დრიბლინგი: ცოტათი ნაბიჭვარი კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
"მილანის" გაჭირვებ
უკვე მეორე კვირაა, "სან სიროზე" დიდი ცოდვა-ბრალი ტრიალებს. წინა ტურში "მილანი" "ფიორენტინამ" დაიპყრო (4:1 "ინტერთან"), ახლა კი "ნაპოლიმ" "მილანი" გაანადგურა (4:0).

რა გასაკვირია, რომ "როსონერის" ტიფოზები უკვე უკიდურესად სასოწარკვეთილები არიან და ლანძღვის თავიც რომ აღარ აქვთ, შეფ ადრიანო გალიანის უკვე ირონიულ მადლობებს უხდიან: "გრაციე, გალიანი!" - სწორედ ამ სიტყვებს სკანდირებდა "სან სირო", პირველი ტაიმის შემდეგ კი მაყურებლების უმრავლესობამ სტადიონი დატოვა.

არადა, ამ მატჩამდე გალიანი დიდ ამბებში იყო და ფეხბურთელების მოტივირებას შემდეგი სიტყვებით ცდილობდა:

"ახლა უნდა აჩვენოთ, რომ კაცები ხართ!
გვაჩვენეთ "ნაპოლისთან" თქვენი კვერცხები! გვაჩვენეთ, სადაა "მილანის" მიერ ტრანსფერებში დახარჯული 90 მილიონი ევრო!"

სადაა და სხვა კლუბების ანგარიშებზე. აი, "ნაპოლის" წინაშე კი ქედი უნდა მოვიხაროთ - გონსალო იგუაინი და ლორენცო ინსინიე დიდ სპექტაკლებს დგამენ.

თუმცა მილანელები თბილად მოიკითხა და წარმატებები უსურვა ექსმილანისტამ და გლობალურმა ექსპერტმა დევიდ ბექჰემმა, რომელმაც დუბაიში ჟურნალისტებს უთხრა, იმედი მაქვს, რომ "მილანი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ სეზონში ისევ მოიგებს ჩემპიონთა ლიგასო. ამის იმედი ჩვენც გვექნებოდა, ძვირფასო დევიდ - "მილანი" ჩემპიონთა ლიგაში რომ თამაშობდეს.

აი, სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში "მილანი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს და სჯერა, რომ ამ წარმატებაში ერთ-ერთ მთავარ როლს მარიო ბალოტელი შეასრულებს.

კიდევ ერთი ყოფილი "მილანისტა", გენიალური დეიან სავიჩევიჩი მიიჩნევს, რომ "მილანის" ბედი სწორედ ბალოტელის ხელშია:

"სწორედ ბალოტელის შეუძლია დიდი თამაშების მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, მარიოს ყველაფრის განადგურებაც ხელეწიფება. ანუ, როგორც ჩვენ, მონტენეგროში ვამბობთ ხოლმე, ბალოტელი იმ ძროხასავითაა, რომელიც 20 ლიტრ რძეს მოიწველება და მერე ფეხის ერთი მოქნევით დააქცევს".

მანჩო
დიდხანს რომ არ გესმინათ ან სახე არ დაგენახათ, იფიქრებდით, "ინტერმა" ჟოზე მოურინიო დაიბრუნაო.

"სამპდორიასთან" მატჩის წინ "ნერაძურის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ დიდი ამბები ატეხა.

"უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩემი გუნდის ტაქტიკაზე. ყოველდღე მესმის, სამი მცველით უნდა ვითამაშოთ თუ ოთხით.

არადა, ეს ხალხი აზრზე არაა, რას ნიშნავს სამი მცველი ან ოთხი მცველი. დაუჯერებელია, რომ ვიღაც მართლა ფიქრობს, თითქოს თამაშს მართლაც ის ფაქტორი იგებდეს, სამი მცველით ითამაშებ, ოთხით თუ ხუთით", - ცოფებს ყრიდა 50 წლის მანჩინი.

"მანჩოს" ყველაზე მეტად "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელები აღიზიანებენ - ყველა ექსპერტობს და ისიც ფაქტია, რომ იტალიაში ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს საკუთარი თავი უნიჭიერეს მწვრთნელად მიაჩნიაო.

"აღარ შემიძლია ჩვენი კრიტიკოსების უაზრო ანალიზების მოსმენა. გარკვეულ ეპიზოდებში "ინტერმა" ყველაზე კარგად სწორედ "ფიორენტინასთან" ითამაშა!" - აღნიშნა მანჩინიმ და შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი "ფიორენტინასთან" 1:4 დამარცხდა.

"ინტერის" თავკაცი არც "სამპდორიასთან" მატჩის (1:1) შემდეგ იყო მშვიდად - ძალიან კარგად ვითამაშეთ და 2:1 უნდა მოგვეგოო.

გენუელთა შეფის, მასიმო ფერეროს პასუხი გაინტერესებთ? "ინტერის" უკანალს დღეს ანგელოზები იცავდნენ, ეგ თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო და, თანაც, 11:1!"

ჟოზე
ჟოზე მოურინიოს ავტობუსი უკვე ისტორიაა. იმას, რაც ბოლო დროს ლონდონის "ჩელსის" კარის წინ დგას, ახლა მხოლოდ ურემს თუ ვუწოდებთ. მოურინიოს გუნდმა შაბათსაც წააგო - 1:3 "საუთჰემპტონთან" და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჩელსის" პრემიერლიგაში ასეთი ცუდი სტარტი 1978 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ბარემ აქვე ისიც დავამატოთ, რომ იმ სეზონში "ჩელსი" ელიტიდან გავარდა.

ასე რომ, ლონდონური კლუბი ყელამდე განავალშია და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კლუბის ხელმძღვანელები მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ, მაგრამ აბა, მოურინიოს ჰკითხეთ?

"ჩელსი" ჩემზე უკეთეს მწვრთნელს ვერ იპოვის. ჩემზე უკეთესი არავინაა! თუ გუნდიდან გამიშვებენ, ისინი გაუშვებენ საუკეთესო მწვრთნელს იმ სპეციალისტებს შორის, ვინც ოდესმე ჰყოლიათ!"

ჟოზეა რა.

კუნი და ენდი
კუნ აგუერომ გასულ უქმეებზე 20 წუთში 5 გოლი გაიტანა. ჰო, 20 წუთში - თუ არ ჩავთვლით 15-წუთიან პაუზას ტაიმებს შორის.

ჟურნალისტებმა ენდი კეროლს მერსისაიდული დერბის წინ კომენტარი სთხოვეს და "ლივერპულის" ყოფილმა ცენტრფორვარდმა თავისი ყოფილი მწვრთნელი გააქილიკა:

"ვფიქრობ, რომ "ლივერპულის" ქომაგები ამ მატჩის შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილები იქნებიან. თუ "ლივერპული" მოიგებს, ხომ მოიგებს და თუ წააგებს, ბრენდან როჯერსს გააგდებენ, რაც ფანების დიდ ნაწილს დერბის მოგებაზე მეტად გაუხარდება", - აღნიშნა კეროლმა.

საქმე ისაა, რომ მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ როჯერსი მაინც ჩემოდნებზე შემოსვეს.

"ბარსა" და მესი
თუკი "გრანადაში" მხოლოდ ზედიზედ მეხუთე წაგების შემდეგ ალაპარაკდნენ კრიზისზე და ისიც მხოლოდ იმას ამბობდნენ, სეზონი ოპტიმალურად ვერ დავიწყეთო, "ბარსელონაში" მეორე მარცხის შემდეგ ქვეყანა დაიქცა.

ცხადია, 7 ტურში ორი წაგება "ბარსასთვის" ცუდი სტარტია, მაგრამ ესპანური გაზეთების ამბავი ხომ იცით - განგაშის ზარებს შემოჰკრეს და კატალონიური გრანდი ლამის მიწაში ჩადეს. ასეთი ცუდი სტარტი "ბარსას" ბოლოს 2003/04 წლების სეზონში, ფრანკ რიიკაარდის დროს ჰქონდაო.

თუ კარგად დავაკვირდებით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რადგან რიიკაარდის გუნდს მაშინ ორ წაგებასთან ერთად 3 ფრეც ჰქონდა და მე-11 ადგილზე იყო. თუმცა ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა ეს აღარ დაწერეს.

სინამდვილეში, "ბარსელონა" ლიდერ "ვილიარეალს" (!) მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და იმდენი ქულა აქვს, რამდენიც "რეალს".

მესი და რონალდო
...და როგორ არიან ყველაზე მაგრები? ლეო მესი დეპრესიაშია, რადგან საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. კრიშტიანო რონალდოს კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს.

პორტუგალიელმა, რა თქმა უნდა, მადლობები იხადა:

"მადლობა მწვრთნელს, თანაგუნდელებს, დედაჩემს და მადლობა მედიას. დიახ, მედიასაც მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, რომ ბოლო დროს ცოტათი ნაბიჭვარივით ვიქცეოდი", - ზუსტად ასე თქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დედას კი უნდა უხადოს რონალდუმ მადლობები, რადგან ერთ ინტერვიუში მან განაცხადა რომ ისეთი ღარიბები ვიყავით, რონალდუს გაჩენას არ ვაპირებდი და აბორტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აბორტის ფულიც ვერ ვიშოვეო.... და ეს ხუმრობა არ არის, ნამდვილად ასე განაცხადა.
giorgi
16:43 07-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული