TimeLine: ვინ იყვნენ ჯვაროსნები?

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის წილისყრის შემდეგ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ასე დავარქვი: "მეოთხე ჯვაროსნული". ახლავე განვმარტავ, რატომ: საქართველოს ნაკრებს მაისურზე ქვეყნის დროშიდან აღებული ჯვრები ახატია. ჩვენს ქვეყანას კი 2004 წლიდან შინდისფრის ნაცვლად ხუთჯვრიანი დროშა აქვს.

- მეოთხე ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს

სიტყვა "ჯვაროსნებმა" ისეთი ხმაური გამოიწვია, გადავწყვიტე, დღევანდელი "ტაიმლაინი" სწორედ ამ თემისთვის მიმეძღვნა.

აი, გამოხმაურებაც:

- ისეთ გარემოცვაში ვცხოვრობთ სადაც ჯვაროსნებს ისტორიულად ვერ იტანენ, უფრო სწორად, სძულთ. თუ შეიძლება ამ სიტყვას ასე "უპრაგონოდ" ნუ ვიხმართ, მით უმეტეს
ქართველებს ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობა ევროპელებივით მასშტაბურად არ მიგვიღია. ამას გწერთ პატივისცემით და თხოვნით. მგონია, თუ მეზობელს არ გააღიზიანებ, ესეც ჩვენს ტოლერანტობაზე მიუთითებს.

- ჩემი აზრით, სტატიის ავტორი ჯვაროსნებად ჩვენს ნაკრებს ჩვენი დროშიდან გამომდინარე მოიხსენიებს და არა ისტორიული წარსულის გამო.

- ისე, მართლაც უცნაურია, რატომ დამკვიდრდა ეს მეტსახელი. ჯვაროსნობაში საამაყო არაფერია, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ძალადობრივი სამხედრო კამპანიების სერია იყო, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თავისი ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობების ჩათვლით.

- იმ დროს, მეგობარო, სწორედაც ნამდვილი ჯვაროსნები ქართველები იყვნენ. როცა მთელ მაჰმადიანობას მარტო ებრძოდნენ. ჩვენებურთა ჯვაროსნობა სწორედაც საამაყო და საპასუხისმგებლოა, თორემ ის ჯვაროსნები რატომაც წავიდნენ იერუსალიმში, ყველამ კარგად იცის. ქართველზე მეტად არავის შეფერის ერქვას ჯვაროსანი, ყველანაირი გაგებით.

- ისტორიული წყაროების მიხედვით, მაშინ, როდესაც გიორგი ბრწყინვალემ ქართველებს დაუბრუნა "კლიტენი იერუსალიმისანი", უფლება მიეცათ ცხენზე ამხედრებულები იერუსალიმში დროშებით შესულიყვნენ. ვექსილოლოგთა ვერსიით, გიორგი ბრწყინვალე სწორედ ხუთჯვრიანი დროშით შევიდა. პირველად კი ხუთჯვრიანი დროში იერუსალიმის აღებისას ფიგურირებს - გოტფრიდ ბულონელი 1099 წელს ოქროსფერი ხუთჯვრიანი დროშით შევიდა ქალაქში.


მოკლედ, ისეთ თემას შევეხეთ, მსჯელობაც რომ შეიძლება და კამათიც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე სპორტს, კერძოდ კალათბურთს ეხება. საქართველოს ნაკრები წილისყრამ ისრაელში მოახვედრა, სადაც ლიტვას, გერმანიას, იტალიას, ისრაელსა და უკრაინას დავუპირისპირდებით. სპორტიც ხომ ბრძოლაა, გნებავთ, ევროპის ჩემპიონატი დაარქვით, გნებავთ, მეორე მსოფლიო და გნებავთ, ჯვაროსნული ომი...

ისევე როგორც შუა საუკუნეებში გაჩაღებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ახლაც მთელი ევროპაა ჩაბმული ევრობასკეტში - 24 ნაკრები. ხუთ გუნდს გაუმართლა - ბრძოლები აღთქმულ მიწაზე უნდა აწარმოოს და თუ მინიმუმ ორ მეტოქეს დაამარცხებს, გეზს კონსტანტინოპოლისკენ აიღებს. სწორედ სტამბოლში გაიმართება ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი.

- დღის კარიკატურა: ჯერ აღთქმულ მიწაზე, მერე - კონსტანტინოპოლისკენ!

საინტერესოა, რომ წილისყრამ მეტოქეებად სწორედ ის ხალხი გვარგუნა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი შუა საუკუნეების ჯვაროსნულ ომებში. დავიწყოთ იტალიით - რომის პაპმა ურბან მეორემ ევროპელებს იერუსალიმისკენ გალაშქრებისკენ მოუწოდა. ჯვაროსნები კარგად შეიარაღებულები დიდი შემართებით დაიძრნენ სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის იტალიიდან...

...იტალიელი კალათბურთელებიც დიდი ამბიციებითა და შემართებით ჩავლენ ისრაელში ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბოლო დროს მათი მოლოდინი ისევე არ მართლდება, როგორც შუა საუკუნეებში ჯვაროსანთა უმრავლესობისა.

გერმანელი რაინდების ნაწილი შუა საუკუნეებში მოძლიერებულ ლიტვაში შევიდა, ურჯულოები ჩვენს რწმენაზე უნდა მოვაქციოთო. თუმცა მეფე ვიტაუტასმა ტევტონთა ორდენის რაინდები გრუნვალდის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა...

...არც გერმანიას აქვს ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან გამარჯვების დიდი შანსი.

საქართველო აღმოსავლეთში აწარმოებდა ჯვაროსნულ ბრძოლას, სამხრეთში იმდენად დიდი "გუნდების" წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა, იერუსალიმამდე ჩასვლაზე ლაპარაკიც რთული იყო.

...კალათბურთშიც ასეა, ქართველებს მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე, დიდი ქვეყნების წინააღმდეგ უწევს თამაში. ევროპაში საქართველოს ნაკრები 1995 წელს გავიდა, დიდხანს მოუწია მოცდამ, ვიდრე პირველად მოხვდებოდა ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი ისრაელსაც მიაღწია.

უკრაინელ მთავრებს ჯვაროსნებად არავინ იცნობდა... დღევანდელ უკრაინის ნაკრებსაც ბევრი არ იცნობს. რიგითი ევროპული გუნდია.

დანარჩენი 2017 წლის სექტემბერში გამოჩნდება. ევრობასკეტი 31 აგვისტოს დაიწყება. მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია და წითელ-ყვითელი დროშაა გამოფენილი ევრობასკეტის ციხესიმაგრეზე. ვნახოთ, 17 სექტემბერს ვისი დროშა აფრიალდება ევროპის თავზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირიქით ძალიან კარგია რომ გუნდს ჯვაროსნები ქვიათ! მე ძალიან მომწონს ეს სახელი საქართველოსთვის და აქ ერთი პატარა ნიუანსია ეს სახელი არ უნდა გავაიგივოთ რომის პაპის მოწოდებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებთან! მართალი იყო იქ ერთ ერთ კომენტარში ჩვენ თვითონ ვიყავით ჯვაროსნები!
svani
21:06 27-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული