ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების ბოლო ტურში ერთადერთი დეტალიღა დარჩა გასარკვევი - ვინ დაიკავებს მეორე ადგილს.

ერთ-ერთი პრეტენდენტი ავსტრალიის ნაკრებია, რომელიც ჩვენი დროით 8 ოქტომბერს, შუა ღამისას სტუმრად ითამაშებს არგენტინაში. მეორე კი სამხრეთ აფრიკაა. "ბოკე" 7 ოქტომბერს შინ მიიღებს ახალი ზელანდიის ნაკრებს.

"ოლ ბლექსი" კეპთაუნს კვირის დასაწყისში ეწვია და მატჩისთვის აქ ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა არგენტინაში გამარჯვების შემდეგ, ხუთ გამოცდილ მორაგბეს უხმო: მეორე ხაზში დაბრუნდება სემ ვაითლოქი, რომლის მეწყვილეც სკოტ ბარეტი იქნება. ლიამ სკუაირი ფლანკერად ითამაშებს, შესაბამისად, მეთ ტოდი სათადარიგოთა
შორის გადაინაცვლებს.

უკანა ხაზში შუამარბად რაიან კროტი ითამაშებს, ხოლო გარემარბის პოზიციაზე ნეჰე მილნერ-სკადერი დადგება. ლიმა სოპოაგა კი თადარიგში იქნება და საჭიროების შემთხვევაში, მგეზავის ადგილს დაიკავებს.

"კვირის დასაწყისიდან კეიპთაუნში ვართ. თამაშისთვის ძირითადად ფსიქოლოგიურად, მენტალურად ვემზადებით და მეტ დროს თეორიულ სწავლებას ვუთმობთ. ვმსჯელობთ, რისი გაკეთება გვინდა და როგორ ვითამაშოთ.

მოუთმენლად ველით მატჩს. "ნიულენდზე" ბოლოს ცხრა წლის წინათ ვითამაშეთ. ვიცით, რომ აქ რაგბი ძალიან უყვართ და "ბოკეს" მხურვალედ ქომაგობენ. ველით მათ ომახიან შეძახილებს და ასევე ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს" - თქვა სტივ ჰანსენმა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში კი სამი ცვლილებაა. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს მეორეხაზელი ლუდ დე იაგერი. მესამე ხაზში გადაინაცვლა პიტერ-სტეპ დუ ტუამ. ეს ნაბიჯი მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ დაცვის გაძლიერების მიზნით გააკეთა.

ტრავმირებული მესამეხაზელი უზეირ კასიმის ადგილს ფრანსუა ლოუ დაიკავებს. ასევე ტრავმის გამო ვერ თამაშობს "ბოკეს" ყველაზე გამოცდილი პირველხაზელი ტენდაი მთავარირა. შესაბამისად, პირველად იდგება ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად მოთამაშე სტივენ კიტშოფი, რომელმაც აქამდე სათადარიგოთა სკამიდან სამხრეთაფრიკელთა შემადგენლობაში 18-ჯერ ითამაშა.

"ყველაზე გამოცდილი მორაგბის დაკარგვა, ცხადია, ძალიან ცუდია. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა სტივენ კიტშოფს. ბოლო ორი სეზონია ის ბეჯითად შრომობს და, ვფქირობ, ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. "ოლ ბელქსთან" თამაში ისევ ძალიან რთული იქნება.

ახალზელანდიელები ისევ გამოგვცდიან ყველა კომპონენტში. როგორც ჩანს, მათ სუსტი წერტილები არ აქვთ. ამიტომ, მთავარია ვაჩვენოთ, რა დასკვნები გავაკეთეთ და რა გავაუმჯობესეთ ჩვენს თამაშში მათთან დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ" - თქვა "ბოკეს" თავკაცმა ალისტერ კუციამ.

ცხადია, არანაკლებ საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი არგენტინაში. "ვოლაბებს" ყველა ვარიანტში გამარჯვება სწადიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული