მატს ჰუმელსი (გერმანია)
ძალიან დააკლდება გერმანიის ნაკრებს. ბუნდესნაკრების დაცვაში გამორჩეული ფიგურა თავისი კლასითა და სათამაშო ოსტატობით, გერმანელი მცველების ტრადიციის გამგრძელებელი. მის გარეშე ბუნდესნაკრებს აშკარად ექნება პრობლემები დაცვაში და, წესით, ჰუმელსის პასის გარეშე შეტევის დაწყებაც უნდა გაუჭირდეს.
მესუთ იოზილი (გერმანია)
მესუთი დაისვენებს, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. საკითხავი ისაა, ეყოფა კი მას ეს დასვენება იმისათვის,
ტონი კროოსი (გერმანია)
ტრიუმფალური სეზონი კროოსისათვის. ის აშკარად იმსახურებს დასვენებას. საკითხავი ისაა, როგორ შეცვლის ბუნდესნაკრები თავის "ხერხემალს". კროოსის სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ გერმანელებმა მაინც უნდა სცადონ.
მანუელ ნოიერი (გერმანია)
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა. მან ეს შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. რომ არა ტრავმა, იოახიმ ლიოვი ძირითად მეკარეს მაინც დაასვენებდა. ბოლოს და ბოლოს, შანსი გერმანიის ნაკრების სხვა მეკარეებსაც სჭირდებათ. ამ შანსს მოუთმენლად ელის თუნდაც ბერნდ ლენო.
ლეროი სანე (გერმანია)
"ძალიან მინდოდა ამ ტურნირზე თამაში, მაგრამ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე", - თქვა სანემ. ახალგაზრდა ფეხბურთელს მართლაც გადატვირთული სეზონი გამოუვიდა. მთელ რიგ შემთხვევებში ის "მანჩესტერ სიტის" ლიდერად გვევლინებოდა.
თომას მიულერი (გერმანია)
მას ნამდვილად სჭირდება დასვენება. თომასმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კოშმარული სეზონი ჩაატარა. რაც უფრო მალე დაივიწყებს ის მას, მით უფრო უკეთესი იქნება ფეხბურთელისათვის. გერმანიის ნაკრებსაც უკეთ გამოადგება უკეთეს ფორმაში მყოფი თომასი.
მარიო გომესი (გერმანია)
სუპერმარიოს გასული სეზონი ორმაგად გაახსენდება, თავისი არცთუ ცუდი თამაში და მისი კლუბის, "ვოლფსბურგის" წვალება. "მგლებმა" მხოლოდ უკანასკნელ წამს, გადათამაშების მეშვეობით შეინარჩუნეს ადგილი ბუნდესლიგაში.
მარიო გიოტცე (გერმანია)
უნიჭიერესი ფეხბურთელი რაღაც აბსტრაქტული ავადმყოფობისგან იტანჯება. მას მიოპატიის დიაგნოზი დაუსვეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა გიოტცე ძველი სათამაშო ფორმის დაბრუნებას. თუ ეს ასე მოხდება, ამით ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს.
ჟოელ მატიპი (კამერუნი)
აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებს მატიპი და კიდევ ექვსი ფეხბურთელი არ დაეხმარა. მოთამაშეები კლუბებს ვერ შეელივნენ. კამერუნის ფეხბურთის ხელმძღვანელებსა და მატიპს შორის ურთიერთობა არა და არ დათბა. ამ მიზეზით აფრიკელები დაცვის გამოკვეთილ ლიდერს მოისაკლისებენ.
ერიკ ჩუპო-მოტინგი (კამერუნი)
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულია. ჩუპო-მოტინგმა ეროვნულ გუნდში თამაშის სანაცვლოდ კაპიტნის სამკლავური და ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილი მოითხოვა. რა თქმა უნდა, ერიკს ამის გარანტია არავინ მისცა.
უინსტონ რიდი (ახალი ზელანდია)
ახალზელანდიური ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელი. "ვესტ ჰემის" მცველი სამშობლოში ბევრისათვის ნამდვილი კერპია. ამ შემთხვევაში, დასვენება არაფერ შუაშია. პრემიერლიგის ერთ-ერთ ბოლო მატჩში რიდმა მუხლი დაიშავა და ექიმებმა კონფედერაციათა თასზე თამაში სასტიკად აუკრძალეს.
ფაბიო კოენტრაო (პორტუგალია)
ის უბრალოდ ვერ მოხვდა ევროპის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში. თავის დროზე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო დროს მადრიდის "რეალში" გაიჭედა. ამ ზაფხულს ახალი კლუბის პოვნა აქვს განზრახული. თუ ამბიციურ გუნდში გადავიდა და ფორმა აღიდგინა, ვინძლო, ნაკრებს კიდევ გამოადგეს.
რენატო სანშეში (პორტუგალია)
"ბაიერნში" გადასვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ზის. ევროპის ტრიუმფალურ ჩემპიონატზე ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ახლა კი საერთოდ ვერ მოხვდა გუნდის შემადგენლობაში. აუცილებლად უნდა შეიცვალოს კლუბი ან "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, რაც ურთულესი საქმე იქნება.
ჟოაო მარიო (პორტუგალია)
კონფედერაციათა თასზე არც ის ითამაშებს. "გული უზომოდ მწყდება იმის გამო, რომ ამ ტურნირზე პორტუგალიის ნაკრებს ვერ დავეხმარები. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ბიჭების გარჯას ტელევიზორში ვუყურო", - თქვა "ინტერის" უნივერსალმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"