44 ფეხბურთელი 6 მატჩში - ანტონიო კონტე ახალი "სკუადრა აძურას" ძიებაში

AutoSharing Option
კრიზისში მყოფი იტალიური ფეხბურთისთვის ჩეზარე პრანდელის "სკუადრა აძურა" ნამდვილი გამონათება იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილმა ფიასკომ კალჩო თითქოს უიმედოდ დატოვა - მით უმეტეს, პრანდელი თურქეთში წავიდა, იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სია კი ტიფოზებისთვის ვერაფერი ნუგეში იყო:

ვალტერ მაცარი, მასიმილიანო ალეგრი, ალბერტო ძაკერონი, რობერტო მანჩინი - მათ კვალიფიკაცია არ დაეწუნებათ, მაგრამ გულშემატკივართა მხარდაჭერით არც ერთი სარგებლობდა. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა და ნათელი გახდა, რომ "აძურას" სწორედ ის ჩაიბარებდა.

იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის კონტე ნამდვილი საჩუქარი
იყო, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს.

კონტეს იტალიამ ჰოლანდიის ძლევით დაიწყო, 2014 წელი კი ალბანეთის დამარცხებით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სენიორ ანტონიოს დიდი დრო ექნება საიმისოდ, რომ განვლილი ბატალიები გააანალიზოს და დასკვნები გამოიტანოს. მომდევნო შეხვედრას იტალია ბულგარეთთან მომდევნო წლის 28 მარტს ჩაატარებს. შესაძლოა, იქამდე ერთი ამხანაგური მატჩი დაიგეგმოს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - კონტემ პირველი ეტაპი დაასრულა, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები კი ტენდენციებზე ამახვილებენ ყურადღებას...

5 მოგება და 1 ფრე
ანტონიო კონტეს იტალიამ პირველი მატჩი ჰოლანდიასთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, 2:0. შეხვედრა ამხანაგური იყო, თუმცა პრინციპული - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგი დებიუტი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. "აძურამ" დაჩაგრა მეტოქე და კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.

ჰოლანდიის დამარცხებიდან ხუთიოდე დღეში, იტალიის ნაკრები ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უნდა დაეწყო - ოსლოში აპენინელებმა არანაკლებ დამაჯერებლად ითამაშეს და ასევე ორი უპასუხო გოლით მოიგეს.

კონტეს პირველი რაუნდი ძალზე წარმატებული გამოდგა, ორი ძლიერი მეტოქე და ორი დამაჯერებელი გამარჯვება. მეორე რაუნდის წინ გულშემატკივარი უკვე სხვა განწყობაზეა, ეს უკვე კონტეს იტალიაა, რომელმაც აზერბაიჯანი და მალტა უნდა გაანადგუროს.

კონტეს იტალიამ ორ მომდევნო შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აიღო, მაგრამ განადგურების რა გითხრათ - 2:1 აზერბაიჯანთან და 1:0 მალტასთან. პრობლემები გამოიკვეთა, იტალიელები ნელ ტემპში თამაშობენ, დაცვას და თავდასხმას შორის კავშირი გაწყვეტილია, ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა უჭირს, დაცვა კი პოზიციურ შეცდომებს უშვებს.

მესამე რაუნდი: შესარჩევის მატჩი ხორვატიასთან და ამხანაგური პაექრობა ალბანეთთან... ხორვატიასთან ჯახი კონტესთვის საუკეთესო გაკვეთილი იყო, თითქოს სარკეში ჩაიხედა და თვალნათლივ დაინახა ყველა ის პრობლემა, რომელიც გადასაჭრელი აქვს.

ბალკანელებმა ბურთი დაუჭირეს მეტოქეს და ფრე რომ მათთვის სასურველი შედეგი არ ყოფილიყო, ეჭვი გვაქვს, სამ ქულასაც მოიპოვებდნენ.

იტალიელები შუახაზში დაიჩაგრნენ, "გაძეტა დელო სპორტის" ეს ციტატა კი ყველაზე კარგად ეხმიანება ამ მატჩის პერიპეტიებს: "ისევ პირლოა საჭირო. მას მონტოლივო და ვერატი რომ დაემატებიან, იქნებ რამე გამოვიდეს"...

და ბოლო მატჩი, ალბანეთთან, რომელშიც კონტემ ახალი ფეხბურთელები გამოსცადა - იტალიამ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ხორვატიასთან პაექრობაში. უფრო ცოცხალი, სწრაფი და შემტევი "აძურა" ვიხილეთ, თუმცა ისიც გვახსოვს, რომ ალბანეთი ხორვატია არაა.

თუ პირველი ორი მატჩის შემდეგ ყველაფერი იდეალურად იყო, მომდევნო პაექრობებმა დაგვანახვა, რომ ანტონიო კონტეს კოლოსალური სამუშაო აქვს შესასრულებელი - "სკუადრა აძურა" დღეს შორსაა თუნდაც იმ გუნდისგან, რომელმაც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა და იქ ესპანეთთან განადგურდა.

იტალიის ნაკრები ჯერ გუნდიც არაა, კონტე იწყებს მის ჩამოყალიბებას. მიუხედავად ყველაფრისა, "აძურას" აქვს შედეგი და შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ხორვატიასთან ერთად ლიდერობს, კონტე მაინც გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია...

ფეხბურთელები
ანტონიო კონტე ძიების პროცესშია და ბოლო მატჩებმა ეს ნათლად დაგვანახვა. მწვრთნელმა ბევრი ახალწვეული ათამაშა, ალბანეთთან კი სულაც ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნო.

სწორედ ბოლოდან დავიწყოთ და აღვნიშნოთ, ალბანეთთან "აძურას" ძირითად ბირთვს "ჯენოას" და "სამპდორიას" ფეხბურთელები წარმოადგენდნენ... მანოლო გაბიადინი, სტეფანო ოკაკა და ალესანდრო მატრი თავდასხმაში, ანდრეა ბერტოლაჩი და სტეფანო სტურარო ნახევარდაცვაში, ლორენცო დე სილვესტრი და ემანუელე მორეტი დაცვაში, მატია პერინი კი კარში. უნდა გამოვარჩიოთ რობერტო სორიანო, რომელმაც ხორვატიასთან ითამაშა და კარგად წარმოჩინდა.

დაუმატეთ ამათ კიდევ არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც აქამდე არ ეძლეოდათ ნაკრებში ასპარეზობის საშუალება: რუგანი, როსეტინი, აჩერბი და თუნდაც კრიშიტო, რომელმაც ვერც ამჯერად ითამაშა, მაგრამ განაცხადში იყო.

მოკლედ, კონტე ეძებს იმ ბირთვს, რომელსაც დაეყრდნობა და საიდანაც 23 კაცს შეარჩევს ევროპის ჩემპიონატისთვის.

ძველი გვარდიიდან კვლავ ვხედავთ ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩის, კლაუდიო მარკიზიოს, დანიელე დე როსის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, ახალი სახეებიდან კი სიმონე ძაძა და გრაციანო პელე უნდა გამოვარჩიოთ.

ძაძამ "სასუოლოში" კარგი თამაშით მიიპყრო კონტეს ყურადღება - მართალია, შემდეგ კლუბში მოუკლო, მაგრამ ნაკრებში ივარგა და კონტეს ნდობასაც ინარჩუნებს. პელემ ინგლისში გაიბრწყინა, "საუთჰემპტონის" წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედია და "სკუადრა აძურაშიც" გაიტანა სადებიუტო გოლი.

ცალკე თემაა მარიო ბალოტელი, რომელსაც კონტე კარგა ხანს არ იძახებდა, ბოლო თამაშებისთვის უხმო, თუმცა ტრავმის გამო შეკრება ნაადრევად დატოვა.

მთლიანობაში, კონტეს სია საკმაოდ ვრცელია, 6 შეხვედრაში 44 ფეხბურთელი გამოიძახა, რაც უპრეცედენტოდ ბევრია - შედარებისთვის, პრანდელი 4-წლიანი მუშაობის პერიოდში ძირითადად 30 ფეხბურთელში ტრიალებდა.

კონტე არ მალავს, რომ ის ახალ გუნდს აკეთებს, ძიების პროცესი კი გაგრძელდება...

ტაქტიკა
ანტონიო კონტე "იუვენტუსში" ყოველთვის 3-5-2 ტაქტიკას იყენებდა. რა გასაკვირია, რომ ეროვნულ ნაკრებშიც ეს სქემა წაიღო. პირველი ორი მატჩი რომ დამაჯერებლად მოიგო, უკვე გავიხსენეთ და იქ აღნიშნულმა მოდელმა 100%-ით იმუშავა.

აზერბაიჯანთან მატჩი "აძურამ" სწორედ 3-5-2 ტაქტიკით დაიწყო, თუმცა 3-4-3-ით ჩაამთავრა. ბერტი ფოგსის შეგირდებმა გვარიანად ანერვიულეს იტალიელები, რომლებმაც გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე შეაგდეს.

იმ შეხვედრაში ჯორჯო კიელინიმ მოიწყო ბენეფისი, ორი მეტოქეს გაუტანა, ერთიც საკუთარ მეკარეს. კონტემ მალტასთან მატჩიც საყვარელი ტაქტიკით დაიწყო და ალბათ, არაფერს შეცვლიდა, რომ არა ლეო ბონუჩის გაძევება. ისე, მას ბევრიც არაფერი შეუცვლია, თავდამსხმელი მოხსნა, მცველი ჩართო თამაშში და მატჩი 3-5-1 ტაქტიკით დაასრულა.

ხორვატიასთან მატჩი ყველაზე საინტერესო იყო: 3-5-2-მა აშკარად არ გაამართლა, რასაც პირველივე ტაიმში 4-4-2-ზე გადაწყობა მოჰყვა - კონტემ პირველად გადააწყო გუნდი 4 მცველზე და "აძურა" უკეთ ათამაშა.

მეორე ნახევრის შუაწელიდან კი კონტემ 4-3-3-ზე გააკეთა ფსონი... სტეფან ელ შაარავიმ ჩირო იმობილე შეცვალა და ფლანგზე გამწესდა, ანტონიო კანდრევამ გარემარბად აიწია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი სიმონე ძაძა დარჩა; ამ სქემამ დიდად ვერ გაამართლა, ხორვატებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ ბურთის ფლობაში, ცენტრი მთლიანად მათი იყო.

ალბანეთთან შეხვედრაში კონტემ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია და მისმა გუნდმა პირველ ნომრად ითამაშა. ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე "აძურა" ალბანეთის კერკეტ გუნდთან სრულ უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა - 1:0.

საინტერესო სიახლე იყო ალესიო ჩერჩის მარჯვენა ნახევარმცველად გამწესება. მან და მცველმა ლორენცო დე სილვესტრიმ ფლანგი მთლიანად გააკონტროლეს. 4-4-2 საინტერესო სქემა აღმოჩნდა და დიდია შანსი, სენიორ ანტონიო მას ხშირად დაეყრდნოს.

სულ, კონტემ 4 ტაქტიკური მონახაზი გამოიყენა და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ყველაზე საინტერესო და წარმატებული სწორედ 4-4-2 აღმოჩნდა. 3-5-2 ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, 4-3-3 და 3-4-3 კი კონტეს "აძურამ" ჯერჯერობით ვერ მოირგო.

კონტეს ოპტიმიზმი
ბოლოს, ანტონიო კონტეს გადავცეთ სიტყვა, რომელმაც განვლილი ბატალიები ასე შეაფასა:

"ხორვატებთან რომ მოგვეგო, 100%-იანი შედეგი გვექნებოდა, თუმცა არც ფრე იყო ცუდი შედეგი. შესაბამისად, შედეგით და სატურნირო მდგომარეობით, კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ბევრი გვაქვს სამუშაო და ეს ყველამ კარგად ვიცით. ხარვეზი ბევრია, მაგრამ დროც გვაქვს და ამიტომ განგაშის საფუძველს ვერ ვხედავ.

იტალიის ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძოლოს, ამაში დარწმუნებული ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული