მოსაზრება. ევრობასკეტი 2013: რაღა გვეშველება ფაჩულიას გარეშე?!

AutoSharing Option
მარტის ბოლოს გაირკვა, რომ ზაზა ფაჩულიას აქილევსის მყესის ოპერაცია სჭირდებოდა, სარეაბილიტაციო ვადად 6 თვე დაითქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1999 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველად მოუწევს ოფიციალური შეჯიბრების ზაზას გარეშე ჩატარება.

ტურნირი კი პრესტიჟულია - ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი.

ზაზას ოპერაციის ამბავი რომ შეიტყო, ბევრმა უიმედოდ იკითხა - რაღა გვეშველება ფაჩულიას გარეშე?! მათ ახსოვთ, როგორ წააგო საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის ევრობასკეტზე ყველა თამაში მას შემდეგ, რაც ზაზამ ტრავმა მიიღო...

ახსოვთ, რომ შარშან, ბოსნიელები და ლატვიელები (ჰოლანდიელებზე ლაპარაკიც ზედმეტია) საქართველოს ნაკრების
ფარქვეშ შესვლას ვერ ბედავდნენ, რადგან იქ "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი იდგა...

კიდევ ბევრი რამ ახსოვთ და ქომაგების გარდა ბევრი სპეციალისტიც დააფიქრა ზაზას ტრავმამ.

მათ შორის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მესვეურები და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომლებმაც ფაჩულიას შემცვლელად ამერიკელი კალათბურთელის ნატურალიზება გადაწყვიტეს.

მალე მის ვინაობასაც გავიგებთ (ისევე როგორც კიდევ ერთი ამერიკელი უკანახაზელისა) და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას უცხოელებით შეუდგება.

გვჭირდება თუ არა სხვა ქვეყნის შვილები ეროვნულ ნაკრებში, ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ, აქ დავუბრუნდეთ ფაჩულიას თემას.

საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ ზაზას არყოფნაში საქართველოს ნაკრებისგან? ემოციები გვერდზე გადავდოთ და ჯერ გავარკვიოთ, რა დააკლდება საქართველოს ნაკრებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ მეტოქეები საკუთარ ტაქტიკას გადახედავენ: რაღა საჭიროა, საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად მხოლოდ სამქულიანების იმედად ყოფნა - სამწამიანი ზონიდანაც შევუტიოთ, სადაც ზაზას მოედანზე ყოფნისას შესატევი სივრცე ნაკლებად რჩებოდაო.

ასევე დიდი ძალა დაგვაკლდება შეტევაში: აქამდე საქართველოს ნაკრების სტრატეგია მარტივი, მაგრამ მოწინააღმდეგისთვის მეტად სახიფათო იყო - ბურთის ფაჩულიამდე მიტანა, რის შემდეგაც ჩვენი მეტოქეების უმეტესობას მისი შემჩერებელი კალათბურთელი ვერ მოეძევებოდათ და ზაზაც ხშირად გამხდარა ნაკრების სნაიპერი.

გავიხსენოთ თუნდაც 2010 წელი, როცა პოლონეთის ნაკრებისა და "ფინიქსის" ცენტრმა მარცინ გორტატმა აღიარა - ფაჩულიამ გამანადგურაო.

მაშინ ზაზამ 27 ქულას მოუყარა თავი. კიდევ ერთი მაგალითი: 2012 წლის სექტემბერში ბოსნიასთან შესარჩევი ეტაპის მატჩის ბოლო წამებზე მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ბურთის ფაჩულიამდე მიტანა დაავალა, მაგრამ მარჯვნივ გადასულ ზაზას თითქმის მთელი ბოსნიის ნაკრები გადაჰყვა და ჯეიკობ პულენმა სამქულიანი სტყორცნა.

ფაჩულიაზე მეტოქეთა ყურადღების გადატანა მის თანაგუნდელებს ათავისუფლებდა. გავიხსენოთ თუნდაც უკრაინასთან ევრობასკეტზე მოგებული თამაში, როცა ფაჩულიას 6-6 ქულა-მოხსნა ჰქონდა.

თუმცა უკრაინელთა მწვრთნელმა თქვა - საუკეთესო ზაზა იყო, დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულაო.

მოკლედ, ერთ გუნდში, როცა ასეთი დონის ცენტრი თამაშობს, სუსტი მეტოქე თაგვივით კუთხეშია მიმწყვდეული, თანაბარი ძალის მოწინააღმდეგეს ერთი ხელი შებოჭილი აქვს, ხოლო ძლიერი გუნდის მწვრთნელი თავსატეხის ამოხსნისთვის სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს.

გამოდის, რადგან ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებში NBA-ის ცენტრი ვერ ითამაშებს, სუსტი მოწინააღმდეგე კუთხიდან გამოვა, თანაბარი ძალისას ხელ-ფეხი გაეხსნება და ესპანეთის ნაკრების თავკაცი ჩვენთან შეხვედრისას სამწამიანი ზონის კონტროლზე აღარ იფიქრებს? ... და ქართველებს ჯგუფიდან (ჩვენს გუნდთან ერთად ითამაშებენ ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი და ჩეხეთი) გასვლის შანსი "გადაწურული" გვაქვს?

მოხერხებული მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრებს ფაჩულიას არყოფნაშიც შეუძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა.

როგორ ფიქრობთ, რატომ უწოდა 2012 წელს ლატვიის ნაკრების თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ჯგუფის (საქართველო, ლატვია, ბოსნია, რუმინეთი, ჰოლანდია) ფავორიტი?

იმიტომ, რომ გუნდში ფაჩულიას გარდა არაერთი მაღალი დონის კალათბურთელია. იმაზე მეტი, ვიდრე რუმინეთს, ჰოლანდიას, ლატვიასა და ბოსნიას ჰყავდა.

სხვათა შორის, შარშან ბაგაცკისიც NBA-ს ცენტრის ანდრის ბიედრინსის გარეშე თამაშობდა.

ლატვიელმა მწვრთნელმა ძლიერი მეფარის არყოფნაში სწრაფი კალათბურთი ითამაშა, თბილისში საქართველოს ნაკრები აიყოლია, მოღალა და ბოლო წამებზე თითქმის მოუგო (ლატვიაში ჩვენი კალათბურთელები არ აჰყვნენ, დინჯად, კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს).

მოკლედ, მწვრთნელმა არსებული რესურსით მაქსიმუმი უჩვენა. ჩვენთან ერთად ევრობასკეტის საგზური ლატვიამ და ბოსნიამაც მოიპოვეს.

რის საფუძველზე დაასკვენით, რომ უზაზაოდაც შეიძლება ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გასვლა? - იკითხავთ.

პასუხის გასაცემად ფაჩულიას შემცვლელები ჩამოვთვალოთ. 2012 წელს ფაჩულია საშუალოდ 29.6 წუთს თამაშობდა. დარჩენილი ათი წუთი გიორგი შერმადინისა იყო.

შესარჩევის პირველ მატჩში ფაჩულიას არ უთამაშია, გიორგიმ მოედანზე 34 წუთი გაატარა, 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა (6 ორქულიანი სტყორცნა, 3 ჩააგდო) და რუმინელთა თავკაცი აიძულა, მთავარი იმედი, 221 სმ სიმაღლის დრაგუშინი მოედნიდან ჩაფიქრებულზე ადრე გაეყვანა.

გავიდა რამდენიმე თვე და შერმადინმა "ოლიმპიაკოსთან" ერთად ევროლიგა მოიგო. თან არა როგორც უიმედო სათადარიგომ, არამედ როგორც სრულფასოვანმა წევრმა.

როცა მწვრთნელი ცსკა-სთან ევროლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში ხუთ წუთს გათამაშებს, ე.ი... ვასილის სპანულისთან ერთად 216 სმ სიმაღლის შერმადინი იანვრის შემდეგ "პიკ ენდ როლს" იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ბევრმა მეტოქემ გაშიფრა, მაგრამ სპანულისი-შერმადინის შესაჩერებლად წამალი მაინც ვერ მოძებნა.

საქართველოს ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვს "ოლიმპიაკოსში" შერმადინის თამაში ნანახი ექნება (შარშან იტალიურ "კანტუში" გამოსვლა ცალკე ლაპარაკის თემაა) და მოხაზული უნდა ჰქონდეს სანაკრებოდ შერმადინის სრულფასოვნად გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი.

ისიც ვთქვათ, რომ აქამდეც შეიძლებოდა გიორგისა და ფაჩულიას ერთდროულად მოედანზე გაყვანა ისე, რომ გუნდისთვის ორივე სასარგებლო ყოფილიყო. მწვრთნელმა ეს ჰოლანდიასთან მატჩში სცადა, კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მეორედ აღარ "გაურისკავს".

შერმადინთან ერთად "ოლიმპიაკოსში" გამოდიოდა მაკედონელი მეფარე პერო ანტიჩი. როცა პირეოსელთა თავკაც გეორგიოს ბარძოკასს აქცენტის გადატანა პერიმეტრზე სურდა, მოედანზე თავხოტორა ცენტრი ანტიჩი შეჰყავდა, ხუთივე ოლიმპიაკოსელი სამქულიანის რკალთან მოძრაობდა და სწორედ სამიანების სეტყვით აღმოფხვრეს 15-ქულიანი ჩამორჩენა რუსულ "ხიმკისთან".

იმ ანტიჩზე ვლაპარაკობთ, ევრობასკეტზე ნიკა ცქიტიშვილის მეურვეობა რომ უწევდა. მაშინ მაკედონელების მთავარი მეფარე სწორედ პერო იყო.

ბალკანელებს სამწამიან ზონაში სულაც არ ჰყავდათ გიორგი შერმადინზე უკეთესი ცენტრი, მაგრამ შემადგენლობის ვარირებით, ბო მაკალების ფეთქებადობით ევრობასკეტის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

გემახსოვრებათ, 2011 წელს მაკედონიასთან ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში ნიკა ცქიტიშვილი ცენტრად თამაშობდა და 20 ქულას 10 მოხსნა მიამატა. იგი პერო ანტიჩზე (210 სმ) მაღალია (215 სმ), უფრო მოძრავია, ბურთსაც თავისუფლად ატარებს და სამქულიანებსაც არანაკლები სიზუსტით სტყორცნის.

მოკლედ, ცქიტიშვილთან ერთად იგორ კოკოშკოვს შეუძლია აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნაზე გააკეთოს (როგორც ამას "ოლიმპიაკოსი" ანტიჩით აკეთებდა) და თამაშის ტემპიც სერიოზულად გაზარდოს.

ბოსნიასთან 2012 წლის მატჩში (სარაევოში) ხომ დიდი უპირატესობა სწორედ მაშინ მოვიპოვეთ, როცა სისწრაფეს ვუმატეთ, ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას გარღვევების შემჩერებელი მასპინძლებს არავინ აღმოაჩნდათ.

შარშანდელისგან განსხვავებით ნაკრებში კვლავ ითამაშებს ნიკა ცქიტიშვილი და ვღებულობთ გამოცდილ, სწრაფ, მობილურ წინა ხაზს, რომელსაც ფარიდან ბურთის მოხსნაც შეუძლია და ჩაგდებაც: შენგელია, ცქიტიშვილი, სანიკიძე, შერმადინი.

მაღალ ტემპში თამაშს ხშირი ცვლილება სჭირდება. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს შეუძლია მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციებზე როგორც ამ კვარტეტის ერთმანეთის მონაცვლეობით გამოყენება, ასევე ახალგაზრდებით ჩანაცვლება - ბექა ბურჯანაძითა და ნიკა მეტრეველით.

კალათბურთში კარგად ჩახედული მკითხველი უთუოდ იკითხავს - შენგელია და სანიკიძე მძიმე ფორვარდებად რომ გაამწესეთ, მსუბუქ თავდამსხმელად მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილი ითამაშებს?! პასუხი მზადაა: ზემოთ ჩამოვთვალეთ ექვსი კალათბურთელი, რომლებსაც მოხერხებული მწვრთნელი სამ პოზიციაზე (მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრების) ისე გაანაწილებდა, რომ ამა თუ იმ მატჩის ბოლო წუთებისთვის ენერგია ყველას შერჩებოდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ევრობასკეტზე ასეც მოხდება. თუ ძალები არ გამოვიზოგეთ, განწირულები ვართ, რადგან 6 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს.

საგაზეთო მსჯელობიდან ჩანს, რომ ზაზა ფაჩულიას გარეშე საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ მთავარი მაინც თამაშებია.

სათაურში დასმულ კითხვაზე ზუსტ პასუხს სწორედ 9 სექტემბერს ესპანეთთან პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ მივიღებთ.

...და რად გვინდა ამერიკელი მეფარე? ამ კითხვას დღეს სანახევროდ ვუპასუხეთ. პასუხის მეორე ნახევარს ნაკრების უკანახაზელებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში დაელოდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ცინცაძე: საქართველოს ევრობასკეტზე სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია
საქართველო ფიბა-ევროპის რეიტინგში კვლავ 22-ეა
იგორ კოკოშკოვი: ბედმა გამიღიმა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი
იგორ კოკოშკოვმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბესიკ ლიპარტელიანი: არ არის გამორიცხული, ნაკრებში ორი ნატურალიზებული გამოჩნდეს
საქართველოსთვის ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა გმირობის ტოლფასია
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა
ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ
ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნება-შენ-გაგეწრტვნა-ნაკრები?!"ტვინო"
ss77
10:42 16-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული