ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

AutoSharing Option
1972 წლის ოლიმპიადის ფინალში ზურაბ საკანდელიძის ფოლს ოქროსი უწოდეს; იტალიის ჩემპიონატში ვიქტორ სანიკიძის "ოქროს დაფარებაც" გვახსოვს; NBA-ში ზაზა ფაჩულიას "ოქროს მოხსნა"...

"ოქროს ერთიანი" რას ნიშნავს? - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ერთი ქულის სხვაობით მოიგო. სწორედ ესაა "ოქროს ერთიანი" - ამ გამარჯვებით ქართველებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ჯგუფში პირველი ადგილისკენ (იხილეთ ვიდეო).

მართალია, ევრობასკეტის საგზურს ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები მიიღებენ (ამის შანსი მესამესაც აქვს...), მაგრამ ევრობასკეტზე შესარჩევის ლიდერის სტატუსით მოხვედრა სლოვენიაში წილისყრისას ბევრ ძლიერ ნაკრებს აგვარიდებს.

...თუმცა ჯერ ჯგუფის მოგებაზე ლაპარაკი ნაადრევია. საქართველომ
ორი ბრძოლა მოიგო, წინ კიდევ ექვსი მატჩია. ახლა უფრო მეტი მობილიზებაა საჭირო, რათა კარგად დაწყებული ისევე დავასრულოთ, როგორც ბოსნიაში.

Sportall.Geაღმართი და დაღმართი
ზედა წინადადებას ცოტა შესწორება სჭირდება: ბოსნიაში კარგად კი არა, საოცრად დავიწყეთ და დადებითად დავასრულეთ.

რამდენადაც ეფექტურად გაისარჯა ნაკრები პირველ ტაიმში, იმდენად გვანერვიულა ბოლო წუთებზე. თავად განსაჯეთ: მეორე პერიოდის დასრულებას 58 წამი უკლდა, როცა ვიქტორ სანიკიძის ორქულიანის შემდეგ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 54:34 დაფიქსირდა.

ჩვენს მონაგარს ბოსნიელებისა რომ გამოვაკლოთ, 20 დაგვრჩება - სწორედ ასეთი უპირატესობით დაწინაურდნენ სტუმრები.

ამ დონის შეჯიბრებებში 20-ქულიანი სხვაობის განიავების ფაქტი იშვიათად ფიქსირდება. სწორედ იშვიათი შემთხვევის მომსწრენი გავხდით სარაევოში: საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე ბოსნიელმა მირზა ტელეტოვიჩმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 95:96.

გიორგი ცინცაძემ მომდევნო შეტევაში ბურთი ბოლომდე გაათამაშა, ვიდრე იერიშისთვის განკუთვნილი 24 წამი ამოეწურებოდა, მეტოქის საჯარიმოში შევიდა, თუმცა მისმა გადაცემამ სანიკიძემდე ვერ მიაღწია და ბოსნიას შეტევისთვის 6 წამი დარჩა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა თავკაცმა ალექსანდრ პეტროვიჩმა წუთშესვენება აიღო. ჩანს, მან თამაშის მოგება ნიჰად დედოვიჩს დაავალა. ამ უკანასკნელმა ბურთი ხელთ იგდო, საქართველოს ნაკრების ფარქვეშ შევიდა, მაგრამ... იქ ზაზა ფაჩულია დახვდა, რომლის კონტროლირებად ზონაში შესვლას NBA-ს კალათბურთელებიც ერიდებიან.

დედოვიჩმა ვერც სროლა გაბედა, არც პასი გამოუვიდა, ბურთი ვიქტორ სანიკიძის ნადავლი გახდა და საქართველოს ნაკრებმა, როგორც გითხარით, "ოქროს გამარჯვება" მოიპოვა.

პოპულარული გამოცანა გამახსენდა: აღმართი მეტია თუ დაღმართი? საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ბოსნიაში აღმართი ოდნავ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დაღმართი. ...ერთით მეტი!

Sportall.Geრატომ დნება ყინული ღუმელზე?
ამ ქვეთავში გავარკვიოთ, რამ განაპირობა მატჩის მსვლელობისას ანგარიშში დაფიქსირებული ზედმეტად მაღალი ამპლიტუდა. ამისთვის საჭიროა, ჯერ პირველი მეოთხედის სურათი აღვადგინოთ.

ბოსნიელებმა ჯერ ლატვიას სძლიეს, შემდეგ სტუმრად - ჰოლანდიას. მათი მწვრთნელი შიშობდა, რომ მისი შეგირდები ეიფორიაში იყვნენ და საქართველოს ნაკრებთან მატჩში ეს მათზე დადებითად ვერ იმოქმედებდა.

ემოციური მუხტი მართლაც აისახა პირველ პერიოდზე: ბოსნიელებს ფარქვეშ ზაზა ფაჩულია დახვდათ და სამწამიანი ზონიდან ბურთის ჩაგდება უჭირდათ, ხოლო პერიმეტრიდან შვიდივე ტყორცნა ააცილეს.

ამან მასპინძლებზე დამთრგუნველად იმოქმედა და ისეთი დონის კალათბურთელიც კი, როგორიც ნიჰად დედოვიჩია, ბავშვურ შეცდომებს უშვებდა. 28:9 - ასეთი სხვაობით გავიმარჯვეთ საწყის ათწუთეულში.

საპირისპიროდ, თავისუფლად, ქართულ სტილში თამაშობდნენ ჩვენი კალათბურთელები - სწრაფ შეტევებს ხან ჩატენვებით აგვირგვინებდნენ, ხან სამქულიანებით.

იყო არაერთი შემთხვევა, როცა ჩვენი კალათბურთელები ბოსნიელთა საჯარიმოში რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ - მოწინააღმდეგეები, უბრალოდ, ვერ ასწრებდნენ დაცვაში დაბრუნებას.

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ბოსნია ჩვენთან შედარებით გადაღლილი იყო. მათთვის ხომ ეს მატჩი 15 აგვისტოს შემდეგ მესამე გახლდათ, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ რუმინეთთან ჰქონდა ნათამაშები, თან სარაევოში ჩარტერული რეისით მშვიდად ჩაფრინდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მეორე პერიოდში 20-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ. ამას არ შეიძლებოდა, ორივე გუნდზე არ ემოქმედა: ბოსნიელებმა თამაშის გამოსწორება სამქულიანებით სცადეს (როცა დიდი სხვაობით აგებ, უფრო თავისუფლად ესვრი), ხოლო ქართველები შეტევებისთვის განკუთვნილი 24 წამის ბოლომდე გამოყენებას ცდილობდნენ.

შედარებით მშვიდ თამაშში მასპინძელთა ლიდერებს - დედოვიჩს, მასიჩსა და ტელეტოვიჩს შორეული სროლა წაუვიდათ (მათ ერთობლივად 12 სამქულიანი გამოიყენეს) და ქართველთა უპირატესობაც ღუმელზე მოხვედრილი ყინულივით სწრაფად გალღვა.

ლოგიკური ამბავია, რომ 5-6 კალათბურთელი მთელ თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. ყველას ჰქონდა აღმავლობა და ჩავარდნა. სწორედ იმისთვისაა საჭირო სათანადო შეცვლა, რომ სასტარტოებს არა მხოლოდ ამოსუნთქვის საშუალება მისცეს, არამედ მათ მიერ მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო განავრცოს.

Sportall.Geგავიხსენოთ თუნდაც ბელგიასთან 2010 წლის გასვლითი მატჩი, როცა სათადარიგოებმა - გამყრელიძემ, ცქიტიშვილმა და შერმადინმა მესამე პერიოდში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო მოედანზე დაბრუნებულმა სანიკიძემ და მარკოიშვილმა ქართველებს უპირატესობა დაუბევეს...

ბოსნიაში კი მხოლოდ ორმა სათადარიგომ, შერმადინმა და პულენმა ითამაშეს 10 წუთზე მეტი. 7 კალათბურთელით შეხვედრის მოგება რთული რომ არის, ახლაც დავრწმუნდით - სწორედ ამდენი მოთამაშით ჩაატარა ჩვენთან მატჩი ბოსნიამ.

ფაჩულია - 800
სარაევული შეხვედრის სტატისტიკა სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება: დაუშვებელია მომდევნო მატჩებში ვინმეს იმდენი სამქულიანის ჩაგდების უფლება მივცეთ, რამდენიც ბოსნიისგან მივიღეთ - 15.

არც ფარის დათმობა შეიძლება. ქართველებს ნამდვილად არ ჰყავთ ისეთი წინა ხაზი, რომ ბოსნიელებმა მოხსნებში 45:39 აჯობონ. ორქულიანების სროლა კი ასევე უნდა განვაგრძოთ - მეტოქის კალათში 34 ორქულიანი მოვათავსეთ.

კიდევ ერთი ციფრი უნდა ვახსენოთ: მატჩის დაწყებიდან 1:9 წუთი იყო გასული, როცა ზაზა ფაჩულიამ ორქულიანი ჩააგდო. სწორედ ამ ტყორცნით მან სანაკრებო 800-ქულიანი ბარიერი გადალახა.

ბოსნიამდე მის ანგარიშზე 799 ქულა იყო. ამ მაჩვენებლით იგი ნაკრების რეკორდსმენია.

ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი

Sportall.Ge

ლატვია-ჰოლანდია 85:70


D ჯგუფი
გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 3 2 1 289/269 5
2. საქართველო 2 2 0 176/159 4
3. ლატვია 2 1 1 169/157 3
4. რუმინეთი 2 1 1 154/164 3
5. ჰოლანდია 3 0 3 243/282 3

საქართველომ ბოსნია გადახზაზა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ რა მაგარი იქნება ქვეყანასაც ასეთი ლიდერი რომ ყავდეს რაც ამ გუნდს ყავს ფაჩულიას სახით მაგარი ხარ ზაზა
koka
13:16 22-08-2012
0
კარგი იყო, გოლოცავთ. მაგრამ მგონია მეტი პრამატულობა გმართებთ, განსაკუთრებით გასვლებზე, რომ დიდი ნაშრომი წყალმა არ წაიღოს.
gizog
12:47 22-08-2012
0

სიახლეები პოპულარული