ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?

AutoSharing Option
სამშაბათის ნომერში დავწერეთ: დღეს საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავსო. ასეც იყო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ქართველებმა ბოსნიასთან 103:107 დათმეს. შესაბამისად ევრობასკეტზე მოხვედრა გადაიდო.

როდემდე? - იკითხავთ. უახლოეს მატჩამდე, რადგან დარჩენილი ორიდან ერთი მოგებაც ევრობასკეტი 2013-ის საგზურს გაგვინაღდებს.

უახლოესი შეხვედრა 8 სექტემბერსაა: თბილისის დროით 18 საათზე რიგის საკალათბურთო დარბაზი ლატვიისა და საქართველოს განმეორებით თამაშ უმასპინძლებს.

თუ ტოტალიზატორებს ვენდობით, ფავორიტი ლატვიაა. მის მოგებაზე ფსონი 1.55-ია, საქართველოს გამარჯვებაზე 2.30.

ახლა, ლატვიის ნაკრების მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს ვკითხოთ... თუმცა მას ერთხელ უკვე ვკითხეთ: ლატვიელ
ჟურნალისტებთან მან თქვა - ჩვენთანაც და საერთოდ, ჯგუფშიც ფავორიტი საქართველოს ნაკრებიაო.

თბილისში პირველი მატჩისთვის ჩამოსულ ლატვიელ მწვრთნელს განმარტება ვთხოვეთ: კომპლიმენტი სასიამოვნოა, მაგრამ საინტერესოა, რის საფუძველზე მიიჩნევთ ქართველებს ფავორიტებად?

- თქვენ, ჩემზე კარგად გეცოდინებათ, რა ღირებულების კალათბურთელები გყავთ. ორი კაცი NBA-ს წარმოადგენს, არაერთი მოთამაშეა ევროლიგის გამოცდილებით, რაც სანაკრებო დონეზე ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე დაიმატეთ კარგი ამერიკელი... უმაღლეს დონეზე ასეთი გამოცდილი კალათბურთელები ჩვენ სანატრელი გვყავს.

სამწუხაროდ, წლეულს მთლიანად ახალგაზრდული გუნდით გვიწევს თამაში. ვერ გვეხმარებიან შჩელე და ბლუმსი, კალათბურთელები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა თამაში
, - გვითხრა აინარს ბაგაცკისმა.

თუ ასეა, მაშინ ვაწყდებით ერთ წინააღმდეგობას - რატომ აქვთ ლატვიელებს ჯგუფის მოგების უკეთესი შანსი, ვიდრე ქართველებს?

ბალტიისპირელებმა ბოსნიასთან ურთიერთშეხვედრაში ბურთების უკეთესი სხვაობა დაიბევეს, ხოლო თბილისში მხოლოდ სამი ქულით დათმეს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებისა და შემდეგ რუმინეთის ძლევა ლატვიელებს პირველ ადგილს გაუნაღდებს.

ჩვენს გუნდს კი პირველობის მცირე შანსიღა დარჩა - ამისთვის საჭიროა ორივე შეხვედრაში მოიგოს, ხოლო ბოსნიამ შინ რუმინეთთან წააგოს (8 სექტემბერს).

* * *
იცით რატომ გადავაწყდით წინააღმდეგობას (რაზეც ზემოთ დავწერეთ)? იმიტომ, რომ ლატვიელებმა გააზრებული თამაშით გადაფარეს გამოუცდელობა, შინ შანსი არ დაუტოვეს ბოსნიელებს (80:64), ხოლო თბილისში 76:79 დამარცხდნენ.

მწვრთნელს კარგად მოეხსენებოდა, რომ საქართველოს ნაკრებთან თანაბარ პირობებში შანსი არ ჰქონდა, ამიტომ ეცადა, უპირატესობა ბოლო წუთებზე მოეპოვებინა.

ამიტომ, მწვრთნელი თვალის დახამხამებაში ცვლიდა კალათბურთელებს, დაეყრდნო 11 მოთამაშეს და ბოლო წუთებისთვის შეგირდებს ენერგია შემოუნახა, ხოლო ქართველებს ტაქტიკური ხრიკი - პრესინგს ჩვენსავე ნახევარზე მიმართა.

დასვენებულ ქართველებს არაერთხელ გაურღვევიათ მსგავსი დაცვა, მაგრამ ამჯერად 14-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ლოგიკურია, ბაგაცკისი საშინაო მატჩშიც იგივეს გაიმეორებს, ეცდება სიქა გაგვაცალოს და გადამწყვეტ მომენტში შემოგვიტიოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ნაკრების თავკაცს ლატვიელთა მსგავსად მთელი შემადგენლობის გამოყენება მართებს.

მითუმეტეს, რომ ფაცაციამ, მეტრეველმა, ლეჟავამ უკვე დაამტკიცეს, რომ ნდობის შემთხვევაში გუნდის სათანადოდ დახმარება შეუძლიათ. ეს ანატოლი ბოისას აქამდე ჰქონდა დამტკიცებული.

10-11-კაციანი შემადგენლობით ვარირება მხოლოდ იმისთვის კი არ არის აუცილებელი, რომ ძირითადის კალათბურთელები გადამწყვეტ მომენტს ენერგიით შეხვდნენ, არამედ იმიტომაც, რომ დაცვაში მეტი სიხისტე გამოვიჩინოთ.

ბოსნიასთან წაგების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო - მაშინ, როცა იცი, ერთი-ორი კალათბურთელის მოედნიდან გასვლა (ხუთი ფოლის გამო) გუნდზე უარყოფითად აისახება, ყველა ერიდება ჯარიმების მიღებას. არადა, როცა დაცვაში აქტიურად თამაშობ, დაჯარიმების ალბათობაც მეტია.

სწორედ ამას არ უნდა მოერიდნონ ქართველები ლატვიაში და ვფიქრობთ, ვერც მეტოქე გაილაღებს.

რუმინეთთან საშინაო თამაშს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მეტოქისგან 10-ზე მეტი სამქულიანი მიიღო. ჩვენი ორი წაგების მიზეზიც ეს გახდა. პერიმეტრიდან ტყორცნებს თუ არ დავანებებთ, ლატვიასთან გამარჯვების დიდი შანსიც გვაქვს, რადგან ბალტიისპირელებთან შეადრებით ფარქვეშ დიდი უპირატესობა გვაქვს.

მათ სწრაფ თამაშში კი არ უნდა ავყვეთ, გააზრებულად, სამწამიანი ზონიდან უნდა შევუტიოთ. ამან შედეგი ერთხელ უკვე გამოიღო: 2011 წელს ამხანაგურ მატჩში ლატვიას, ზაზა ფაჩულიამ ფაქტობრივად მარტომ მოუგო - 42 ქულა ჩაუგდო და მასპინძელთაგან მეტსახელიც მიიღო, "ქართველი ტერმინატორი".

როგორც ლატვიიდან გვითხრეს, ზაზა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მთელი შემადგენლობა მზადაა საბრძოლველად.

იმედი დავიტოვოთ, რომ ლატვიელებს ამჯერადაც მოუწევთ ქართველთა კომპლიმენტებით შემკობა. თუ წინა ტურში დასვენებულმა რუმინეთმა საქართველოში მოქანცულ ბოსნიასთან სენსაცია გამოაცხო, მაშინ პირველი ადგილის დაბრუნების შანსი გვიჩნდება.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი კალათბურთში. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი
8 სექტემბერი
ლატვია-საქართველო 18:00
ბოსნია-რუმინეთი 20:00

11 სექტემბერი
საქართველო-ჰოლანდია
რუმინეთი-ლატვია

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი

წ  
სხვაობა
1. ბოსნია 7 5 2 643/614 12
2. საქართველო 6 4 2 537/507 10
3. ლატვია 6 4 2 500/434 10
4. ჰოლანდია 7 2 5 578/629 9
5. რუმინეთი 6 1 5 434/508 7

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი:
საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]
რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

გავახსენოთ ლატვიას ტერმინატორის ამბავი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით უსტიაშვილი: ზაზა ფაჩულიას ფეხი აწუხებს, მაგრამ ითამაშებს
აინარს ბაგაცკისი: ქართველებმა იციან მეტოქის შეცდომების გამოყენება
ქართულ-ლატვიური საკალათბურთო დაპირისპირების ისტორია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლატვია პურის მოსატანად გავუშვით :D:D:D
Hector
20:19 08-09-2012
0
ბიჭებო ასე გააგრძელეთ, მეორე ტაიმიც და ერთად ვიზეიმოდ!!!!!!
VIKA gaprindiiiii
19:03 08-09-2012
0

სიახლეები პოპულარული