[მეტოქე] გიუმრის "შირაქი": ბირთვიც ადგილზეა და მეტიც...

AutoSharing Option
სომხური "შირაქი" გამალებით ემზადება გორის "დილასთან" სათამაშოდ. როგორც იცით, ამ გუნდებს შორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გაუქმდა და ეს ბუნებრივიცაა - არავის უნდა, ნაადრევად გახსნას კოზირები...

სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია

ახლა ვნახოთ, რა ხდება "შირაქის" ბანაკში. მით უმეტეს, სიახლეები არის და არცთუ უმნიშვნელო. მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით...

შირაქი ძლიერდება
თუ გორის "დილა" ევროპალიგის სტარტამდე ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა, იმავეს ვერ ვიტყვით "შირაქზე" - პირიქით, გიუმრის გუნდმა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

ეს
კი არა, "შირაქმა" ერევნის "პიუნიკიდან" დაიმატა სომხეთის ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე ანატოლი აივაზოვი. სომხური ფეხბურთის ექსპერტები მას ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ გოლკიპერად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, გუნდმა კონტრაქტი გაუფორმა "პიუნიკის" ექსშემტევს, გუკას პოღოსიანს. სულ ცოტა ხნის წინ კი კლუბის ხელმძღვანელობამ ერთ საშურ საქმესაც მოაბა თავი - კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა სერბ შემტევ ნახევარმცველს, ნემანია სტოშკოვიჩს. ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. სტოშკოვიჩი "შირაქში" 2016 წლის თებერვალში მივიდა, 9 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და რამდენჯერმე პარტნიორებსაც გაატანინა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და სერბს შორის კონტრაქტი დასრულდა, "შირაქის" ხელმძღვანელობამ სთხოვა მას, გუნდს ევროთასებზე დახმარებოდა. სტოშკოვიჩმა თანხმობა თქვა და გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც მაშინვე შეწყდება, როგორც კი გუნდი ევროთასებს დაემშვიდობება.

სხვათა შორის, თუ "შირაქს" ასეთი პირობით ერთი ფეხბურთელი ჰყავს, "დილაში" ასეთი კონტრაქტი არაერთ მოთამაშეს აკავშირებს გუნდთან და ისინი თავიანთ გზას მაშინვე იპოვიან, როცა გუნდი ევროთასებს დაემშვიდობება.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე გუნდში აღარ ჩანან ამერიკელ-მექსიკელები, მცველი ედგარ ესპინოსა და მისი სეხნია ფორვარდი არეოლა. ყოველ შემთხვევაში, "შირაქი" ევროთასებისთვის მათ გარეშე ემზადება.

სამზადისი გორისთვის
ევროპალიგისთვის სამზადისი "შირაქმა" 3 ივნისს, ჰაკავანის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო, რის შემდეგაც მშობლიურ გიუმრიში დაბრუნდა და დღესაც იქ ემზადება. "დილასთან" შეხვედრისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარდან ბიჩაკჩიანის განკარგულებაში ეს ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ნოიარ აბრაჰამიანი, ანატოლი აივაზოვი, სოკრატ ჰოვანესიანი;
მცველები: არმან ჰოვანესიანი, არტიომ მიქაელიანი, არმან თადევოსიანი, გევორქ ჰოვანესიანი, რობერტ დარბინიანი, აგვან დავოიანი;
ნახევარმცველები: რუმიან ჰოვსეპიანი, დავით ჰაკობიანი, ედვარდ პანოსიანი, კარენ ალექსანიანი, არმან ასლანიანი, სოლომონ უდო, მოჰამედ კაბა, ნემანია სტოშკოვიჩი, გუკას პოღოსიანი;
თავდამსხმელები: ოდიონ კონანი, დრისა დიარასუბა, ვულენ აივაზიანი, არამ მურადიანი, ვაჰან ბიჩაკჩიანი.

ლიდერი
"შირაქში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ სომხური პრესა გუნდის გამოკვეთილ ლიდერად გამოცდილ ნახევარმცველს, 36 წლის კაპიტანს, კარენ ალექსანიანს მოიხსენიებს.

მისი კარიერა 1997 წელს სწორედ "შირაქში" დაიწყო და მას მერე არაერთი გუნდი გამოიცვალა. ადგილობრივი კლუბების გარდა, თამაშობდა კიშინიოვის "ზიმბრუსა" და ბელორუსის "ჟოდინოში".

2002-08 წლებში მას სისტემატურად იწვევდნენ სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. სომეხი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ ალექსანიანია გუნდის "ტვინი"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სვანი მარტლა სვანიხარ იმასაც ვერ იგებ კკკ რატო დაწერა ეს კომენტარი
0
კკკ-ს გაგრძელება:უეფას თასი ჩვენია გილოცავთ წინასწაარ, ნახვამდის და მანამდე არაფერი გეტკინოთ
svani
17:32 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული