ასოციაციის თასი. ფინალი: ლამაზი აკორდი ორმაგი რეკორდით... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალი" ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელია. მიუხედავად არნახული (და დიდწილად, დამსახურებული) კრიტიკისა, არსენ ვენგერის "მეთოფეებს" ბოლო აკორდი მაინც ლამაზი გამოუვიდათ. ეს ის ტურნირია, რომელსაც ინგლისში დიდ პატივს სცემენ და ცალი ფეხით პენსიაზე მიმავალ ვენგერს ამას უთუოდ აქტივში ჩაუთვლიან...

ცხადია, მისი შანსი, რომ დარჩეს "არსენალის" მწვრთნელად, ახლა უფრო დიდია. როგორც ითქვა, ამ საგას მიმდინარე კვირაში უნდა დაესვას წერტილი. წესით, ამდენი ლანძღვა-გინების, პროტესტისა თუ დემარშის შემდეგ ვენგერს გამარჯვებულად წასვლა უნდა ერჩივნოს...

რაც შეეხება უშუალოდ ფინალს, "არსენალი", რომელსაც დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა,
მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და უფრო მოტივირებულიც ჩანდა.

როგორც წინასამატჩო წერილში ვთქვით, ანტონიო კონტეს მთავარი საზრუნავი სწორედ ფეხბურთელების მოტივირება უნდა ყოფილიყო საჩემპიონო ტრიუმფის შემდეგ. ჩანს, კონტემ ეს ბოლომდე ვერ შეძლო, განსხვავებით ვენგერისგან, რომლის შეგირდებსაც ტიტულების შიმშილი უფრო მეტად ეტყობოდათ...

ანგარიში საკამათო ვითარებაში გაიხსნა - საჯარიმოში შეჭრილმა ალექსის სანჩესმა (30 გოლი და 15 საგოლე პასი სეზონის 51 მატჩში) აშკარად ხელი შეაშველა ბურთს და ასე აღმოჩნდა ტიბო კურტუას პირისპირ. ჩილელმა შეაგდო, "ჩელსიმ" გააპროტესტა, არბიტრი ენტონი ტეილორი კი გაიქცა ლაინსმენისკენ, რომელმაც აარონ რემზიზე თამაშგარე დააფიქსირა და სანამ სანჩესს გაჰქონდა, ის ამ დროს ალამს აფრიალებდა...

საბოლოო ჯამში რა მოხდა? მოხდა ის, რომ აღარც ხელით თამაში "დაუნახავს" ვინმეს, აღარც - თამაშგარე. ასე დაწინაურდა "არსენალი".

ცხადია, მერე უპირატესობა "ჩელსის" ხელში გადავიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "არსენალი" გამოუვალ წნეხში იყო. ვენგერის ბიჭებიც "ჩხვლეტდნენ" მეტოქეს, მაგრამ 76-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა, როცა დიეგო კოშტა კარგად გაისარჯა საჯარიმოში და დავიდ ოსპინას ახლო კუთხეში რიკოშეტით გაუტანა. "ჩელსიმ" ეს რიცხობრივ უმცირესობაში მოახერხა - გოლამდე ცოტა ხნით ადრე ორი ყვითელი ბარათის გამო თამაშს ვიქტორ მოზესი გამოეთიშა...

"ლურჯებს" იმედი გაუჩნდათ, რომ პირველად 2010 წლის შემდეგ, დუბლს გამოჰკრავდნენ ხელს, მაგრამ ამ იმედმა მხოლოდ 3 წუთს გაძლო - ოლივიე ჟირუს პასით რემზიმ თავური დაჰკრა და ისევე, როგორც 2014 წლის ფინალში ("ჰალთან), ახლაც გამარჯვება მოუტანა "არსენალს".

ეს არის ლონდონელ "მეთოფეთა" მე-13 გამარჯვება ასოციაციის თასზე, რაც რეკორდული მიღწევაა. ხოლო ის, რომ "არსენალის" მწვრთნელის რანგში ვენგერმა მეშვიდედ აიტაცა ეს საპატიო ჯილდო, უკვე პერსონალური რეკორდია თავად 67 წლის სპეციალისტისთვის. აი, რა თქვა მან ფინალის შემდეგ:

"შესანიშნავად ვითამაშეთ პირველივე წუთებიდან. არადა, ამ გუნდმა ბევრი ტკივილი ნახა და ბევრიც შეურაცხყოფა მოისმინა მთელი სეზონის განმავლობაში. თუმცა თქვენ ნახეთ ბიჭების პასუხი - ისინი გაერთიანდნენ და გაიმარჯვეს. მათ დღეს ნამდვილი სპექტაკლი დადგეს... მე კი ამაყი ვარ, რომ 7-ჯერ მოვიგე ასოციაციის თასი; ამაყი ვარ იმითიც, რომ ერთ დროს დაუმარცხებლადაც გავიმარჯვეთ პრემიერლიგაშიც. რაც შეეხება ჩემს მომავალს კლუბში, სამშაბათს შევხვდები ხელმძღვანელობას და ერთ-ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა".

რაღაც ლონდონური კარიერის შეჯამებასავით გამოუვიდა მოსიე არსენს... მისი ვიზავის რეაქცია კი ასეთი იყო:

"მე ვფიქრობ, პირველი გოლი ძალიან უცნაური იყო... თუმცა ამაში იქნებ ლოგიკაც დავინახოთ იმის ფონზე, რაც პირველ 25 წუთში ხდებოდა, როცა ჩვენ თითქმის არაფერი გამოგვდიოდა... მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ბევრად უკეთ ავთამაშდით, მაგრამ გადამწყვეტი იყო გაძევება, იმიტომ, რომ ვიქტორ მოზესი ძალიან კარგად თამაშობდა მანამდე და წითელმა ბარათმა ისე აგვიწეწა საქმეები, დიეგო კოშტას გოლის შემდეგაც ვერ დავლაგდით... საერთო ჯამში, ბრწყინვალე სეზონი გვქონდა, მოვიგეთ პრემიერლიგა, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ახლა მთავარია, როგორ მოვახერხებთ გადატვირთვას და საქმის თავიდან დაწყებას".

არსენალი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 სანჩესი (4), 1:1 დიეგო კოშტა (76), 2:1 რემზი (79)
არსენალი (3-4-2-1): ოსპინა - ჰოლდინგი, მერტეზაკერი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. კოკელენი), ჯაკა - იოზილი, სანჩესი (90+3. ელნენი) - უელბეკი (78. ჟირუ).
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი (61. ფაბრეგასი), ალონსო - აზარი, პედრო (72. ვილიანი), დიეგო კოშტა (88. ბატშუაი).
გაძევება: მოზესი (68. ჩელსი)
მაყურებელი: 89 472 (უემბლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული