ვებგვერდ 12up-ის მიმომხილველებმა გამოარჩიეს NBA-ს 7 ვარსკვლავი, რომლებმაც 2017-18 წლების სეზონის სტარტი ჩააგდეს.
- კაირი ირვინგი
ობიექტურად რომ ვთქვათ, "ბოსტონს", სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება იმ ცვლილებებთან შესაგუებლად, რაც გორდონ ჰეივორდის საშინელმა ტრავმამ მოიტანა.
მაგრამ კაირი ირვინგი სათანადოდ არ არის გააქტიურებული და ჯერ არ გამხდარა "სელტიქსის" TOP-მოთამაშე. მისი ეფექტურობის კოეფიციენტი დაბალია - 15.1, "ბოსტონმა" კი სეზონი ფავორიტისთვის მიუღებელი ბალანსით დაიწყო - 1 მოგება/2 წაგება.
ყოფილ MVP-ს არც ისე კარგი სტარტი გამოუვიდა "კლივლენდში". როუზმა სასტარტოში ადგილი მხოლოდ აიზია ტომასის ტრავმის გამო მიიღო. ექსჩიკაგოელი არ არის სახიფათო მეტოქეებისთვის, არ გამოიყურება დამაჯერებლად დაცვაში და დიდად არც თამაშის ორგანიზება გამოსდის.
როუზმა უკვე მოასწრო კოჭის ტრავმის მიღება მეორე მატჩში, რის გამოც ის ვერ ვიხილეთ მოედანზე ბოლო შეხვედრაში "ორლანდოს" წინააღმდეგ.
ჯიმი ბატლერისა და ტომ ტიბოდოს ახალი თანამშრომლობა არც ისე კარგად დაიწყო. ჯიმის ეფექტურობის საშინელი კოეფიციენტი აქვს - 9.3. ბატლერი აშკარად ენდრიუ უიგინსისა და კარლ-ენტონი თაუნსის ჩრდილში იმყოფება - საშუალოდ მატჩში მხოლოდ 14 ტყორცნას ასრულებს და ამგვარი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, მაღალი პროდუქტიულობითაც არ გამოირჩევა - თამაშიდან მხოლოდ 39 პროცენტს აგდებს.
მას შემდეგ, რაც ხუთწლიანი და 125-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ჯრიუ ჰოლიდეი აბსოლუტურად არ შეესაბამება სეზონის სტარტზე ამგვარ ხელფასს. ის საშუალოდ 10.3 ქულასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ჰოლიდეი ნამდვილად არ წარმოადგენს გუნდის "დიდი ტრიოს" წევრს, რომელშიც ენტონი დევისი და დემარკუს კაზინსი შედიან.
"კლივლენდის" უკვე მეორე კალათბურთელი ამ სიაში. ბატლერისა და ტიბოდოს მსგავსად, უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის ხელახლა შეერთება ისე კარგად ვერ წავიდა, როგორც ელოდნენ.
იქნებ "კავალიერზში" უეიდის წარმატებას კრის ბოში აკლია? დუეინმა აღიარა, რომ ჯერ ვერ იპოვა თავისი ადგილი გუნდში და შეეცდება, ეს უმოკლეს დროში გააკეთოს. უეიდი საშუალოდ 5.7 ქულას აგროვებს ამ სეზონში და ეფექტურობის რეიტინგი 1.68 აქვს.
2017 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა არც ისე კარგი სტარტი აიღო "ფილადელფიაში". მარკელ ფულცი საშუალოდ 7.3 ქულას აგროვებს და კატასტროფულად ისვრის საჯარიმოებს - 47 პროცენტი. თავისი პროფესიული კარიერის დასაწყისში ფულცი დათრგუნული და NBA-ს დონისთვის შეუსაბამოდ მოჩანს. მას ჯერ არ ჩაუგდია არცერთი სამქულიანი და თამაშიდან საშინელ პროცენტს აჩვენებს - 38.
ამ სეზონში გრინს მხოლოდ 22 ქულა აქვს დაგროვებული და ძალიან ცუდად ითამაშა ბოლო შეხვედრა "მემფისის" წინააღმდეგ. "გოლდენ სტეიტში" ბევრი ვარსკვლავია თავმოყრილი და ამის გამო გრინი არ იღებს სროლისთვის ბევრ შესაძლებლობას, მაგრამ თამაშიდან 30 პროცენტი და პერიმეტრიდან 20 პროცენტის სიზუსტე სავალალო მაჩვენებელია. გრინის სროლები ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო "გოლდენ სტეიტის" შეტევით თამაშში. თუ დრეიმონდი არ გამოასწორებს თავის სროლას, მაშინ მეტოქეთა მცველებს შეეძლებათ უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებულნი კევინ დურანტზე, სტივენ კარისა და კლეი ტომპსონზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"