ინტერვიუს უცლელად გთავაზობთ:
- ბექა, გააცანი თავი ჩვენს მკითხველს...
- მე დავიბადე 1996 წლის 8 თებერვალს საქართველოში, თბილისთან მდებარე პატარა ქალაქში. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და რაგბის თამაშიც დავიწყე.
- ვინ არიან მსოფლიო რაგბიში შენი კერპები?
- როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემი კერპიც მამუკა გორგოძეა. მამუკა საქართველოში ნამდვილი ლეგენდაა, ყველას სურს, მისნაირი კარიერა ჰქონდეს.
- საფრანგეთში როგორ და რა ასაკში ჩამოხვედი?
- საფრანგეთში 2014 წელს ჩამოვედი. მაშინ 18 წლის ვიყავი. იმ წელს პოლონეთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვითამაშე. ტურნირზე სამი მატჩი გავმართეთ და კარგადაც ვითამაშე. როცა სახლში დავბრუნდი, ფრანგი აგენტი დამიკავშირდა და რამდენიმე თვეში აქ აღმოვჩნდი.
- ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოება დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამან შენ გადმოსვლაში რაიმე როლი ითამაშა?
- ქართველებისთვის საფრანგეთში სათამაშოდ ჩამოსვლა ნამდვილი შანსია. 2000-იანი წლების შემდეგ ბევრმა მოთამაშემ გაიკვალა ეს გზა. როცა აქ გადმოვედი, თავიდან ყველაფერი მარტივი არ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კლუბში ვთამაშობთ, ერთმანეთთან მაინც ახლოს ვართ.
- რა მოგონებები გაკავშირებს შენს პირველ კლუბთან საფრანგეთში?
- შესანიშნავი მოგონებები, აქ ულამაზესი 4 წელი გავატარე, უკანასკნელის გარდა, რადგან ტრავმამ მოედანს დიდი ხნით დამაშორა. შანსი მომეცა და პროფესიონალი მოთამაშე გავხდი.
- "ბორდოში" გასულ ზაფხულს გადაბარგდი. როგორ შეეგუე ახალ კლუბს?
- ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა, დრო ცოტა მქონდა, თუმცა ზაფხულის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებში გუნდთან ინტეგრაცია მოვახერხე.
- გუნდში ორი თანამემამულე დაგხვდა. ამანაც დააჩქარა შენი ინტეგრაცია?
- რა თქმა უნდა. ჩემთან ერთად კლუბში 4 ქართველი მოთამაშეა (ორი მთავარ გუნდში და ორი ახალგაზრდულში.) ჩვენ სულ ერთად ვართ მოედანსა და მის გარეთ. წინა გუნდში მარტო ვიყავი. ვფიქრობ, რომ "ბორდოში" ჩემ გადასვლაში როლი ამანაც ითამაშა.
- ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მოედანზე 12-ჯერ გამოხვედი. ელოდი, რომ ამდენი თამაში მოგიწევდა?
- ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ზაფხულში, როდესაც მოვედი, მხოლოდ 1 შეხვედრა მქონდა გამართული. შანსი მომეცა და გამოვიყენე.
- რომელი გირჩევნია: მესამე ხაზში ფლანგზე თამაში თუ ცენტრში?
- ცენტრში თამაშს ვამჯობინებ, მაგრამ "ბორდოში" მოსვლის შემდეგ ვიცოდი, რომ სხვა პოზიციაზეც მომიწევდა თამაში.
- რამდენწლიან კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი?
- ზაფხულში სამწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. ამ წლის შემდეგ კიდევ ორი მრჩება.
- როგორ შეაფასებ სეზონის სტარტს "ბორდოს" რიგებში?
- "პარიზთან" წაგების შემდეგ ცუდი ფაზა დაგვეწყო. შემდეგ "აჟენთან" წავაგეთ, "მონპელიესთან" კი ფრედ ვითამაშეთ.
- TOP 14-სა და PRO D2-ს შორის რა განსხვავებაა?
- ამ ორ ჩემპიონატს შორის ორი დიდი განსხვავებაა. პირველი - TOP 14-ში თამაშის სისწრაფე განსხვავებულია, გადაწყვეტილების მიღება უფრო ჩქარა გვიწევს. მეორე კი პრესინგია, ამ ტურნირში უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- ამ მომენტისთვის ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებთ. რა არის მთავარი მიზანი?
- ცხრილი ძალიან მჭიდროა, მე-7 ადგილზე ვართ, თუმცა მეექვსე პოზიციასთან მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს. ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე თამაშია. ამისთვის ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და გრძელი სეზონის განმავლობაში არაფერია მიუღწეველი.
- როგორ ახსნი "ბორდოს" წარუმატებლობას "ჩელენჯ თასზე"?
- წარუმატებლობაზე საუბარი არ მსურს. იდეალურად არ დაგვიწყია, მაგრამ ყველაფერი წინაა.
- "რასინგთან" თამაშის შემდეგ საზოგადოებამ უკეთესად გაგიცნო. როგორ ფიქრობ, ეს შენთვის გარდამტეხი მატჩი იყო?
- მატჩამდე დიდი პრესინგის ქვეშ ვიყავი, ეს ჩემთვის პირველი საშინაო შეხვედრა იყო. მინდოდა ყველაფერი კარგად გამეკეთებინა და თამაშიც კარგად წავიდა, დამთავრებული არაფერია. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და წინ მივიწევ.
- "პაუსთან" მატჩში მოედნიდან გაგაძევეს. როგორ გგონია, ეს სასჯელი სამართლიანია?
- სირცხვილია. კარგად დავიწყე, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ მსურს. მსაჯის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუმცა, ცხადია, რომ სამკვირიან დისკვალიფიკაციას არ ველოდი. საბედნიეროდ, სანაკრებო მატჩები მოდის და ფორმის შენარჩუნებას მოვახერხებ.
- რამდენიმე კვირის წინ არავინ გიცნობდა. როგორ უმკლავდები მედიის მოულოდნელ დაინტერესებას?
- ამას პოზიტიურად ვიღებ. ახლა ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ იმ ხალხის და "ბორდოს" გულშემატკივრების იმედები გავამართლო, ვინც ჩემით დაინტერესებულია.
- შენ არ ხარ ერთადერთი ქართველი, რომელმაც სეზონის დასაწყისში გაიბრწყინა. რას ფიქრობ გურამ გოგიჩაიშვილზე?
- ის საფრანგეთში ზაფხულში ჩამოვიდა, ჯერ ფრანგულადაც ვერ საუბრობს და უკვე "რასინგის" უდავო ლიდერია, რაც მის ტალანტს კარგად აჩვენებს. მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში ნოემბრის ტესტებში ვითამაშე და ძალიან გახსნილი ადამიანია. მასთან ერთად თამაში დიდი პატივია.
- ნოემბრის ტესტებმა როგორ ჩაიარა?
- თუ გუნდური შედეგიდან გადავხედავთ, სამ თამაშში ორის მოგება კარგი შედეგია. ჩვენ უკვე მსოფლიო თასისთვის ვემზადებით.
მე ტრავმის გამო გუნდს რამდენიმე თვის შემდეგ შევუერთდი, თუმცა მწვრთნელები მენდნენ და სამჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავსახელდი.
- რა სტატუსი გაქვს ეროვნულ გუნდში?
- სტატუსებზე საუბარი ნაადრევია. მე გუნდში ახლახან დავბრუნდი და ყველაფერს მოგვიანებით ვნახავთ.
- მსოფლიო თასი ახლოვდება, ამაზე ფიქრობ?
- დიახ, ვფიქრობ. ეს ჩემი მიზანი და ბავშვობის ოცნებაა. 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, თუმცა მონაწილეობა ვერ მივიღე. იქ ყოფნა მინდოდა, თუმცა იმედი მაქვს, ამ წელს ეს გამომივა.
- D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯია. რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს?
- მსოფლიო თასზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ჩვენი ძალების გვწამს. მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა, თუმცა რატომაც არ უნდა ვიფიქროთ სიურპრიზებზე?
- საფრანგეთის ჩემპიონობა "ბორდოსთან" ერთად თუ მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოსთან ერთად?
- ცხადია, მსოფლიო ჩემპიონობა მსურს. ეს ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა, მაგრამ "ბორდოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონობაც შესანიშნავი იქნება.
- რა პირადი მიზნები გაქვს?
- მინდა მსოფლიო თასზე მონაწილეობა მივიღო და კარგად ვიასპარეზო, ეს მხოლოდ შრომით შეიძლება გამოვიდეს.
- რა უნდა გისურვოთ სეზონის ბოლოსთვის?
- ჯანმრთელობა, განსაკუთრებით, ტრავმის არმიღება. "ბორდოს" რიგებში კი ექვსეულში მოხვედრა და ამის შემდეგ ტიტულზე ოცნებაც შეიძლება.
SkySports.com-მა ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა
ultimaterugby-იმ ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა