კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჩხეტიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც "ტორპედოს" მაისურს უსახსოვრებს. მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე ფხაკაძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "მითია თუ რეალობა "ქუთაისური სული" და ახდენს თუ არა ეს გუნდში შექმნილ ატმოსფეროზე გავლენას?"

მკითხველი:
- რას ნიშნავს პირადად თქვენთვის "ქართული კლასიკო", რატომ არის "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრა კლასიკოდ წოდებული და ქართული ფეხბურთისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირებას?
- თბილისის "დინამო" ქვეყნის უძლიერესი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. "ტორპედოსა" და "დინამოს"
დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და ძალიან მნიშვნელოვანია. "დინამოსნაირ" კარგ გუნდს როცა უგებ, დიდ სიამოვნებას იღებ.

ამ გუნდების დაპირისპირება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ეთამაშება და გულშემატკივარი ყოველთვის სანახაობრივ მატჩს ელის.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო კახა. პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ გუნდი, ასე ვთქვათ, საიქიოდან, ხოლო მაყურებელი "ტორპედოს" სტადიონზე დააბრუნეთ. თქვენთვის რომელი უფრო დიდი ემოცია, განცდა და სიხარულია: "ტორპედოს" ფეხბურთელობა და წლების დაფასებული შრომა თუ "ტორპედოს" მწვრთნელობა და გულშემატკივრებში პირველივე 90 წუთში მოპოვებული კიდე უფრო დიდი სიყვარული და პატივისცემა? წარმატებას გისურვებთ როგორც თასის ფინალში და სპორტულ კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. იმედი გვაქვს, ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩებით.
- გუნდი რომ ათამაშდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის - ეს სამწვრთნელო შტაბის, ხელმძღვანელობის, ფანების დამსახურებაა, თუმცა ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, თავი მშვიდად რომ ვიგრძნოთ. წინ დაძაბული მატჩები გველის და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება.

სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელობა უფრო ადვილია. კი, დიდი პასუხისმგებლობაა შენს მშობლიურ კლუბში თამაში, მაგრამ რამდენიმესაათიანი ვარჯიშის შემდეგ სახლში მივდიოდით და სხვა რამეებზე აღარ ვფიქრობდით. მწვრთნელობა კი გაცილებით რთულია - იმხელა შრომას დებ, რომ გამარჯვებულად ყოფნა ორმაგად გახარებს.

მკითხველი:
- გამარჯობა, კახა. პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებული სამწვრთნელო კარიერის დასაწყისს და გისურვებთ, სულ გამარჯვებებით გევლოთ. თქვენ მიეკუთვნებით იმ ფეხბურთელთა რიგს, რომელმაც "ტორპედოში" თავისი კვალი დატოვა და რომელიც ნამდვილ ტორპედოელად ითვლება. ცნობილია, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი თავისიანებისგან გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისგან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რას გრძნობთ, როდესაც თქვენი საყვარელი გუნდი გაგყავთ მოედანზე ახლა უკვე მწვრთნელის რანგში?
- ვერ ვიტყვი, რომ ქუთაისელებისგან უფრო დიდი მოთხოვნაა. "ტორპედოში" ფეხბურთელი როცა ჩამოდის, ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს ამ გუნდს. მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რასაც მათგან ფანები ითხოვენ. შესაძლოა, წაგებული მატჩის შემდეგ ქუთაისელს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს, გარეთ გასვლის ერიდებოდეს... მაგრამ არ მგონია, თუნდაც თბილისელმა ფეხბურთელმა თბილისელობის გამო გამარჯვება ან მარცხი სხვანაირად აღიქვას.

რაც შემეხება მე, ჩემთვის "ტორპედოს" გაწვრთნა უდიდესი პატივია. ზოგჯერ ისე ვარ, ლამისაა მოედანზე შევვარდე და მე ვითამაშო...

მკითხველი:
- მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი ფაქტია იმისა, როდესაც კლუბის ყოფილი მოთამაშე მას უკვე მწვრთნელის ამპლუაში უბრუნდება. ეს ყველაფერი ორმაგი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან არის საშიშროება იმისა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, შენი ფეხბურთელის დროინდელი წარმატებაც ფეხქვეშ გათელო. რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი გამბედავი ნაბიჯის გადადგმა?
- ამ ქალაქში ვცხოვრობ და გამომდინარე იქიდან, რომ აქაური ფანები ძალიან მომთხოვნები არიან, ვიცი, "ტორპედოს" მწვრთნელობა ძალიან რთულია, თუმცა, თუ წარმატებას მიაღწიე, ორმაგად გიფასებენ. უკვე ვამჩნევ, რომ გულშემატკივარი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება, რაც ძალიან მახარებს.

ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე საერთოდ არ მიფიქრია - მქონდა გუნდისა და ფანების გვერდში დგომის იმედი, ხოლო იქ, სადაც გვერდში დგომაა, შედეგი აუცილებლად იქნება.

მკითხველი:

- "ტორპედოში" ზუსტად ის კონტინგენტია, რომელიც თქვენ მოსვლამდე იყო. ანუ თქვენ, როგორც ახალ მწვრთნელს, ჯერ არ მოგცემიათ საშუალება, გუნდი თქვენებურად დაგეკომპლექტებინათ და მაინც, გუნდი ცალსახად უკეთესად და გამართულად თამაშობს. რის ხარჯზე მოახერხეთ ასეთ მცირე მონაკვეთში ბიჭების ერთ გუნდად შეკვრა?
- შევძელით, ვქცეულიყავით ერთ ოჯახად, ერთ გუნდად... მიზნად ყველამ ერთი დავისახეთ - ყველა თამაშში გამარჯვება და თუ ამას ამჩნევთ, ძალიან მიხარია.

მკითხველი:
- ყველასთვის კარგად არის ცნობილი "ტორპედოსა" და "დინამოს" დაპირისპირების შესახებ. ბოლო დროს "დინამო" უპირატესობას ფლობდა ამ მხრივ, განსაკუთრებით, სათასო შეხვედრებში, თუმცა თქვენ მოახერხეთ და ეს ცუდი ტრადიცია დაარღვიეთ, რის შემდეგაც გულშემატკივართა თვალში ერთიორად ამაღლდით. ამ სეზონში კიდევ მინიმუმ ერთხელ გიწევთ "დინამოსთან" დაპირისპირება. რას ჰპირდებით გულშემატკივარს ამ თამაშში?
- ზუსტად იგივე ბრძოლასა და თავდადებას, რომელიც ბოლო ორ თამაშში იყო. ფეხბურთელები მოსაგებად ახლაც სულსა და გულს ჩადებენ. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, ფეხბურთის თამაში იციან და თუ კონკრეტული თამაშისთვის კარგად მოემზადებიან, არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნათ.

მკითხველი:
- "ტორპედო" გავიდა თასის ფინალში, სადაც კერკეტ კაკლად ქცეულ მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება. და ვინაიდან თამაში მაღალი ხარისხის მოედანზეა დაგეგმილი, ეს ფაქტორი თქვენს გუნდს კიდევ უფრო უმტკიცებს ფავორიტის სტატუსს. ჩვენ დავინახეთ, როგორ დაამარცხა "მერანმა" "ჩიხურა"... რა იქნება "ტორპედოს" მთავარი პლუსი ამ თამაშში, "მერანისაგან" განსხვავებით?
- კი, მართალია, "მერანი" ხელოვნურზე თამაშობს, ჩვენ - ბალახზე, მაგრამ არ მგონია, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ამან "მერანს" პრობლემა შეუქმნას. ფინალი ერთი მატჩისგან შედგება და იმარჯვებს ის, ვინც მაქსიმუმს გაიღებს. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ...

მკითხველი:

- "ტორპედოს" აქვს შანსი, თქვენი ხელმძღვანელობით დაუბრუნდეს ევროპას. თუმცა ქართული გუნდების ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, მათი ევროპაზე გამოსვლა დიდ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. "ტორპედოს" ევროპაზე მოხვედრის შემთხვევაში, თქვენ როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?
- თუ ღმერთმა ისურვა და ევროტურნირებზე მოვხვდით, დიდი იმედი მაქვს, რაც შეიძლება შორს გავალთ.

ქართული გუნდების ბოლოდროინდელი წარუმატებლობა კი იმის ბრალია, რომ თბილისის "დინამოს" გარდა, არცერთ გუნდს არ გააჩნია ფუნდამენტი - ყველას ყველაფერი 1 წელიწადში სურს ან ევროტურნირზე გასვლისას იწყებენ გუნდის გაძლიერებას. ევროტურნირზე გუნდი შეთამაშებული უნდა გავიდეს, ამას კი დრო სჭირდება. გუნდი ფიზიკურად და ტაქტიკურად მზად უნდა იყოს. სწორედ ეს პრობლემაა ბოლო წლებში...

მკითხველი:
- რა შეხედულების ხართ ლეგიონერებზე? თუნდაც ფერადკანიანზე? საქართველოში მოღვაწე მწვრთნელების უმეტესობა მათ არ სწყალობს, ისევე, როგორც გულშემატკივრები...
- ფერადკანიანებთან მიმართებაში პრობლემა არ მაქვს, მთავარია, ფეხბურთის თამაში იცოდეს. უბრალოდ, როცა ლეგიონერი ჩამოგყავს საქართველოში, ქართველს ბევრად უნდა აღემატებოდეს. ხელფასი ჩამოსულ ფეხბურთელს განსხვავებული აქვს, მაგრამ თამაშითაც განსხვავებული უნდა იყოს.

მკითხველი:
- "ტორპედო" თითოეული ქუთაისელის გულში დიდ ადგილს იკავებს - გუნდი, რომელსაც უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია და მრავალჯერ დაუფლებია საპრიზო ადგილებს ჩემპიონატში. გილოცავთ, ბატონო კახა, რომ ღირსეულად ატარებთ იმ პატივს, რასაც "ტორპედოს" მწვრთნელობა ჰქვია. გუნდმა თქვენი ხელმძღვანელობით კრიზისი დაძლია და შესაძლებლობა გვაქვს, დავეუფლოთ დავით ყიფიანის სახელობის თასს, რითაც მთელი ქუთაისი იამაყებს. რაც შეეხება კითხვას: აპირებთ თუ არა შემადგენლობის გაძლიერებას და თუ გაქვთ შერჩეული კანდიდატები ამისათვის? დატოვებს თუ არა შემადგენლობას ზოგიერთი ფეხბურთელი?
- დიდ მადლობას გიხდით ასეთი შეფასებისთვის. ეს უკვე მომავლის საქმეა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფინანსებზე - რამდენიმე ფეხბურთელი მონიშნული გვყავს და თუ ფინანსურმა მხარემ მოგვცა უფლება, სიამოვნებით შევიძენთ, ხოლო ვინც კლუბის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, ის გუნდს დატოვებს. ეს ჩვეულებრივი პროცესია...

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო კახა. თქვენ "ტორპედოში" საკმაოდ დიდხანს თამაშობდით, ახლა კი მთავარი მწვრთნელი ხართ. "ტორპედოში" თამაშისას ყველაზე მეტად რომელ თამაშს გამოარჩევდით თქვენი მონაწილეობით?
- "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის გამართულ შეხვედრას გამოვარჩევდი, რომელიც ანგარიშით 3:1 მოვიგეთ. იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე, "დინამოს" რიგებში კი მიხეილ აშვეთიამ გამოიჩინა თავი.

მკითხველი:

- როგორც "ტორპედოს" გულშემატკივარს, მაინტერესებს, არის თუ არა შანსი იმისა, რომ მომავალში კლუბში კარგი სპონსორი მოვიდეს, ჩადოს ფინანსები, შექმნას მყარი ფუნდამენტი, აკადემია და მოაწესრიგოს მთავარი მოედანი, რომელიც ახლა საშინელ მდგომარეობაშია? გვსურს, თქვენი მეთაურობით გუნდი სწორ გზას დაადგეს...
- არ ვიცი, რა და როგორ იქნება, მაგრამ მეც მაქვს სურვილი, მოვიდეს სპონსორი, გაკეთდეს აკადემია და ქალაქში ფეხბურთის განვითარებას ფუნდამენტი ჩაეყაროს, რადგან ბავშვთა ფეხბურთის გარეშე ფეხბურთის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ბავშვებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეთ. ეს პროცესი წლებს საჭიროებს, სამაგიეროდ, "ტორპედოს" კლუბის აღზრდილი მოთამაშეები დაამშვენებენ.

მკითხველი:
- კახა, გამარჯობა. პირველ რიგში, მადლობა "დინამოსთან" მოგებისთვის, მადლობა "გურიასთან" 5-0 მოგებისთვის და მადლობა იმ ჯიგრისთვის, რაც თქვენი მოსვლით "ტორპედოში" გაჩნდა. მინდა, ერთი კითხვა დაგისვათ. მე თქვენი თამაში ბავშვობიდან მახსოვს. ვცდილობდი, მაისურზე როგორმე 17 ნომერი დამეტანა, რომ მერე ეზოში ჩამეცვა. მაინტერესებს, თქვენი "ტორპედოდან" წასვლის შემდეგ ვის მიიჩნევთ საუკეთესოდ იმ პოზიციაზე, სადაც თქვენ თამაშობდით?
- რა ვიცი... დღეს ჩემს პოზიციაზე გიორგი ქიმაძე თამაშობს, რომელიც საქართველოში ამ პოზიციაზე საუკეთესოა.

მკითხველი:

- კახა, გამარჯობა. რა მაინტერესებს, იცი? როდის ვიხილავთ ისეთ "ტორპედოს", სადაც შენ, ჯანო, იონა, აშვე, ასკა და კიდე ბევრი ჩემი ბავშვობის საყვარელი ბიჭები თამაშობდით? კიდევ როდის ვიხილავთ ქუთაისში აეკ-ს, "ლანსს", "კოპენჰაგენს", "სპარტას" და ა.შ? დღეს უკვე, როცა პატარა (4 წლის) ბიჭი მყავს, მინდა, ამაყობდეს და უყვარდეს მისი ქალაქის გუნდი. მალე შეძლებთ მის გახარებას? :)
- გაიხარეთ. მაქსიმალურად სწრაფ დროში ვეცდებით და რამდენად მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, ერთად ვნახავთ. ნახავთ, რომ შრომას არავინ დააკლებს ქუთაისში აეკ-ისა და სხვა უფრო მაღალი გუნდების ჩამოსაყვანად. მერწმუნეთ, გუნდში ყველა საამისოდაა მომართული.

მკითხველი:

- ბატონო კახა, პირველ რიგში, დიდი მადლობა ბოლოდროინდელი წარმატებების გამო. გუნდს ყოველ თამაშში პროგრესი ეტყობა. უნდა გკითხოთ ამ წარმატების გამომწვევ მიზეზებზე, არის თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი თქვენი და კლუბის მენტალური თანხვედრა? მითია თუ რელობა "ქუთაისური სული" და ახდენს თუ არა ეს გუნდში შექმნილ ატმოსფეროზე გავლენას?
- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ თუ ეს იგრძნობა, მიხარია. ძალიან ვუმადლი ბიჭებს - ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გუნდი უკეთესი გახდეს.

მკითხველი:
- ბატონო კახა, რა აზრის ხართ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე? პირადად მე, "ბილბაოს" სატრასფერო პოლიტიკა მხიბლავს. ჩვენი კლუბიც ბოლო პერიოდში მაქსიმალურ აქცენტს ადგილობრივ რესურსზე აკეთებდა. შედეგად, დღეს გუნდში ძალიან ბევრი ადგილობრივი, ქუთაისელი ფეხბურთელია. კარგია თუ არა ეს გუნდისთვის, როგორია ამ მიმართულებით თქვენი ხედვა?
- ცხადია, ძალიან კარგია, როცა გუნდში ბევრი ადგილობრივი ფეხბურთელია, თუმცა ფეხბურთელის არც სხვა კუთხიდან ჩამოყვანის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ადგილობრივ კადრებს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თუ არის ქუთაისელი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს წაადგება, აუცილებლად ვეცდებით მის შეძენას.

მკითხველი:
- რა სამწვრთნელო ფილოსოფიის მიმდევარია კახა ჩხეტიანი? რა ზეგავლენა მოახდინა მასზე გია გეგუჩაძესთან მუშაობამ?
- ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის შეტევას ვითხოვ, თუმცა დაცვაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ვითხოვ მეტოქის მოედანზე მაღალ პრესინგს, რადგან ასეთ დროს მეტოქეს შეცდომას აშვებინებ.

გია გეგუჩაძესთან მუშაობით ძალიან ბევრი ვისწავლე. ძალიან გამიმართლა, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ, როცა "ტორპედოში" დავიწყე მუშაობა, ზუსტად იმ პერიოდში ჩაიბარა გეგუჩაძემ გუნდი. შემდეგ დიდ გუნდში მან გადამიყვანა და ასე განვითარდა ჩემი სამწვრთნელო კარიერაც. მისი ძალიან მადლობელი ვარ...

მკითხველი:
- შესაძლოა, ეს კითხვა მნიშვნელოვანი თამაშების წინ უპრიანი არ იყოს. ვიცით, რომ გუნდი თქვენი დაკომპლექტებული არ არის. რას მიიჩნევს კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" სუსტ წერტილად?
- სუსტ წერტილად მივიჩნევ იმას, რომ გუნდში გარკვეულ პოზიციებზე კონკურენცია არ არის. ამიტომ ვეცდები, კონკურენცია გავზარდო - ასეთ დროს არც ტრავმების შიში მექნება, არც ყვითელი ბარათების...

მკითხველი:

- საინტერესოა, თქვენი აზრით, ჩვენი მეკარის გარდა, არის თუ არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი მზად ნაკრების კანდიდატობისთვის და იმსახურებენ თუ არა ნაკრებისგან მეტ ყურადღებას? იგივე გიორგი ქიმაძე აშკარად გამორჩეულია. ასევე საინტერესოა, გაქვთ თუ არა სანაკრებო თემაზე კონსულტაციები ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან, თუნდაც გია გეგუჩაძესთან ან ფედერაციის წარმომადგენლებთან?
- ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ყურადღება მისაქცევია გიორგი ქიმაძესა და გუგა ფალავანდიშვილზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ნაკრების წარმომადგენლებს ეს ბიჭები არ გაეპარებათ.

სამომავლოდ კი არის რამდენიმე ფეხბურთელი, ვისაც შეეძლება ნაკრებში მოხვედრა. მთავარია, სტაბილურად თამაში გააგრძელონ.

კონსულტაციები მაქვს, კი - ისინიც გვირეკავენ, ჩვენც ვურეკავთ. გვეკითხებიან, ხომ არ გამოჩნდა ჩვენს გუნდში ფეხბურთელი, რომლის გამოძახებაც შეიძლება ასაკობრივ გუნდებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული