ვინ დგას "მსოფლიოს ლიგის" უკან და როგორია საქართველოს რაგბის კავშირის ახალი იდეა ლიგასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ Rugby TV-სთან მსოფლიო რაგბის შემოთავაზებულ პროექტებსა და ქართული სანაკრებო რაგბის პერსპექტივებზე ისაუბრა:

"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. გუშინ მქონდა შეხვედრა საბჭოში ჩემს წინამორბედ გია ნიჟარაძესთან, რომელიც ახლა საბჭოში  ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელია.

მოსალოდნელი ცვლილებები რამდენად აუცილებელი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რა უძღოდა ამას წინ:

2016 წელს, როცა ჩვენთან ჩამოვიდა მსოფლიო რაგბის განვითარების ჯგუფი შემოწმებაზე, ოფიციალურად გვითხრეს: თქვენ, საქართველოს, ისევე, როგორც ფიჯის და იაპონიას, რომლებიც ხართ ე.წ. მეორე დონის ქვეყნების მოწინავე სამეული, რომლებიც უკვე პრაქტიკულად ზღვარზე არიან
პირველი დონის ქვეყნებთან, მსოფლიო რაგბი უსახავს სხვა ამოცანებს, გექნებათ ოდნავ მომატებული გრანტი და პლუს, თუკი ჩვენ გარანტირებულად გვქონდა ერთი თამაში წელიწადში პირველი დონის ქვეყანასთან,  ახლა გვემატება მეორე თამაში სახლშიც.

წელიწადში ორი თამაშით პირველი დონის ქვეყნებთან იმ 11 თამაშით, რომელსაც მთლიანად გავმართავთ, მეტი პროგრესის საშუალებას ქმნის, განსხვავებით იმ კონსერვატიული გეგმისგან, რომელიც თავდაპირველად წარმოადგინეს და ჩვენი აღშფოთებაც გამოიწვია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ იყო.

ჯერ კიდევ შარშან პირად საუბრებშიც გავიგე, რომ ახალი გეგმა მზადდება 12+12 პრინციპით და გვითხრეს, რომ მეტი თამაში მოგვიწევს, ვიდრე აქამდე გვიწევდა. ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს 12+12 და როდის იქნება მსჯელობა და განხილვა ამ საკითხზე.

ბოლოს გამოჩნდა ის, რაც გამოჩნდა, ახალზელანდიურ გამოცემაში დაბეჭდილი ეს ვერსია გავარდა თოფივით, თვალებს არ ვუჯერებდით და ვფიქრობდით, თუ ვის მოუვიდა თავში ასეთი იდეა.

ამის ინიციატორების ვინაობა დღემდე უცნობია. ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ არაცნობილი ოფიციალური პირი ამას გმობს და მხარდაჭერას აღგვითქვამს და გვეუბნებიან, რომ ჩვენს გვერდში დგანან.

იდეაში, მგონია, რომ ეს ექვსი ერის უმრავლესობის მოსაზრებაა, იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოოდ უკავშირდება ფინანსებს.

ეს დადასტურდა კიდეც, რადგან ექვსი ერი დომინირებს მსოფლიო რაგბიში, იმ გაგებით, რომ ყველაზე მეტი თანხის მოზიდვა შეუძლიათ. ყველაზე დიდი კონტრიბუცია რაგბის განვითარებაში შეაქვთ ამ ქვეყნებს.

ექვსი ერის ტურნირებს აკლიათ სიმწვავე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურად ცდილობენ იტალიის ჩატარებული თამაშების გამწვავებას.

როგორც მაყურებელს, მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ იტალია 0:20-ს აგებს და მერე უცებ ბოლო 10 წუთში ამოქაჩავს, ორ ლელოს დადებს და თითქოს სიმწვავე შედის თამაშში.

ვერ გეტყვით, ეს იმიტომ არის, რომ გუნდები უფლებას აძლევენ, საკუთარ თავს მოდუნდნენ, რადგან უკვე გამარჯება მოპოვებული აქვთ თუ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

რადგან, თუკი ყველა ბობოლა ქვეყანა თავს უფლებას აძლევს, რომ ბოლო 10 წუთში მათთან მოდუნდნენ, ეს თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს თამაში მაყურებლისთვის საინტერესო აღარ არის და სპორტულ ინტრიგას აღარ შეიცავს.

აქედან გამომდინარე, სადაც ასეთი თამაშები არსებობს და არის საშიშროება, რომ ერთმა გუნდმა თავისუფლად გაისეირნოს, არ მგონია, რომ ეს რაგბის სულისკვეთებაში იჯდეს.

თუკი განვითარებაზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი კანონიერი ხერხებით უნდა ვებრძოლოთ ამას, თუ გვინდა, რომ მეტი შემოსავალი იყოს და მეტი დაძაბულობა გვქონდეს.

რითი უნდა ვებრძოლოთ ამას?

იტალიას ვერავინ გამოაგდებს თავისთავად. თუ ის წააგებს მატჩებს, უნდა გამოვარდეს 6 ერიდან, თუ ეს ფორმატი დარჩა.

მოკლედ, საუბრები არის. მეორე დონის ქვეყნებიც შეშფოთებულები არიან ჩვენთან ერთად - განსაკუთრებით ურუგვაი აქტიურობს, ჩვენი დიდი მეგობარი  და მზადდება დოკუმენტიც, რომელსაც შევთავაზებთ მსოფლიო რაგბის.

მანამდე კი ევროპის რაგბის დირექტორთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შინაარსობრივად სრულად ასახავდა იმ მიდგომას, რომელიც ევროპის რაგბის გააჩნია, რომ არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ცვლილებები ევროპის, თუნდაც ამერიკის ან ოკეანეთის რაგბის მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს.

ტექნოლოგიის საკითხია - თუ დაგიხატავთ გაცილებით ცუდ მომავალს, იმაზე უკეთესზე, მაგრამ მაინც ცუდზე, დათანხმდებით.

კი ბატონო, არ მინდა ვიმარჩიელო, ასე იყო თუ ისე იყო, ცუდი იყო. არც იმას ნიშნავს, რომ მეორე ვერსიას ("მსოფლიო ლიგა"), რომელიც არც ისე კარგი არ არის, დავთანხმდებით.

alt"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

მსოფლიო რაგბის შემოთავაზებული პროექტი პირველ ვარიანტზე უკეთესია, მაგრამ განვითარების ტემპი იკარგება.

იმიტომ, რომ, თუ ავიღებთ ფიჯის, ტონგას, სამოას... მათთან თამაში ცუდი არ არის, მაგრამ პირველი ეშელონის გუნდების ტემპი მაინც სულ სხვაა. როდესაც ისინი მუდმივად ერთმანეთთან თამაშობენ მთელი სეზონის განმავლობაში და შენ სხვა ტემპში თამაშობ, ადაპტირება გიჭირს.

იტალიასთან პირველი თამაშის სინდრომი იყო, წარუმატებელი ზაფხულის ტურნეს შემდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად არ იყო ისეთ კარგ ტალღაზე, რომელიც საჭიროა, რომ თამაში მოიგო.

მიუხედავად ამისა, სამოასთან თამაშის შემდეგ რომ გვეთამაშა იტალიასთან, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ან მიახლოებული შედეგი იქნებოდა", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.





რა იდეა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს?
"რატომ არ შეიძლება ვითამაშოთ 8+8+8 სისტემით?" - ამბობს გოჩა სვანიძე

  • პირველი 8 გუნდი არის ყოფილი ტრადიციული 5 ერი (იტალიის გარეშე) და ტრადიციული 3 ერი (არგენტინის გარეშე).
  • პირველი რვა გუნდი იწყება ახალი ზელანდიით და სრულდება საფრანგეთით, რეიტინგში მეცხრე გუნდი არის ფიჯი და მე-16 გუნდი არის ურუგვაი.
  • ვთამაშობთ ზამთრის პერიოდში, სადაც თამაშდება 3 ან 4 ტური. 8 გუნდმა უნდა ითამაშოს სულ 7 ტური, 7 თამაში ამოიწურება ივნისის ტესტების პერიოდში, სადაც თითოეული გუნდი გამართავს დარჩენილ 3 ან 4 შეხვედრას.
  • 7 ტურის შემდეგ გვეცოდინება, ვინ არის მოწინავე და ვინ მაჩანჩალა ოთხეულებში
  • მოწინავე ოთხეული გააგრძელებს საუკეთესოს გამოსავლენად ერთმანეთში ასპარეზობას და შემოდგომაზე ჩაატარებს სამ თამაშს.
  • მაჩანჩალა ოთხეული კი ეთამაშება ქვედა რვა გუნდის პირველ ოთხეულს.
  • მომდევნო წელს დაჯგუფდებიან გუნდები წლიური შედეგების მიხედვით.

თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს არ აქვს იმედი, რომ ეს სისტემა მსოფლიო რაგბის მესვეურებსა და 6 ერის წარმომადგენლებს მოეწონებათ და მის განხილვასაც კი გამორიცხავს.

"ჩვენს ადგილზე რომ ყოფილიყო რუსეთის, ესპანეთის ან გერმანიის ნაკრებები, ისინი რომ ჩვენი დონის რაგბის თამაშობდნენ, დარწმუნებული ვარ, სხვა სიტუაცია იქნებოდა. პატარა ქვეყნებს განვითარება არ გვჭირდება?!" - ამბობს გოჩა სვანიძე.

მსოფლიო რაგბის მესვეურები რამდენიმე დღის წინ შეიკრიბნენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ვერ მიიღეს. შემდეგი შეხვედრა მაისის თვეშია ჩანიშნული.

altმსოფლიო რაგბიმ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაგბი ტვ რო არ დაუკავშირდეს და არ კითხოს ეგეთი საკითხები, თქვენ არ უნდა ეკთხებოდეთ? თუ კონტაქტზე არ გამოდიან? ერთი ჟურნალისტი როგორ არ გყავთ ვინ რაგბიზე წერს, აიღოს ინტერვიუ კავშირის პრეზიდენტთან, მწვრთნელთან, მოთამაშესთან... მარტო სატატიების დაკოპირებაა საქმე?
0
რაც უნდა კბილებით და კლანჭებით ჩააფრინდნენ, არსებული მოფამფალებული და უმოტივაციო სისტემა ადრე თუ გვიან მაინც თავზე ჩამოემხობათ თანამედროვე რაგბის რეტროგრად მამებს... მთავარია, ჩვენ საკუთარ თავებზე მუშაობა არ დავიზაროთ, - მოთამაშეებმაც და ქომაგმაც და მაგ პერიოდს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდეთ... ჩვენი ახალგაზრდები უკვე 6 ერის გუნდებსაც უგებენ და ბობოლებსაც ტოლ-სწორად ეთამაშებიან, აქცენტი სწორედ მათზე უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდა რაგბისტებს ახალგაზრდა ფეხბურთელების ავადმყოფობა არ დაემართოთ და მოვლენები ხელოვნურად არ დავაჩქაროთ. ყველაფერი კარგად იქნება.
მ. ტ.
17:01 20-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული