გაიცანით, ასეთია ჩინური "მილანი"

AutoSharing Option
როგორც სილვიო ბერლუსკონი ამბობს, საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტებს შორის ის ყველაზე წარმატებულია, რადგან ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული.

ამის გადამოწმება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ნაკლებად საინტერესოა - დიახ, ბერლუსკონიმ ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი გვარი საფეხბურთო კლუბ "მილანის" ისტორიაში, რადგან 31 წლის განმავლობაში გუნდს უამრავი ტიტული მოაგებინა და მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული გრანდის სტატუსი განუმტკიცა.

სილვიო ბერლუსკონისთვის "მილანი" ნამდვილად არ იყო ბიზნესი - როგორც თვითონ ამბობს, ის მისი დიდი სიყვარულია და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ...

გაჭიანურებული საგა
სილვიო ბერლუსკონი აღარ არის
"მილანის" მფლობელი და პრეზიდენტი. მოსახდენი მოხდა, თუმცა პროცესი უსაშველოდ გაიწელა. ბერლუსკონი კლუბის გაყიდვას ჯერ კიდევ 2015 წელს გეგმავდა, პოტენციურ მყიდველად კი ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი გამოჩნდა.

მხარეები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მოულოდნელად, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - ტეჩაუბოლი ბევრს საუბრობდა კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნებაზე, კარლო ანჩელოტის დანიშვნასა და მარკო ვერატის გადაბირებაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ბიზნესმენს საჭირო ოდენობის თანხა არ აღმოაჩნდა და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

მალევე გაჩნდა ცნობები, რომ სილვიო ბერლუსკონიმ მოლაპარაკება დაიწყო ჩინურ კონსორციუმთან, რომელშიც უფრო სანდო პარტნიორი დაინახა და შესაბამისად, ტეჩაუბოლთან შეთანხმება საბოლოოდ გამოირიცხა. ჩინელებთან მოლაპარაკებები თითქმის ორი წელი გაიწელა და კონტრაქტზე ხელის მოწერა რამდენჯერმე გადაიდო. გაჩნდა განცდა, რომ ამჯერადაც ცრუ მოლოდინთან გვქონდა საქმე და კლუბი ისევ ბერლუსკონის დარჩებოდა, თუმცა მილანურ დერბიმდე სამი დღით ადრე, 12 აპრილს ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, "მილანი" კი ჩინური კონსორციუმის ხელში გადავიდა.

Rossoneri Sport Investment Lux
მთელი ორი წლის განმავლობაში, სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩინურ კონსორციუმთან, რომელიც Sino-Europe Sport-ის სახელით იყო ცნობილი, თუმცა მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში აზიელებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, კონსორციუმს რამდენიმე კომპანია გამოაკლდა და "ფინინვესტმაც" ვეღარ მიიღო დაპირებული 740 მილიონი ევრო.

მოლაპარაკება ჩიხში შედიოდა, როდესაც კონსორციუმმა ლი იუნჰუნის მეთაურობით ახალი პარტნიორები მოძებნა აშშ-ში და მიიღო როგორც საკმარისი თანხა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შესაძენად, ისე სატრანსფერო ბიუჯეტი და კლუბის სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელი სახსრები. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს როგორც ბერლუსკონიმ, ისე იუნჰუნმა.

ახალი ინვესტორების გამოჩენამ კონსორციუმის რებრენდინგი განაპირობა და შეიქმნა ახალი კომპანია, სახელად Rossoneri Sport Investment Lux - სწორედ ეს კომპანია ფლობს დღეს კლუბის აქციათა 99.9%-ს. კლუბის გაყიდვის სანაცვლოდ, სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტმა" 740 მილიონი ევრო მიიღო, საიდანაც 220 მილიონ ევროდ კლუბის ვალები დაიფარა.

მძიმე, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი
"ძალიან მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა და კლუბის გაყიდვა, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ერთ ოჯახს აღარ შეუძლია კლუბში იმდენი ინვესტიციის დაბანდება, რომ გუნდი კვლავ დაბრუნდეს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე" - ეს სილვიო ბერლუსკონის სიტყვებია, როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და "მილანი" ჩინურ კონსორციუმს გადაულოცა.

სილვიო ბერლუსკონი ხშირად იმეორებდა ფრაზას, რომ არასდროს გაყიდიდა ორ რამეს: სახლს, სადაც გაიზარდა და "მილანს", რომელიც მისი ყველაზე დიდი სიყვარულია. თუმცა, დადგა დღე, როდესაც დონ სილვიოს მოუწია სიტყვის გატეხვა და, როგორც თვითონ აცხადებს, ეს ისევ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე და კლუბისადმი სიყვარულით იყო განპირობებული.

ბოლო წლებში, "მილანი" ვეღარ იხდიდა დიდ თანხებს ტრანსფერებში და მეტწილად თავისუფალი აგენტების გადაბირებით იყო დაკავებული. შედეგად, გუნდი კრიზისში ჩაეფლო და ბოლო წლებში, საერთაშორისო სარბიელსაც ჩამოშორდა. "როსონერი" არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპალიგაზეც კი ვეღარ ხვდებოდა და ბერლუსკონი მიხვდა, რომ კლუბის გაყიდვა უბრალოდ აუცილებელი იყო.

ოქროს წლები
ბოლო წლებში, სილვიო ბერლუსკონის "მილანს" კრიზისი ჰქონდა, მაგრამ იქამდე პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. დონ სილვიო 1986 წლიდან 2017 წლამდე მართავდა კლუბს და ამ პერიოდში, "როსონერიმ" სამი ათეული ტიტული მოიპოვა.

ამ 31 წლის განმავლობაში, "მილანი" 8-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, გახდა იტალიის თასის გამარჯვებული და 5-ჯერ მოიპოვა იტალიის სუპერთასი; ასევე 5-ჯერ გახდა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სილვიო ბერლუსკონის პერიოდში "მილანს" არაერთი გამორჩეული მწვრთნელი ედგა სათავეში, მათ შორის: არიგო საკი, ფაბიო კაპელო, ალბერტო ძაკერონი, ჩეზარე მალდინი, ფათიჰ თერიმი, კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი... "მილანის" კაპიტნები იყვნენ: ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, მასიმო ამბროზინი და რიკარდო მონტოლივო - ამ პერიოდში "როსონერის" მაისურით 100 გოლზე მეტი შეაგდეს მარკო ვან ბასტენმა, რიკარდო კაკამ, ფილიპო ინძაგიმ და ანდრეი შევჩენკომ.

შორს წაგვიყვანს იმ ვარსკვლავების ჩამოთვლა, რომლებმაც ამ 31 წლის განმავლობაში "მილანის" შემადგენლობაში იასპარეზეს - შეგვიძლია გამოვარჩიოთ სამი ეპოქა, რომლებიც სამმა დიდმა მწვრთნელმა შექმნა: არიგო საკიმ, ფაბიო კაპელომ და კარლო ანჩელოტიმ - სწორედ ამ მწვრთნელების ხელში მოიხვეჭა "მილანმა" ჩამოთვლილი ტიტულების აბსოლუტური უმრავლესობა.

Sportall.Ge

რა იქნება მომავალში?
"მილანის" ახალი პრეზიდენტი ლი იუნჰუნია, რომელმაც პრესასთან ამბიციური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის ხელში გუნდი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდება. მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები, რომ ზაფხულში "როსონერი" აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს და უკვე კონკრეტული ფეხბურთელების გვარებიც ვრცელდება, რომლებსაც ლომბარდიულ გრანდს უკავშირებენ.

ითქვა ისიც, რომ ჩინურმა კონსორციუმმა უკვე გამოჰყო 350 მილიონი ევრო, რომელიც ტრანსფერებისთვის მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში დაიხარჯება. აქვე ვთქვათ, რომ კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი მარკო ფასონეა, რომელიც ადრე სხვადასხვა თანამდებობაზე "ნაპოლიში", "იუვენტუსსა" და "ინტერში" მუშაობდა - ფასონემ პირველი კომენტარი გააკეთა ახალ ამპლუაში:

"ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ და ამისთვის სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა საჭირო. ამ ეტაპზე, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ადრეა, რადგან არიან გუნდები, რომლებიც ობიექტურად გაცილებით წინ არიან. ვენდობით ვინჩენცო მონტელას და გვსურს მასთან ხელშეკრულების გაგრძელება. ამასთან, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ბრწყინვალე ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ჩვენი გუნდის მომავალია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ვიაქტიურებთ. "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე და ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია".

ერთი სიტყვით, "მილანის" ახალ მესვეურებს დიდი გეგმები აქვთ, თუმცა ჩინური კონსორციუმის შესაძლებლობებში ბევრს ეპარება ეჭვი - საგულისხმოა, რომ "მილანის" ახალი პრეზიდენტის, ლი იუნჰუნის ქონება "ფორბსის" მიხედვით 500 მილიონი ევროა და ის ჩინეთის მდიდრების 400-ეულშიც კი არ შედის.

ეს იმ ფონზე, რომ სილვიო ბერლუსკონიმ სწორედ ფინანსების სიმწირით ახსნა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა - არადა, იმავე "ფორბსის" მიხედვით, მისი ქონება 7 მილიარდ ევროს შეადგენს.

დღეს რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ელოდება წინ "მილანს" - ერთი ცხადია, ბერლუსკონის ხელში კლუბი ვეღარ ვითარდებოდა და ღრმა კრიზისში აღმოჩნდა - ცვლილებები საჭირო იყო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მთლად ფორბსს ნუ დაეყრდნობით ...
tazo
01:53 20-04-2017
0
მთლად ფორბსს ნუ დაეყრდნობით
tazo
01:52 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული