"ჩელსი": ბეგოვიჩს არეოლა შეცვლის, ბატშუაი და აკე იჯარით წავლენ

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მიში ბატშუაი და ლონდონის "ჩელსი" იმაზე შეთანხმდებიან, რომ 23 წლის თავდამსხმელი "სტემფორდ ბრიჯს" იჯარით დატოვებს. იგი "ლურჯების" საკუთრებაში დარჩება, მაგრამ სადმე გაანათხოვრებენ, მაგალითად, თანაქალაქელ "ვესტ ჰემ იუნაიტედში". ბელგიელს სათამაშო დრო სჭირდება და "ჩაქუჩები", რომლებიც დიდი ხანია ფორვარდს ეძებენ, ამის გარანტიას მისცემენ.

სლავენ ბილიჩს ერთი სული აქვს, რომ ამ ტრანსფერს ხორცი შეესხას, ხორვატი ბატშუაისადმი სიმპათიას არც მალავდა.

უნდა გადაწყდეს ნათან აკეს საკითხიც. იგი იჯარით "ბორნმუთში" ბურთაობდა, ზამთარში კი "ჩელსიმ" უკან გამოიხმო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე "გაახმო" და 22 წლის ფეხბურთელი
ამით ბედნიერი არ არის. სავარაუდოდ, მასაც გაანათხოვრებენ, რადგან გასაყიდად აკე "ჩელსის" არ ემეტება.

"ბორნმუთში" გაშვებული ასმირ ბეგოვიჩის ნაცვლად კი ანტონიო კონტეს ალფონს არეოლას მიყვანა სდომებია. 24 წლის არეოლა ძალიან კარგი და ნიჭიერი მეკარეა, ბოლო წლებში პროგრესი აქვს. იგი "პარი სენ-ჟერმენიდან" ჯერ "ლანსსა" და "ბასტიაში" გახლდათ განათხოვრებული, მერე კი "ვილიარეალში" თამაშობდა, სადაც მშვენიერი სეზონიც ჰქონდა, ხოლო პსჟ-ში დაბრუნებული მაინც სათადარიგო გახდა. ალფონსებს მუქთა ცხოვრება კი უყვართ, მაგრამ არეოლა სხვანაირი ალფონსია და შესაძლოა, "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლისგან თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავოს, რომ უქმად ყოფნა არ სურდეს, თუ, რა თქმა უნდა, "ლურჯები" ტიბო კურტუას გაშვებასაც არ აპირებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული