ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ლევან ყენიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ყენიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

მკითხველი:
- სამწუხაროდ, კარიერის მანძილზე არაერთი მძიმე ტრავმა მიიღე და თანაც, ასეთ ახალგაზრდა ასაკში. მსგავს შემთხვევაში, არაერთმა ფეხბურთელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა, თუმცა შენს შემთხვევაში, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა და კვლავ აგრძელებ ფეხბურთის თამაშს, რაც სამაგალითოა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. რა გაძლევს ძალას/სურვილს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დანებდე და მაინც ითამაშო?
-
სტიმულს ფეხბურთის სიყვარული მაძლევს. მთელი ჩემი ცხოვრებაა, ამ საქმეს ვაკეთებ, მას შევალიე წლები და სხვაგან საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, მასზე ხელს მარტივად ვერ ჩავიქნევდი.

მეორე მხარეა ფინანსები: ამით ვცხოვრობ, ამით ვარსებობ...

მკითხველი:
- გთხოვ, დაასრულე წინადადება: რომ არა ფელიქს მაგათი...
- სხვათა შორის, ამაზე ბევრი მიფიქრია. ალბათ, იმ ასაკში, მინიმუმ, საშუალო დონის კლუბში ვითამაშებდი.

მკითხველი:
- ლევან, გამარჯობა. მახსოვს, ერთხელ შენზე ტოპმიოლერმა თქვა: 16 წლის ასაკში ასეთი ტექნიკა არავისთან მინახავსო. ისიც მახსოვს, "შალკეში" რა ასაკში რა დონეზე თამაშობდი. პირადად არ გიცნობ, მაგრამ რატომღაც ყველაზე მეტად გგულშემატკივრობდი ქართველ ფეხბურთელებს შორის. მაინტერესებს, შენი აზრით, რა იყო იმის მიზეზი, რომ ვერ გააგრძელე პროგრესი? ოღონდ, ალალად. ფელიქს მაგათი და მისი ვარჯიშები, როცა ტრავმა გქონდა? თუ არასწორი რეჟიმი? გჯერა, რომ ძველ დონეზე დაბრუნდები?
- არა, რეჟიმის პრობლემა არასოდეს მქონია. ჩემმა ტრავმამ კარიერას დაღი დაასვა, სამი წელი გამიცდა და ეს ის სამი წელი იყო, როცა ფეხბურთელი ყველაზე მეტად ვითარდება - 19, 20, 21 წლის ვიყავი... ეს წლები მოედნის ნაცვლად საავადმყოფოში გავატარე.

შემდეგ, როცა დავბრუნდი, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი. დრო მალე გადის, შენი კონკურენტები იზრდებიან და მეც სხვა სიტუაცია დამხვდა. ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დამჭირდა. ავთამაშდი და... ისევ ტრავმა!

მკითხველი:
- გამარჯობა, ლევან. მახსოვს შენი პირველი წარმატება, პირველი დიდი გოლი და მას მოყოლილი უიღბლო პერიოდი, რომელიც ჯერჯერობით, მე ასე ვხედავ, არ დამთავრებულა. მზად ხარ თუ არა, ახალი მონდომებით, შემართებით და თავდადებით ყველას აჩვენო (მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებსაც), რომ შენს ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება შესაძლებელია და სავსებით რეალურიც? ყველა შენს გულშემატკივარს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებს, ისევ ისე უყვარს თუ არა ლევან ყენიას ფეხბურთის თამაში, როგორც პატარა ლევანს უყვარდა, დიდ "შალკეში" თამაშის დროს? მადლობა დაუვიწყარი წუთებისთვის, რომლებიც გვაჩუქე და რომლებსაც კიდევ გვაჩუქებ მომავალში :)
- დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად ვარ. ტრავმებმა ძალიან გამაწვალა. "სლავიასთან" ერთად მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე  გასვლა მქონდა დასახული. ჩემს შანსს აქ ვხედავდი, ამისთვის ვიბრძოდი, ვუძლებდი კონკურენციას, რომელიც ჩემს პოზიციაზე დიდი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ ტრავმა და აგერ, ცხრა თვეა, ისევ ფეხბურთის გარეშე ვარ. მსგავსი უიღბლობა იშვიათობაა...

აშენებ, აშენებ და ბოლოში მისული ტრავმას იღებ, რომელიც ფსიქოლოგიურ დარტყმას გაყენებს, თუმცა მე ვცდილობ, დავბრუნდე და კვლავ ვითამაშო ფეხბურთი.

ფეხბურთისგან იმ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, რომელსაც 17-18 წლის ასაკში ვიღებდი. მაშინ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, ტრავმების მერე კი მუდმივად შიშს ვგრძნობ. ვცდილობ ამ ყველაფრის გადალახვას, თუმცა მიჭირს. ყველა გამიგებს და დამეთანხმება, ვისაც კი მძიმე ტრავმა გადაუტანია.

მკითხველი:
- ლევან, გამარჯობა. ჩემი აზრით, 2000-იანი წლების ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხარ. ფელიქს მაგათის ტიპის მკაცრი მწვრთნელი უფრო ანვითარებს ახალგაზრდა ფეხბურთელს თუ თუნდაც უფრო მშვიდი, ვაისის ტიპის?
- როგორ გითხრათ... ყველა მწვრთნელს სხვადასხვა რამ უხდება. ფელიქს მაგათის სკოლის გავლის შემდეგ ჯანმრთელი თუ "გადარჩებოდი", ძალიან დიდი ფეხბურთელი იქნებოდი.

მაგათს ტრავმირებულებთან ჰქონდა სულ ცუდი ურთიერთობა, ბევრი მინახავს ასეთი: ის ტრავმიანი ფეხბურთელებისგან მალე გამოჯანმრთელებას ან წასვლას მოითხოვდა. ამ მხრივ ბევრი ახალგაზრდა დაღუპა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ძლიერი ხელი სჭირდება. თუ ის დისციპლინირებულია და გაჰყვება ასეთ მწვრთნელს, წარმატებას მიაღწევს, ხოლო თუ ის უიღბლობა დაემართა, რომელიც მე, აზრი არ აქვს, ვისთან იქნება...

მკითხველი:

- როგორ ფიქრობ, ბოლო 10 წლის მანძილზე (რაც შენ არ თამაშობ), რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ ეროვნულ ჩემპიონატში და რითი გვჯობნის თუნდაც ჩეხეთი?
- ეროვნული ლიგის რამდენიმე მატჩს დავესწარი და დონე ნამდვილად მომატებულია. ახალი ფორმატის მეშვეობით ჩემპიონატი უფრო დაძაბული გახდა. მისასალმებელია ისიც, რომ რამდენიმე ახალი სტადიონი გვაქვს. იმედია, წლიდან წლამდე დაფინანსებაც მოიმატებს.

ჩეხეთის ჩემპიონატს ჯერ ვერ შევადარებ თუნდაც მხოლოდ დასწრების გამო. იქ გულშემატკივარი მრავლად დადის სტადიონზე და ჩეხეთში 3-4 ისეთი დონის კლუბია, რომლებისგანაც ჩვენი კლუბები ჯერ შორს არიან.

მკითხველი:

- შენი ეროვნულ ლიგაში დაბრუნება ძალიან კარგი მაგალითია სხვა მაღალი დონის ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უკლუბოდ არიან, სათამაშო დრო არ აქვთ ან საქართველოზე სუსტ ჩემპიონატში თამაშობენ. ეროვნული ლიგა სწრაფად პროგრესირებს და ამას ყველა ხედავს, ყველა აღიარებს. მადლობა შენ, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგი და დაბრუნდი საქართველოში. შენი აქ ყოფნა ეროვნული ლიგის პრესტიჟია, მაგრამ როგორ ფიქრობ, შენ რამდენად წაგადგება აქ თამაში?
- თუ ეს პრესტიჟია, მაშინ აქ ყოფნა ორმაგად მიხარია. როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ მძიმე ტრავმების შემდეგ ასე საკუთარ თავსაც დავეხმარებოდი და ჩემპიონატსაც. ვეცდები, სასურველ ფორმაში მალე შევიდე, "ლოკომოტივს" დავეხმარო მიზნების მიღწევაში, შემდეგ კი კვლავ უცხოეთში წასვლას ვგეგმავ. ვნახოთ, რა გამოვა.

მკითხველი:

- გამარჯობა, ლევან. ძალიან სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ქართველი გულშემატკივარი უფრო ხშირად ვნახავთ შენს თამაშს ჩვენს მოედნებზე. შენ ხომ გამოჩენისთანავე დაიპყარი ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა გულები. სამწუხაროდ, არაჩვეულებრივი დასაწყისის მიუხედავად, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც გვსურდა. დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი? რას მიიჩნევ მცდარ ნაბიჯად შენს საფეხბურთო ცხოვრებაში?
- ბევრს არაფერს შევცვლიდი. ჩემი კარიერა ძალიან კარგად იწყებოდა და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში დამეხმარა. ერთია, რომ იმ პატარა ასაკში სათანადო გამოცდილება რომ მქონოდა, უკეთესი იქნებოდა. საქართველოდან წასულს ტრავმები არ მაწუხებდა, უკვე დიდ დონეზე თამაშის დროს დაიწყო ეს.

არ ვიცოდი, ტრავმა რა იყო და ისეთ მწვრთნელთან მოვხვდი, რომელიც ახალგაზრდებს არ აცდიდა სრულად გამოჯანმრთელებას. არ ვიცოდი, რომ დასვენება მჭირდებოდა, სულ მალე ვიწყებდი ვარჯიშს და...

მკითხველი:

- შენ "შალკესა" და პრაღის "სლავიაში" თამაშობდი. ორივე გუნდს საკმაოდ კარგი და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს, საქართველოში კი იშვიათად ხდება, რომ შიდა ჩემპიონატის მატჩს 10 000-ზე მეტი ადამიანი დაესწროს. რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი ფეხბურთში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველოში ხალხი სტადიონზე დაბრუნდეს?
- სპორტსმენის პირველი მოტივაცია ხალხია. სავსე სტადიონი სხვა ემოციებს იწვევს, სულ სხვა მონდომებაა ფეხბურთელში, სხვა სისწრაფე...

ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, როგორ უნდა მოვიზიდოთ გულშემატკივარი. ამას დიდი ანალიზი სჭირდება. ალბათ, იმ ქვეყნებს უნდა შევხედოთ, სადაც დაახლოებით 15 წლის წინ ასეთი პრობლემა იყო, დღეს კი მაღალ დონეზე არიან. მათ გეგმა დაწერეს და მიჰყვნენ. პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან არ მგონია, ეს რთული იყოს.

კლუბებს ნორმალური დაფინანსება თუ ექნებათ, კარგ ლეგიონერებს ჩამოიყვანენ და 1-2 კლუბი ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ხალხი აუცილებლად დაბრუნდება.

მკითხველი:

- ლევან, მოგესალმები. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო და მოგილოცო სამშობლოში დაბრუნება. მიხარია, რომ ეროვნულ ლიგაში თამაშით უკვე უშუალოდ შენ შეიტან წვლილს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ასევე მჯერა იმისიც, რომ შენი თამაშის სანახავად გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა. წარმატებას გისურვებ :) რაც შეეხება კითხვას: შენი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნაკლებად ცნობილ ქვეყნებში თამაშობენ (ყაზახეთი და მსგავსი ქვეყნები მაქვს მხედველობაში), არ არის უმჯობესი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, ეროვნულ ლიგაში ითამაშონ და მეტი სახელი გაუთქვან ჩემპიონატს? მესმის, რომ ეს ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ფედერაციიდან და კლუბებიდან მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესება და ამ საკითხის ყურადღებით განხილვა, მუშაობა. მგონია, "ლოკომოტივის" მაისურით ლიგაზე თუ ითამაშე, ამ გრძნობას ვერ შეედრება ყაზახეთის რომელიმე გუნდით მიღწეული წარმატება. ხომ ასეა? წარმატებები, ლევან.
- ასეა! ქართულ კლუბთან ერთად მიღწეული წარმატება სულ სხვა რამ იქნება, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებთან ერთად.

იმ ქართველ ფეხბურთელთა ჩამოსაყვანად კი, რომლებიც უცხოეთში არიან წასულები, პირობების შექმნაა საჭირო: ფინანსები, ბაზები, მოედნები... ფეხბურთელს აქ თამაშის არ უნდა რცხვენოდეს.

ფეხბურთს სულ 15 წელი თამაშობ და ამ ხნის განმავლობაში თუ არ უზრუნველყავი შენი მომავალი, ძალიან გაგიჭირდება. ასე რომ, სათანადო პირობების შემთხვევაში, არ მგონია, რომელიმე ქართველ ფეხბურთელს უცხოეთში სურდეს თამაში, როცა შინ, თავის ქვეყანაში უკეთესი სიტუაცია ექნება.

მაღალ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელებს ვერა, მაგრამ ყაზახეთში, უკრაინაში მყოფების დაბრუნება შესაძლებელია.

მკითხველი:

- გამარჯობა, ლევან. მრავალი სიხარული გიჩუქებია ქართველი გულშემატკივრისთვის და კიდევ მრავალს გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: რომელი მეკარისთვის ისურვებდი ყველაზე მეტად გოლის გატანას?
- მანუელ ნოიერისთვის. ვარჯიშებზე რამდენჯერმე კი გავუტანე, მაგრამ თამაშზეც ვისურვებდი.

მკითხველი:

- წამი მოედანზე, როდესაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდი...
- ნაკრების მოგებული მატჩის შემდგომი ყოველი წამი განსაკუთრებულია, მას ვერაფერი შეედრება. მაგალითად, შოტლანდიას, უელსს რომ მოვუგეთ... საოცარი იყო.

მკითხველი:

- მოგესალმები, ლევან. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ "მიზნის გარეშე ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს". რა არის ფეხბურთში შენი მიზანი? წარმატებები.
- მიზანს ყოველთვის რეალობიდან გამომდინარე ვისახავ. ახლა რომ გითხრათ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა ჩემი მიზანი-მეთქი, ხომ გადამეტებული იქნება?!

დღეს ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნებაა. შემდეგ უკვე სხვა მიზანს დავისახავ. აქამდე "სლავიასთან" ერთად ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მქონდა მიზნად დასახული. საწადელს თითქმის მივაღწიე, მაგრამ ისევ ტრავმა...

მკითხველი:

- მინდა, გისურვოთ, რომ "ლოკომოტივში" დაბრუნება კვლავ თქვენი ბუნდესლიგაში დაბრუნების საწინდარი გამხდარიყოს. გაიხსენეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც "შალკესთან" გააფორმეთ კონტრაქტი და რას გრძნობდით, როდესაც, სამწუხაროდ, ტრავმების გამო გუნდის დატოვება მოგიწიათ?
- გადასვლისას ვერ ვიაზრებდი, სად და რა გუნდში ვთამაშობდი. აი, ტრავმა რომ მივიღე და იქიდან წამოვედი, ყველაფერს გარედან შევხედე, მაშინ გავიაზრე, რა დონეზე ვიყავი. ძალიან მენატრება ის დრო.

მკითხველი:

- მაინტერესებს, მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდები? შენ გარეშე ფეხბურთი მოსაწყენია...
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე. ახლა კონკრეტული თარიღების თქმა მიჭირს.

მკითხველი:

- კარიერის მანძილზე არაერთი მაღალი დონის მატჩი ჩაგიტარებია. შეგიძლია გაიხსენო კარიერის საუკეთესო მატჩი (ან გოლი), რომელმაც გაგრძნობინა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეგეძლო?
- ასეთი რამდენიმე მატჩი იყო. მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში შოტლანდიასთან პირველმა მატჩმა თავდაჯერება შემმატა. შემდეგ ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგთანაც" კარგად ვითამაშე და მივხვდი, რომ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მყავდნენ და მათ გვერდით თამაში რომ გამომდიოდა, ვფიქრობდი, აუცილებლად გავიზრდებოდი და დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი.

მკითხველი:

- ლევან, შეიძლება ითქვას, რომ შენი კარიერა გადატვირთვის ეტაპზეა. როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ეროვნული ლიგა შენთვის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ტრამპლინად გამოდგეს, თუ ამის იმედი ნაკრების თამაშებში უფრო გაქვს?
- ევროპაში მითამაშია და მწვრთნელები ასე თუ ისე მიცნობენ. ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და იციან ჩემი ტრავმების შესახებ, იციან, რა დროც დავკარგე მათ გამო.

არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში მაშინ, როცა კვლავ ავთამაშდები. ჩემს შესაძლებლობებს ალბათ იცნობენ, მაგრამ საუკეთესო ფორმაში მყოფსაც კი ნაკლებად მეძლეოდა შანსი ნაკრებში.

მკითხველი:

- ლევან, ეროვნულ ნაკრებს ძალიან აკლიხარ. მინდა, მალე გამოჯანმრთელდე და მოედანს დაუბრუნდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების იმედი შენც გაქვს...
- მაქვს იმედი, ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში განსაკუთრებულია.

მკითხველი:

- ლევან, როგორც ვიცი, ადრე რომის "ლაციოს" სურდი, სკაუტებიც კი იყვნენ შენ სანახავად ჩამოსულნი, თუმცა მაშინ თემურ ქეცბაიამ მოედანზე არ შეგიშვა, რაზეც განაწყენდი. მას მერე "ლაციოდან" ინტერესი აღარ ყოფილა? იმ დღესვე გაქრა, რომ არ ითამაშე?
- ძველი ამბავია. უბრალოდ, მაშინ სამი წლის უთამაშებელი ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და 15-20 წუთი, რომელიც უნდა მეთამაშა, ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. სამწუხაროდ, მწვრთნელი არ მენდო და ამხანაგურ მატჩში 15 წუთი ვერ დამითმო. ამან გამაღიზიანა და დანარჩენი რაც მოხდა, კი გემახსოვრებათ.

მას მერე "ლაციოს" ვარიანტი აღარ მქონია.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ლევან. ხშირი ტრავმების გამო ხომ არ გიფიქრიათ ფეხბურთიდან წასვლაზე?
- ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ყველას გვაქვს კრიტიკული დღეები. ახალი დღის გათენებას ახალი მონდომებით ვხვდები და გადამივლის ხოლმე ამაზე ფიქრები.

უბრალოდ, იყო დრო, როცა ძალა დავკარგე და ბრძოლა აღარ შემეძლო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული