"მილანი": ახალი ბოსები - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
"მილანი" იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში რჩება - კლუბს ახალი მესვეურები ჰყავს და ყველა ინტერესით ელოდება, თუ რა მოხდება სატრანსფერო პერიოდში.

ჟურნალისტთა და გულშემატკივართა ერთი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ჩინელი ინვესტორების მიმართ და მიაჩნიათ, რომ ლი იუნჰუნს და მის პარტნიორებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ლომბარდიული გრანდი კრიზისიდან ამოიყვანონ.

ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ ზაფხულში "მილანის" ახალი ბოსები ტრანსფერებისთვის მხოლოდ 50 მილიონ ევროს გამოჰყოფენ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა - მოდი, უფრო დეტალურად გავიცნოთ "როსონერის" ახალი მენეჯმენტი - ხალხი, ვინც კლუბს ძველი
დიდების დაბრუნებას ჰპირდება...

ლი იუნჰუნი
"მილანის" ახალი პრეზიდენტი და შესაბამისად, მთავარი მოქმედი პირი ლი იუნჰუნია. სწორედ მან შექმნა კონსორციუმი, რომელმაც იტალიური გრანდი სილვიო ბერლუსკონისგან იყიდა. ვინ არის იუნჰუნი?

იუნჰუნი ჩინელი ბიზნესმენია და რამდენიმე სფეროში საქმიანობს - აქტიურად არის ჩართული სამშენებლო ბიზნესში და ფლობს კომპანია New China Building-ის აქციების 28%-ს. ამ კომპანიის სათავო ოფისი გუანჯოუშია, მეტწილად სწორედ ამ ქალაქსა და რეგიონში საქმიანობს. იუნჰუნი არის იმ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც აწარმოებს დიდი ტვირთების შეფუთვისთვის საჭირო მატერიას. მისტერ ლის ქონება "ფორბსმა" 504 მილიონ ევროდ შეაფასა და ეს მაშინ, როდესაც იმავე გამოცემას სილვიო ბერლუსკონის ქონება 7 მილიარდ ევროდ აქვს შეფასებული.

კიდევ ერთი არცთუ სასიამოვნო ფაქტი "მილანის" გულშემატკივრებისთვის ის გახლავთ, რომ ლი იუნჰუნს ჩინეთშიც კი ნაკლებად იცნობენ - ის ყველაზე მდიდარი ჩინელები 400-ეულშიც არ შედის. "მილანის" ახალი მფლობელის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა ჩინეთის ეროვნული ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ:

"ჩინეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კომპანია "სუნინგი", რომელმაც "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი იყიდა. იმავეს ვერ ვიტყვი "მილანის" ახალ მფლობელზე, რადგან ჩინეთში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მას და მის პარტნიორებს იცნობს".

ლი იუნჰუნი რამდენჯერმე გაეხვა ფინანსურ სკანდალში - გასული საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარეობდა გამოძიება, რომელიც იკვლევდა 18 ათასი დაზარალებული ადამიანის საქმეს, რომლებიც სწორედ იუნჰუნს უჩიოდნენ - ლიმ სააქციო საზოგადოება ჩამოაყალიბა, ხალხის ფულით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება დაიწყო, თუმცა საზოგადოებამ სარგებელი ვერ ნახა, ლის კი 100 მილიონი დოლარის მითვისებას ედავებოდნენ - საბოლოოდ, იუნჰუნს ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

ბოლო სკანდალში ლი 2015 წელს გაეხვა, როდესაც მის მიერ შექმნილ ფირმას ჩინეთიდან ტაილანდში 85 მილიონი ევროს საქონელი დარღვევებით გადაჰქონდა. მაშინ ლის დიდი ჯარიმა დაეკისრა.

ჰან ლი
ლი იუნჰუნის მარჯვენა ხელი, ჰან ლი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და ტელეკამერების წინ. სწორედ ჰან ლი აწარმოებდა მოლაპარაკებას სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტთან" და ყველა დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა დასმული. თავის დროზე, ჰან ლის და სილვიო ბერლუსკონის ერთობლივმა ფოტომ, სადაც "მილანის" მაისური უჭირავთ, იტალიური მედია მოიარა.

ჰან ლი ადრიანო გალიანის შეგვიძლია შევადაროთ - თუ გალიანი ბერლუსკონის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, იგივეა ჰან ლი ლი იუნჰუნისთვის.

ჰან ლი "მილანის" დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს მარკო ფასონესთან ერთად. საბჭოში ასევე შედიან დევიდ ჰანი, ლი ბო და ჰუ რენსუო - ამ პირების შესახებ იტალიურ სპორტულ მედიაში საინტერესო არაფერი თქმულა.

"მილანის" დირექტორთა საბჭოს ახალ წევრებს არც ჩინეთში იცნობენ, თუმცა ლი იუნჰუნისგან განსხვავებით, ისინი სკანდალებში არ გახვეულან. დირექტორთა საბჭოში იტალიელებიც არიან, თუმცა მათზე ქვემოთ...

მარკო ფასონე
მთავარი იტალიელი, რომელიც "მილანის" ახალ მენეჯმენტშია და აღმასრულებელი დირექტორის პოსტი უკავია. "როსონერიში" ფასონე მეორე კაცია და მართვის სადავეები სწორედ მის ხელშია. როდესაც "მილანი" ჩინური კონსორციუმის ხელში გადავიდა და მეორე დღეს პრესკონფერენცია ჩატარდა, ლი იუნჰუნი ძირითადად ჩუმად იჯდა, მედიას კი სწორედ ფასონე ესაუბრა - მარკო, თითქოს, ამშვიდებდა გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს და დაჰპირდა მათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და "მილანი" აუცილებლად დაადგება აღორძინების გზას.

ფასონე 53 წლისაა, მისი კარიერა კი გაოცებას იწვევს - მარკო მსაჯი გახლდათ, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. მისი კარიერის გვირგვინი 2001 წელს, მილანურ დერბიზე მეოთხე მსაჯობა იყო - მედიაში გავრცელდა კიდეც ფოტო, თუ როგორ დგას ფასონე "სან სიროზე" და ტაბლო აქვს აღმართული.

ფასონეს კარიერული წინსვლა "იუვენტუსში" დაიწყო - ტურინული კლუბის მესვეურებს მიაწვდინა ხმა და კრეატიული იდეები შესთავაზა - მალე კლუბის მარკეტინგულ ჯგუფში ჩასვეს, მოკლე ხანში კი "იუვენტუსის" მარკეტინგის დირექტორი გახდა.

ფასონემ "იუვეს" რებრენდინგში მთავარი როლი შეასრულა, მისი ინიციატივით კი კლუბის საფირმო მაღაზიები აზიურ ბაზარზე გამოჩნდა, რამაც იტალიურ გრანდს დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა. ფასონეს წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩა და 2009 წელს, მარკომ მაცდური წინადადება მიიღო ნეაპოლიდან - მას "ნაპოლის" გენერალური დირექტორის პოსტი შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა.

სწორედ ამ პერიოდში "ნაპოლი" ფინანსურად გაძლიერდა, კარგი ტრანსფერები განახორციელა და დიდი პროგრესი განიცადა - "ნაპოლი" იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა, რაც აურელიო დე ლაურენტისთან ერთად, სწორედ ფასონეს დამსახურება გახლდათ.

როდესაც "ინტერი" ერიკ ტოჰირმა შეიძინა, სწორედ ფასონეს უხმო და მარკო "ნერაძურის" გენერალური დირექტორი გახდა. "ინტერში" ფასონემ ვერ იპოვა საკუთარი თავი, ტოჰირის მარჯვენა ხელ მაიკლ ბოლინგბროკთან კონფლიქტის გამო კლუბი მალევე დატოვა.

დღეს ფასონე "მილანის" აღმასრულებელი დირექტორია, კლუბის მფლობელთა გადაწყვეტილება კი სრულიად ლოგიკური და გასაგებია - "როსონერის" აზიურ ბაზარზე მარკეტინგული პოზიციონირება და ზოგადად, ეფექტური მართვა სჭირდება, ამ საქმეებში კი იტალიელ ფუნქციონერს დიდი გამოცდილება აქვს.

მასიმო მირაბელი
"მილანის" ახალი სპორტული დირექტორი მასიმო მირაბელია და ტრანსფერები მისი პრეროგატივა იქნება. 1997-დან 2010 წლამდე ის სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობდა სხვადასხვა საშუალო დონის იტალიურ კლუბში. 2012 წელს, მირაბელის მარკო ფასონემ მიაქცია ყურადღება და "ინტერში" მთავარი სკაუტის პოსტი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. 3 წლის განმავლობაში, მირაბელი ფასონეს მთავარი მრჩეველი იყო სატრანსფერო საკითხებში - სწორედ მისი რეკომენდაციით იყიდა "ნერაძურიმ" ივან პერიშიჩი, მარსელო ბროზოვიჩი, ჯეისონ მურილიო, გაბრიელ ბარბოსა და სხვა არაერთი ფეხბურთელი.

მირაბელი ფასონეს კაცია - სწორედ მან მიიწვია "მილანის" მენეჯმენტში და დანიშნა სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. საგულისხმოა, რომ ფასონე და მირაბელი "ინტერიდან" გადაბარგდნენ "მილანში"...

დირექტორთა საბჭოს იტალიელი წევრები
პაოლო სკარიონი, რობერტო კაპელი, მარკო პატუანო - ესენი "მილანის" დირექტორთა საბჭოს იტალიელი წევრები არიან. საინტერესო ფიგურაა პაოლო სკარიონი, რომელიც იტალიაში ცნობილი პერსონაა - უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის, ენის ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, "როტშილდი და მისი შვილების" ვიცე-პრეზიდენტი.

რაც ყველაზე საინტერესოა, სკარიონი ცნობილია, როგორც სილვიო ბერლუსკონის ახლო მეგობარი და პარტნიორი არაერთ საქმეში - როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, დონ სილვიომ ერთი წარმომადგენელი მაინც დატოვა კლუბში, რათა საჭიროების შემთხვევაში, მას ყველა ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი.

გამოწვევები
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ზემოთქმულიდან? - კლუბის ახალი მფლობელები გუნდის გულშემატკივრებში სიმშვიდეს არ იწვევენ - მათი წარსული და ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს - სამაგიეროდ, მენეჯმენტის იტალიური ნაწილი მოწონებას იმსახურებს: მარკო ფასონე, მასიმო მირაბელი და დირექტორთა საბჭოს წევრები გამოცდილი მენეჯერები არიან და არც კომპეტენცია დაეწუნებათ.

ბევრ კითხვას ზაფხულში გაეცემა პასუხი, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება - "მილანის" ახალი მენეჯმენტი რთული გამოწვევების წინაშეა - ახალი კონტრაქტია გასაფორმებელი ჯანლუიჯი დონარუმასთან, რომელზეც ევროპული გრანდები ნადირობენ.

ბოლო ინფორმაციით, ლომბარდიელები 17 წლის მეკარეს წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ და ეს მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალი" მზადაა, დონარუმას წლიურ გასამრჯელოდ 7,5 მილიონი ევრო დაუნიშნოს.

მატია დე შილიომ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში მას "იუვენტუსში" სურს გადაბარგება - არადა, მატია იმ ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელთა შორისაა, რომელზეც სილვიო ბერლუსკონის მომავლის "მილანის" აშენება უნდოდა. გუნდი გაძლიერებას საჭიროებს ყველა რგოლში, ამისთვის კი ფინანსები და მოქნილი სატრანსფერო პოლიტიკაა საჭირო. ვნახოთ, წინ საინტერესო ამბები გველოდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რავი ბერლუმ ...700მილიონი ევრო კი აწკაპა მათ...და რაღა შერჩად?
ზურა ზურაბი12
18:00 28-04-2017
0
kaxa-ს. ნუ მიწყენ და ალოგოკურ კომენტარს აკეთებ. 7 მილიონის მფლობელმა ბერლუსკონიმ გუნდი "ვერ შეინახა" კი არა, არ შეინახა. აღარ უნდა, მოსწყინდა, თანაც დაბერდა. ესაა და ეს.
kaki
15:38 27-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული