელოს სანაპიროებზე სასტუმროებში კი არა, თითქმის არსად არის მოედნები. მაღალმთიან კურორტზე კი სერიოზული დონის მოსამზადებელ ცენტრებსა და რამდენიმე მოედანს ვინ ჩივის, სტადიონები ტელევიზორებიდან თუ ახსოვს ხალხს.

გამონაკლისი ბორჯომია, მაგრამ იქაც მხოლოდ ერთი სტადიონია, თანაც - მოძველებული ხელოვნური მოედნით. არადა, მთიანი ქვეყანა ვართ და ისეთი რესურსი გვაქვს, ბევრი ქვეყანა ინატრებდა. ბაკურიანი, ბახმარო, სურამი, ბეშუმი, შოვი, ლიჩი... უნიკალური კურორტებია, სადაც ზაფხულში მშვენიერი კლიმატია და ნორმალური ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის გუნდების მიღებას ვერ ავუვალთ.

საქართველოსთვის კვიპროსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. კუნძულელებმა და თურქებმა ყველაზე უკეთ გაიგეს დროის სუნთქვა და საბჭოთა კავშირის დაშლითა და შავი ზღვის სანაპიროს (მათ შორის, ქართული) საფეხბურთო ცენტრების მოშლით ისარგებლეს. ამიტომ, ბოლო წლებში, პოსტსაბჭოური ქვეყნების გუნდებს სწორედ ისინი მასპინძლობდნენ.

მაგრამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დაძაბვისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს თეორიული შანსი უჩნდება, მოსამზადებელი ქვეყნის სტატუსი ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს და იმ უკრაინული და რუსული გუნდების მცირე ნაწილი მაინც მოიზიდოს, რომლებიც ყირიმსა და თურქეთში ემზადებოდნენ.

ფრანგების პროექტი
სწორედ ამ თემას ეხება სიახლე, რომელიც ცხინვალის "ლიახვის" დამრიგებელმა მალხაზ ჟვანიამ გაგვიმხილა. თურმე, მცირე ხნის წინ საქართველოში ფრანგი ინვესტორები გამოჩნდნენ, რომლებიც ბაკურიანსა და გურიის ზღვისპირა ზოლში ფულის დაბანდებასა და ამით საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობას აპირებდნენ.

"ეს ჩანაფიქრი "ლიახვთან" არავითარ კავშირში არის. ჩემს მეგობრებს საინვენსტიციო კომპანია აქვთ. მათ ფრანგები დაუკავშირდნენ და ბაკურიანსა და გურიის ზღვისპირა ზოლში საკურორტო და სპორტული ბიზნესის გაერთიანების პროექტი შესთავაზეს. როგორც მე ვიცი, ეს ხალხი მთელ მსოფლიოში "ჰილტონის" სასტუმროების ქსელს აშენებს.

ჩანაფიქრი ასეთია - ააშენებენ სასტუმროს, მის ტერიტორიაზე საფეხბურთო კომპლექსი გათავსდება, სადაც გუნდები ზამთარ-ზაფხულ მოსამზადებელ შეკრებებს გაივლიან. ამ კუთხით, განსაკუთრებულად საინტერესოდ ბაკურიანის ვარიანტი ეჩვენათ და ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაში, რამდენიმე მილიონის ინვესტირებას აპირებდნენ. ლაპარაკი იყო სასტუმროს გარშემო 4-5 მოედნის მოწყობაზე.

ურეკზე ასეთი კონკრეტიკა არ არსებობდა. ეს მოლაპარაკებები ახლა დროებით შეჩერებულია", - ამბობს ჟვანია.

ის დარწმუნებულია, რომ ამ იდეის განხორციელება უნდა აწყობდეს სახელმწიფოს და, აქედან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციასაც:

"ამ პრობლემაზე გუნდებში მუშაობის დროს დავფიქრდი. საქართველოს საკურორტო ზონებში მაღალი დონის გუნდების მოსამზადებლად პირობები არის და ამ რესურსის აუთვისებლობა ქვეყანასა და ჩვენს ფეხბურთს ძალიან ვნებს. ამ პროექტის განხორციელება კი რეგიონების გამოცოცხლებასაც შეუწყობს ხელს, მათ საერთაშორისო მნიშვნელობასაც გაზრდის და ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი სახსრები გაჩნდება.

გარდა ამისა, ზამთრის კურორტები ზაფხულის მოსამზადებელი ცენტრის ფუნქციასაც შეიძენენ. ეს კი ჩვენს გუნდებსაც წაადგებათ, რადგან უცხოელების თამაშებისა და ვარჯიშების ნახვით ადგილობრივი ბავშვებიც გაიზრდებიან, გუნდებს კი სპარინგ-პარტნიორების არჩევის მეტი შანსი მიეცემათ. ამიტომ, სახელმწიფომ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს. საქართველოს აქვს შანსი, რეგიონული მნიშვნელობის მოსამზადებელი ქვეყნის სტატუსი დაიბრუნოს".

როგორც შევიტყვეთ, უფრო დიდი ჩანაფიქრია აჭარაშიც, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის გრანდიოზული პროექტი მზადდება: 30-მოედნიანი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც თურქეთის როლის ნაწილობრივი ჩანაცვლების იდეით საზრდოობს.
ამასთანავე, ანგისას ბაზაც, ბათუმის "დინამოს" გარდა, უცხოელების მომსახურებაზეა გათვლილი. მაგრამ მშენებლობა კუს ნაბიჯით მიდის და უკეთესი იქნება, თუ დააჩქარებენ.

სხვათა შორის, ეს 30-მოედნიანი კომპლექსი კერძო ინვესტორის პროექტია და აქედან გამომდინარე, ნებართვის შემთხვევაში, ტემპზე პრეტენზია არ გაჩნდება.

მინიმალური გათვლებითაც კი, ფეხბურთთან დაკავშირებული საკურორტო ბიზნესი ბიუჯეტს აუცილებლად გაამდიდრებს. დაფიქრება არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და ჩვენი ფეხბურთის ინტერესშია, სასურველი მომენტი კი ჩვენც უნდა შევიგრძნოთ - ქვეყნები მხოლოდ ნავთობით, გაზითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით არ მდიდრდებიან, საამისოდ სხვა გზებიც არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სახელმწიფომაც უნდა გააკეთოს და კერძო ინვესტორმაც უცხოელი იქნება თუ ქართველი ამას მნიშვნელობა არ აქვს.საქართველოს ყველა ბუნებრივი რესურსი უნდა იყოს გამოყენებული, თურქეთზე ნაკლები ბუნება არ გვაქვს თუ უკეთესი არა.
bebeto
11:43 12-06-2016
0
ივინაიშვილის ფუნქცია ისაა, რომ რაც შეიძლება მეტად გაასხვისონ საქართველო. ჩვენ ქვეყანას ისეთი მძიმე დრო უდგას, რომლის მსგავსიც დიდი თურქობის დროს არ ყოფილა!
-ღმერთო მაღალო ჩენ დაიფარე ჩემი სამშობლო!
Shoda
01:51 12-06-2016
0

სიახლეები პოპულარული