იტალია. სერია A. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მძიმე დერბი და "ინტერის" ფიესტა

AutoSharing Option
2013 წლის უკანასკნელი ტური მეტად საინტერესო გამოდგა - ლიდერთაგან მხოლოდ "ნაპოლიმ" ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება და გაირთულა სატურნირო მდგომარეობა, დანარჩენებმა კი წინასაშობაოდ კარგი განწყობა შეიქმნეს.

"იუვენტუსმა" და "რომამ" გაანადგურეს მეტოქეები, "ფიორენტინამ" რთული გასვლითი მატჩი მოიგო, ლიდერთა შორის მყოფმა "ვერონამ" "ლაციოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა, "ინტერმა" კი თვით მილანურ დერბიში იძალა; სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ.

მაცარიმ ჩაკეტა და მოიგო
მილანური დერბი მძიმე საყურებელი გამოდგა, რაშიც მთავარი "დამნაშავე" "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარია. "ნერაძურის" თავკაცმა ჩაკეტა თამაში, საკუთარი კარის მიდამოები საგულდაგულოდ
გადაკეტა და გუნდი კონტრშეტევაზე ათამაშა. მიზანი ამართლებს საშუალებას და მთლიანობაში, მაცარიმ აშკარად მოუგო დუელი მასიმილიანო ალეგრის, მაგრამ ნეიტრალურ გულშემატკივარს ალბათ უფრო გახსნილი და სანახაობრივი თამაშის ხილვა სურდა.

განსაკუთრებით მძიმე მაინც პირველი ტაიმი გამოდგა - დროის დიდი ნაწილი გუნდებმა ბრძოლაში გალიეს. ბევრი იყო უხეშობა, მინდორზე კოტრიალი და რაც მთავარია, ტექნიკური წუნი. რეალური სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა და გამოჩნდა, რომ ამ მატჩში, კარგ შემთხვევაში, ერთ გოლს ვიხილავდით.

თუმცა ეს იყო ნამდვილი იტალიური ჯახი, ტაქტიკური ჭიდილით, ბევრი ემოციით, გაწევ-გამოწევით და ცემა-ტყეპით. დიახ, მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი იყო დარჩენილი, როდესაც ფეხბურთელებმა მუშტი-კრივი გამართეს, სალი მუნტარიმ კი ისეთი უთავაზა ზდრავკო კუზმანოვიჩს, რომ წითელი ბარათი აუფრიალეს.

თუმცა ყველაზე მთავარი ამ ჩხუბამდე ხუთი წუთით ადრე მოხდა - მარჯვენა ფრთიდან ფრედი გუარინმა როდრიგო პალასიოს უზუსტესი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ქუსლით შეაგორა ბურთი კრისტიან აბიატის კარის ჩარჩოში, 1:0. გოლს ზღვა ემოცია მოჰყვა, ამ ფიესტაში კი კლუბის ახალი პრეზიდენტი ერიკ ტოჰირიც მონაწილეობდა.

თვითონ თამაში "მილანის" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმების ბოლო წუთები სწორედ "ინტერის" გამოდგა - როგორც ჩანს, ეს ვალტერ მაცარის ჩანაფიქრი იყო, რომელმაც 100%-ით გაამართლა.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "გოლმა ძალიან გამახარა, მაგრამ იქვე ავნერვიულდი, რადგან ბოლო ტურებში, გატანის შემდეგ, მყისვე ვუშვებდით გოლს. საბედნიეროდ, ამჯერად გავძელით და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენ კვლავ ვითამაშეთ ცეცხლით, რაც რამდენიმე შეხვედრაში ასე დაგვაკლდა. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები პირნათლად შეასრულეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩემპიონთა ლიგის საგზური? - ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "მატჩის ბოლოს დაღლა დაგვეტყო და მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა - შედეგად, გოლი გავუშვით და მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა როდრიგო პალასიოს, რომელმაც დიდებული გოლი გაიტანა. ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, რადგან წინ ნახევარ სეზონზე მეტია; გვექნება იმის საშულება, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ".

როდრიგო პალასიო (ინტერი): "ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გოლი "ინტერისთვის" და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ეს გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს, რადგან ჩვენ ყველაზე პრინციპული მეტოქე დავამარცხეთ. სჭირდება თუ არა გუნდს კიდევ ერთი ფორვარდი? - ვერაფერს გეტყვით, ეს უფრო გუნდის მთავარ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ".

"იუვე" სკუდეტოსკენ მიიწევს
ოქტომბერში, "ფიორენტინასთან" წაგების შემდეგ, "იუვენტუსმა" უკლებლივ ყველა მატჩი მოიგო და თანაც ისე, რომ მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. ამჯერად ანტონიო კონტეს შეგირდებმა "ატალანტა" იმსხვერპლეს, რომელიც პირველ ტაიმში გაძალიანდა, მაგრამ მეორეში უკვე ვეღარაფერი გააწყო. ტურინელებს ვერც ის წაუხდენდათ ხასიათს, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 745-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და გოლი გაუშვა - მთავარია, რომ "იუვემ" იმარჯვა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

იმ ფონზე, რომ "რომა" და განსაკუთრებით, "ნაპოლი", ქულებს პერმანენტულად კარგავენ, "იუვე" სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად მოჩანს. წარმატებული ასპარეზობის ფონზე, მოულოდნელია კონტეს ბოიკოტი, რომელიც მან ჟურნალისტებს გამოუცხადა - ისევე, როგორც სათასო მატჩის შემდეგ, ანტონიო პრესკონფერენციაზე არც ბერგამოში გამოცხადდა.

შეუჩერებელი ტონი
"ვერონამ" კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება გამოჭედა და ამჯერად საკუთარ კედლებში "ლაციო" იმსხვერპლა, 4:1. შეუჩერებელი იყო ლუკა ტონი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ნამატჩევს, "ლაციოს" თავკაცმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ვერონამ" და აბსურდია ის, რასაც ტაბლოზე ვხედავთ. არათუ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო, უნდა მოგვეგო და სამი ქულა მოგვეპოვებინა"
.

თუმცა, პეტკოვიჩს გამორჩა, რომ "ვერონას" ჰყავდა ლუკა ტონი, 36 წლის ფორვარდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული. თავად ტონიმაც არანაკლებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ზაფხულში კარიერის ამერიკაში გაგრძელება მქონდა განზრახული, შემდეგ კი სულაც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ვფიქრობდი - მადლობა "ვერონას" მესვეურებს, რომ მათ მომცეს შანსი, კვლავაც დიდი ფეხბურთი მეთამაშა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მსურს, გუნდს ევროსაგზურის მოპოვებაში დავეხმარო"
.

ბევრია თუ ცოტა 10 ქულა?
"ნაპოლიმ" სარდინიაზე ვერ მოიგო და კიდევ ორი ქულა დაკარგა. შედეგად, ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 10 ქულით ჩამორჩა. მატჩის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა საკუთარი გუნდის საჩემპიონო ამბიციებში საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა:

"ლიდერთან ჩამორჩენა სულ უფრო იზრდება და როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის სგზურისთვის მოგვიწევს ბრძოლა. წინ კიდევ ბევრი ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ თამაშით ეს შეუძლებელია".


იყო თუ არა ეს რაფაელ ბენიტესის კრიტიკა, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი უკმაყოფილოა. ვიცით ისიც, რომ დე ლაურენტისი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებს, რამაც შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ვითარება.

ნადირობა ნაინგოლანზე
"ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ "კალიარის" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო თითოეულ ფეხბურთელს მიეცემა გუნდის გამოცვლის უფლება, მათ შორის, დავიდე ასტორის და რაჯა ნაინგოლანს. ასტორიზე რა გითხრათ და ნაინგოლანზე კი ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა - "ინტერის" მესვეურებმა მყისვე გააკეთეს კომენტარი და განაცხადეს, რომ რაჯას გადაბირება წლებია სურთ.

პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ნაინგოლანის გადაბირებით "მილანის" მესვეურებიც არიან დაინტერესებულნი და როგორც ამბობენ, უკვე გაუკეთეს კიდეც პირველი შეთავაზება სარდინიელ კოლეგებს. ამასობაში, ავანსცენაზე "იუვეც" გამოჩნდა, რომლის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შემდეგი განაცხადა:

"რაჯა ნაინგოლანი იდეალურად ჩაჯდებოდა "იუვეს" სქემაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადავიბიროთ. ჩვენი მთავარი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასურველი მოთამაშეების გადაბირებაზე უარს ვიტყვით"
.

"რომა" და "ვიოლა" სრული სვლით
გუნდები, რომლებიც ნეიტრალურ გულშემატკივართა ყველაზე მეტ სიმპათიას იმსახურებენ, უდავოდ "რომა" და "ფიორენტინა" არიან. ამჯერად რუდი გარსიას გუნდმა "კატანიას" გადაურბინა, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა კი გასვლაზე "სასუოლო" იმსვერპლეს. "რომა" აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას, "ფიორენტინას" მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურია. ამ ორი გუნდის მიმართ გულშემატკივართა განსაკუთრებულ სიმპათიას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის კომენტარიც ადასტურებს:

"სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესოა და მატჩებს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. ვფიქრობ, ყველაზე კარგ ფეხბურთს "რომა" და "ფიორენტინა" აჩვენებენ და ამად არის, რომ ქომაგთა განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებენ. ვფიქრობ, "რომას" შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა, "ფიორენტინას" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს. ამისთვის მარიო გომესის დაბრუნება და ათამაშებაა საჭირო. ზოგადად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კონკურენცია არნახულად მაღალია"
.

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVII ტური: "იუვე" და "რომა" წინ გაიჭრნენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული