ვინჩენცო მონტელა: დონარუმა მხოლოდ თავის გარემოცვასთან ურთიერთობს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ჯანლუიჯი დონარუმას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათთან არაოფიციალურ გარემოში ისაუბრა. მალევე, "როსონერის" თავკაცს იტალიელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ამ შეხვედრის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ესაუბრნენ...

- როგორ ჩაიარა დონარუმას ოჯახის წევრებთან შეხვედრამ?
- ძალიან კარგად. ძალიან კარგი ხალხია, უშუალო და სუფთა ადამიანური ფასეულობებით. იმედია, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, ჯიჯო დონარუმა კი "მილანის" ღირსებას კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დაიცავს. ასე უკეთესი იქნება თვითონ დონარუმასთვის.

- ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ ამ შეხვედრის შემდეგ?
- დონარუმას ბედი არც ჩემს ხელშია და
არც კლუბის. რეალურად, ჯიჯო მხოლოდ თავის გარემოცვასთან ურთიერთობს: ოჯახის წევრებთან და პირად აგენტთან. ამ საკითხს სწორედ ეს ხალხი გადაწყვეტს, თუმცა მთავარ სიტყვას იმედია, თავად დონარუმა იტყვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ის არჩევანს "მილანის" სასარგებლოდ გააკეთებს. ოჯახის წევრები ვერაფერს შემპირდნენ, რადგან ჯერ თვითონაც არ იციან, რა მოხდება. დაბრუნდება დონარუმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან და ყველა კითხვას მაშინ გაეცემა პასუხი...

- პირადად თქვენ, რას ეტყოდით ჯიჯოს?
- ის დღემდე ძალიან უყვართ "მილანის" გულშემატკივრებს და მეეჭვება, რომ ასე სხვა ქალაქში შეიყვარონ. ამაზე უნდა დაფიქრდეს და გულს მიენდოს. შეეცადოს, არ მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა. "მილანში" მას დიდი მომავალი ელოდება.

- კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გუნდი გააძლიერონ. ჩვენ უკვე დავიმატეთ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი და ეს პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, ამ ზაფხულს 7-8 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, ეს კი შესანიშნავია. რაც მთავარია, ჩვენ ფულს ვხარჯავთ მიზნობრივად და ვიმატებთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც კონკრეტულ რგოლებს გააძლიერებენ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მილიარდი დახარჯო და შედეგი ვერ მიიღო.

- ევროპალიგაზე თამაში და თანაც, ადრეული სტადიიდან გუნდისთვის ზედმეტად მძიმე ტვირთი ხომ არაა?
- "მილანი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროასპარეზზე და ამისთვის ბევრი ვიბრძოლეთ. ამიტომ ეს ჩვენთვის არა ზედმეტი ტვირთი, არამედ პრივილეგიაა. ვეცდებით, რომ ევროპალიგის გათამაშებაში წარმატებით ვიასპარეზოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. "მილანი" საერთაშორისო სარბიელზე ტრადიციულად, წარმატებით ასპარეზობს და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც.

- რამდენად რეალურია, რომ "მილანმა" ხამეს როდრიგესი ან ანდრეა ბელოტი გადაიბიროს?
- ხამეს როდრიგესზე არაფერი მსმენია, ანდრეა ბელოტი კი ჩვენი ინტერესის სფეროშია. არის კომუნიკაცია "ტორინოს" მესვეურებთან და იმედია, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. ბელოტი ის ფორვარდია, რომელსაც სეზონში 20 გოლზე მეტის გატანა შეუძლია. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გვყავს ანდრე სილვა, რომელზეც უდიდეს იმედებს ვამყარებთ.

- ანდრე სილვას ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესებთ?
- ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. გუნდი საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს, ფეხბურთელებს დავაკვირდები და შემდეგ გამოჩნდება ბევრი რამე. უნდა გავიგოთ, კიდევ ვინ დაგვემატება და გამოჩნდება, თუ რა ტაქტიკა-სტრატეგიას შევიმუშავებთ მომდევნო სეზონისთვის. ანდრე სილვა შესანიშნავი ფეხბურთელია და მას წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე...

- რა იქნება მომდევნო სეზონში "მილანის" მიზანი?
- ჩვენი უპირველესი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. "მილანი" აუცილებლად უნდა თამაშობდეს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე. ამასთან, უნდა ვიბრძოლოთ იტალიის თასის და ევროპალიგის მოსაგებად. ამისთვის საჭიროა გრძელი სათადარიგოთა სკამი და სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა მთელი სეზონის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული