რა თემებზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა მთავარი თემა 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში გამგეობას უნდა დაედგინა საარჩევნო ყრილობის დელეგატების რაოდენობა.
გამგეობისა და პრეზიდენტობის კანდიდატების საუბრის დასრულების შემდეგ ოთახიდან ჯერ "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი გამოვიდა:
- ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავუზიარეთ. ვილაპარაკეთ დელეგატთა რაოდენობაზე. არ მიმაჩნია სამართლიანად, მაგალითად,
მაგალითად, გამგეობაში არიან ისეთი ხალხიც, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატთან სხვა ორგანიზაციაში მუშაობენ... ჩიხში შევდივართ, რაზეც პასუხისმგებლობა კალათბურთის ფედერაციას ეკისრება. რადგან სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კანონმდებლობას, პასუხისმგებლობას სპორტის სამინისტროსაც ვაკისრებ.
მიხეილ ახვლედიანის შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ გაბრიჩიძემ ილაპარაკა:
- იყო უკმაყოფილება, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობს. მიმაჩნია, რომ ვეტერანებს მეტი ხმა უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება მიხეილ ახვლედიანის მოთხოვნას, მას სურს არჩევნებში კლუბების როლის გაზრდა, რასაც არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ სუპერლიგის გუნდების უმეტესობა სახელმწიფო დაფინანსებაზეა და ამ ყველაფერს საბჭოთა პერიოდში მივყავართ. მაშინ სახელმწიფო პირდაპირ ერეოდა ნებისმიერ არჩევნებში, ახლა - ირიბად ჩაერევა...
კახა შენგელიას მოვუსმინოთ:
- მიხეილ ახვლედიანმა დამადანაშაულა, რომ ფედერაციის მიმართ ლოიალური ვარ. მაქვს საკუთარი არგუმენტები და მიმაჩნია, რომ გამგეობის გადაწყვეტილება მისაღებია. თუმცა ჩემთვის გასაკვირია, ვეტერანებს მეტი ხმა რატომ არ მისცეს.
კანდიდატებიდან ყველაზე გვიან ვლადიმერ ბოისა გამოვიდა, რომელმაც სლოვენიური მაგალითი მოიყვანა.
- სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 130-მდე დელეგატი იყო. მეც ვემხრობი დელეგატების სიმრავლეს, რადგან წინასწარი გადაბირების ალბათობა შედარებით მცირდება.
გამგეობის სხდომის შემდეგ ვესაუბრეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს:
- პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. გამგეობის წევრებმა წარმოვუდგინეთ ჩვენი მოსაზრება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. სამმა კანდიდატმა მოიწონა, თუმცა ვეტერანებისთვის მეტი ხმის უფლება მოითხოვა. მიხეილ ახვლედიანი კი გამგეობის წევრებისთვის ხმის უფლების მინიჭების წინააღმდეგი იყო.
სწორედ ამ საკითხებზე სამსჯელოდ ვხვდებოდით საკალათბურთო საზოგადოებას. ბოლოს ოლიმპიურ კომიტეტში გვქონდა შეხვედრა და იქაც გვითხრეს, რომ გამგეობის წევრებს ოლიმპიურ კომიტეტშიც აქვთ ხმის უფლება.
სხვათა შორის, იყო მოსაზრება, თითქოს ყველაფერი ჩემთვის კეთდებოდა, მაგრამ ხუთშაბათს გამოვაცხადე, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. ასე რომ, ოთხივე კანდიდატს აქვს თავისუფლება და ყველა თანაბარ პირობებშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"