ფინალის ფინალი: მეფე ლებრონ ჯეიმსი ისევ ტახტზეა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში 17-ჯერ გაიმართა ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრა და აქედან 14 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, თანაც, სტუმრების ბოლო გამარჯვება შორეული 1979 წლით თარიღდება, როცა "ბულეტსმა" "სუპერსონიქსი" დაამარცხა.

რა თქმა უნდა, "სპურსს" განზრახული ჰქონდა ამ სტატისტიკის გადახალისება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეექვსე მატჩში ვერ შეძლო საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე 5-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წინა მატჩში ტიმ დანკანმა და ტონი პარკერმა პრაქტიკულად მთელი ენერგია დახარჯეს (შესაბამისად, 44 და 43 წუთი გაატარეს მოედანზე), ეს იოლი საქმე არ იქნებოდა.
ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე მეექვსე მატჩში 50 წუთი იყო, მაგრამ 28 წლის ფორვარდს გაცილებით მეტი შეუძლია.

ორივე გუნდს ნერვული დასაწყისი გამოუვიდა. ორივემ თამაშიდან მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდო და ერთად შვიდი შეცდომა დაუშვა. "სან ანტონიომ" შვიდქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ "ჰიტი" შეინ ბატიეს ორი სამქულიანით 8:0 გაიქცა და მასპინძლებმა საწყისი მეოთხედი 18:16 მოიგეს.

ბატიემ პირველი შესვენების შემდეგაც აიღო მეტოქის ფარი შორეული ტყორცნით, რის შემდეგაც "მაიამის" რიგებში შეტევაში თამაში თავის თავზე აიღეს ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა, რომლებმაც მეოთხედში 28 გუნდური ქულიდან 21 თავის ანგარიშზე ჩაიწერეს.

სტუმრები შორს არ უშვებდნენ მეტოქეს. თანაც, ქულების მარაგის შევსებაში "სპურსის" პრაქტიკულად ყველა კალათბურთელს შეჰქონდა წვლილი - ბორის დიაოს გარდა. "სან ანტონიოს" ვეტერანებს კარგად ეხმარებოდა 21 წლის კავაი ლეონარდი, რომელმაც დიდი შესვენებისთვის 10 ქულა ჩაიწერა აქტივში. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით მასპინძლებმა მოიგეს: უეიდმა კიდევ ერთხელ ჩააგდო საშუალო ტყორცნა სირენასთან ერთად.

მესამე მეოთხედში გაგრძელდა ინიციატივის ხელიდან ხელში გადასვლა: მთელი 12 წუთის განმავლობაში, მეტოქეები მინი-სპურტებს ცვლიდნენ და მცირე უპირატესობა ხან "სპურსს" ჰქონდა და ხან "ჰიტს". სტუმრები ისევე იცავდნენ თავს ლებრონის წინააღმდეგ, როგორც წინა მატჩებში - ფარქვეშ შესვლის მინიმალურ შანსს აძლევდნენ, მაგრამ საშუალო და შორეული სროლისთვის დიდ სივრცეს უტოვებდნენ. ამჯერად, სუპერფორვარდმა სრულად გამოიყენა ბოძებული შანსი და ხუთი შორეული ტყორცნა ჩააგდო (ამასთან, მთელს პლეი ოფში საშუალოდ მატჩში 1.4 სამქულიანს აგდებდა).

ლებრონის ასეთი სიზუსტის მიუხედავად, სტუმრები მაინც არ უშვებდნენ შორს "ჰიტს". რომ არა მესამე მეოთხედის ბოლოს, რვა მეტრიდან მარიო ჩელმერსის მიერ ჩაგდებული ბურთი, მეოთხე 12-წუთეულს გრეგ პოპოვიჩის შეგირდები ლიდერის რანგში შეხვდებოდნენ.

ბოლო მეოთხედი კი ბატიეს მეხუთე ზუსტი სამქულიანით დაიწყო, რის შემდეგაც, ანგარიში 75:71 გახდა "მაიამის" სასარგებლოდ. საერთოდ, მეოთხე 12-წუთეულის სცენარი წინა სამისგან არ განსხვავდებოდა. მუდმივად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ჰიტის" ფიზიკური ძალა თავისას გაიტანდა, ტექსასელებს კი ენერგია ამოეწურებოდათ, მაგრამ "სპურსი" ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ დიადი გუნდია. ვეტერანები პოულობდნენ თავის თავში რეზერვს ანგარიშის გასათანაბრებლად.

ლეონარდის სამქულიანის შემდეგ, სირენამდე ორი წუთით ადრე, "ჰიტის" უპირატესობა მხოლოდ ორ ქულამდე დავიდა - 90:88. წინ იყო დაძაბული ბოლო მონაკვეთი და ოვერტაიმის პერსპექტივა. ამას ხელი შეუწყო ჩელმერსმაც, რომელმაც ასეთ დაძაბულ მომენტში ორი საჯარიმო ააცილა.

პარკერი, რომელიც პოპოვიჩმა სპეციალურად შემოინახა ბოლოსთვის, მთლიანად დაიკარგა ჯეიმსის მეურვეობის მიზეზით და ვერ მიიღო მონაწილეობა მატჩის ბედის განსაზღვრაში. მიუხედავად ამისა, "სპურსს" ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა: სწრაფი შეტევის დროს, დანკანი ცენტრის პოზიციაზე ბატიეს წინააღმდეგ აღმოჩნდა. და აქ მოხდა აუხსნელი რამ, რომელიც ლეგენდარულ ფორვარდს კიდევ დიდხანს ემახსოვრება - "ბებერმა" ტიმმა ერთი მეტრიდან ააცილა!

ასე რომ, საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, მოქმედ ჩემპიონებს უპირატესობის გამყარების შანსი მიეცათ. ფაქტობრივად, წერტილი სერიას და მთლიანად სეზონს საშუალო ტყორცნით ლებრონ ჯეიმსმა დაუსვა. "სპურსის" მცდელობას სამქულიანებით გამოესწორებინა მდგომარეობა, შედეგი არ მოჰყოლია და სულ მალე, მაიამელთა ზეიმი დაიწყო.

საფინალო სირენამ აგრეთვე გვამცნო "სპურსის" ეპოქის დასასრული - 10 წელი დანკანით, პარკერითა და ჯინობილით მთავარ როლში. არგენტინელის კონტრაქტი პირველ ივლისს იწურება და დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ის გუნდიდან წავა, ამას კი პოპოვიჩის გუნდში გლობალური გარდაქმნა მოჰყვება. ალბათ, მართლაც მოვიდა ჯინობილის წასვლის დრო, რადგან მეექვსე მატში დაშვებულ რვა შეცდომას, მეშვიდე შეხვედრის გადამწყვეტ წუთებში მიუტევებელი დაკარგვებიც დაუმატა.

ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის ტრიომ კი დაიწყო გაცემული ავანსების გამართლება და ჩვენ ახალი დინასტიის შექმნის მოწმენი ვართ. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ "მაიამი ჰიტი" უახლოეს სეზონებში კვლავაც მთავარი ფავორიტი იყოს.

დაბოლოს, თუ "მაიამი" ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ის ჩემპიონი, მისი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეორედ გახდა ფინალური სერიის MVP.

მაიამი-სან ანტონიო 95:88
18:16, 28:28, 26:27, 23:17
მ: ჯეიმსი (37+12 მოხსნა+4 პასი), უეიდი (23+10 მოხსნა), ბატიე (18), ჩელმერსი (14).
ს-ა: დანკანი (24+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლეონარდი (19+16 მოხსნა), ჯინობილი (18+5 პასი), პარკერი (10+4 პასი+3 ჩაჭრა).
სერია: 4-3

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ვინ რა თქვა
ლებრონ ჯეიმსი: "სეზონებს შორის შესვენებისას დიდ დროს ინდივიდუალურ ვარჯიშებზე ვხარჯავ. ეს კოლოსალური შრომაა და დღევანდელი შედეგი - ამ შრომის ნაყოფია. ეს არის მწვერვალი. სიტყვები არ მყოფნის სიხარულის გამოსახატავად".

დუეინ უეიდი: “ამ სერიამ ბოლომდე გამოგვაცალა ენერგია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ “სან ანტონიოს” კარგი თამაში. ის არაჩვეულებრივი გუნდია. ეს იყო ყველაზე რთული სერია, რომელშიც კი ოდესმე მითამაშია. მაგრამ, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც მოგვეთხოვებოდა”.

ტიმ დანკანი: “ლებრონი უბრალოდ ბრწყინვალე იყო, უეიდმაც შესანიშნავი თამაში აჩვენა. მთლიანობაში “მაიამი” ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ჩვენ ბოლო მომენტამდე გვქონდა გამარჯვების მოპოვების შანსი, მაგრამ, სადღაც უბრალოდ გავუშვით ამის შესაძლებლობა”.

მანუ ჯინობილი: "გონებიდან არ ამომდის მეექვსე მატჩი. დღეს არც ისე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ "ჰიტმა" უფრო მეტი ტყორცნის რეალიზება შეძლო. ჯეიმსმა და ბატიემ თამაში დაიჭირეს. ასეთი რამ ხდება. წინა მატჩში კი თავად დავთმეთ გამარჯვება, არადა, გონებაში პრიზი ხელში მეჭირა. ასეთი რამის გადატანა ძალიან რთულია".

გრეგ პოპოვიჩი: “ეს წამებაა, წამებისგან სიამოვნების მიღება კი რთულია. წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია. მაგრამ “მაიამიმ” დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან ჩვენზე ძლიერი იყო. იმისთვის, რომ საუკეთესო გახდე, უნდა იცხოვრო ამ ფიქრებით იქამდე, სანამდეც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, “სან ანტონიოს” დროც დადგება”.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მაიამი ჰიტი" NBA-ს გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული