ჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და წინა ორი წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, აქამდე გამართულ ჩემპიონატებში მე-4 თამაშს იგებდა (2016 წელს იტალიასთან და 2017 წელს არგენტინასთან) და ჩემპიონატს მე-10 ადგილზე ასრულებდა, წელს კი ეს მაჩვენებელი ორი მოგებით და ერთი ადგილით გაუმჯობესდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიის დამარცხების (24:20) შემდეგ, იყო რეალური შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი, მე-5-მე-8 ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. სანაცვლოდ ბიჭებმა მე-4,
დაძაბულ მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს და ელიტაში ზედიზედ მეოთხედ თამაში დაიბევეს, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში შოტლანდიას 39:31 აჯობეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ხუთივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რაც შედეგებზეც აისახა და პირველ მატჩში თასის ნახევარფინალისტ, მრისხანე სამხრეთ აფრიკასთან ბონუსი ავიღეთ (27:33), ხოლო ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს მხოლოდ 12 ქულით (12:24) ჩამოვრჩით.

altთედო აბჟანდაძე: ეს შედეგი თავდადებამ და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ მოიტანა


თავის მხრივ, ასეთი თამაშის ხარისხი და შესაბამისად შედეგი, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის ნაყოფია. ამა წლის თებერვალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ერთკვირიანი შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორი ტესტი გამართეს; აპრილში გუნდი 12 დღით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ეთამაშა; მაისში, უშუალოდ ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, თბილისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ძალიან ძლიერი ნაკრები ეწვია და უმცროს ბორჯღალოსნებთან ‘ავჭალაზე’ ითამაშა. ამ ხუთმა მაღალი დონის შეხვედრამ, ჩვენს გუნდს უმაღლეს სათამაშო ტემპთან შეჩვევის შესაძლებლობა მისცა, რამაც შედეგი მოიტანა!

შოტლანდიელებთან პირველ ტაიმში პირქარში ვითამაშეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და საწყის 20 წუთში თამაშის დალაგებაც გაგვიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, კარგი ტაიმი ჩავატარეთ და ლოგიკურად ის ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყი. მეორე ტაიმის 30 წუთი მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ და დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ნერვიულობამ მაინც მოგვიწია.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე გახსნა. გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ ბურთი დერეფანში მოიგო და კარგად დაყენებულმა მოლმა დაახლოებით 15 მეტრი იარა, მერე მას ლუკა ჯაფარიძე მოწყდა, რომელმაც დარჩენილი 6-7 მეტრი ბრძოლით დაფარა და მიზანს უწია. ქარმა გელა აფრასიძეს მიზნის გასწორების საშუალება არ მისცა და მალე წონასწორობაც აღდგა. ამჯერად მოლი შოტლანდიამ დააყენა, ხოლო გარდასახვა მათაც გაუცუდდათ.

მე-13 წუთზე შოტლანდიელთა ფლანკერმა აფრასიძეზე ჯერ უხეში ბოჭვა შეასრულა, მერე წაქცეულს თავში ხელი ჩაარტყა და გუნდური ჩხუბი ატყდა. ეპიზოდი ვიდეო-რეფერიმ განიხილა და ჩხუბის ინიციატორები სინბინში გაუშვა, ხოლო ხურდის დაბრუნების გამო, ჯარიმა შოტლანდიას გადასცა. მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია და იქვე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

მალე ჩვენი თამაში დალაგდა, დაცვა აგრესიული, ხოლო შეტევები თანმიმდევრული გახდა და საპასუხო, ლამაზმა ლელომაც არ დააყოვნა. მეტოქემ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ბექა მამუკაშვილმა ხაზი გაჭრა, მიყოლამ დააგვიანა და შოტლანდიამ საკუთარი 22-იდან ფეხით ითამაშა, ამჯერად სწრაფ იერიშში მთელი გუნდი ჩაერთო, უპირატესობის ხაზი ყველა ჯერზე გადაიკვეთა, მარჯვენა ფრთაზე მეტობა გაჩნდა და კოტე მარჯანიშვილი ლელოში შეფრინდა, ხოლო აფრასიძის არყოფნაში აბჟანდაძემ ურთულესი გარდასახვა გაიტანა - 12:12.

ტაიმის მეორე ნახევარში ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით ბურთს და თითქმის მთელი დრო მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. ჯარიმა კარის წინ 5 მეტრიდანაც არ დავარტყით და სწრაფი გათამაშებით ვცადეთ უპირატესობის გამოყენება, მაგრამ ბოლო პასი მეტოქემ ჩაჭრა და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამჯერად ქარიც ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და დებიუტშივე მაღალ ტემპში შევუტიეთ. ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან ჩავაგდეთ და იქ ჩვენი დერეფანი ვერ მოვიგეთ, თუმცა ბურთს ვერც შოტლანდიელები დაეუფლნენ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად თენგიზ გიგოლაშვილი გაერკვა, ოვალი აიტაცა და ლელოში შეხტა, ხოლო აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. 49-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, ამჯერად აბჟანდაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ცენტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა - 22:19.

საქართველოს ნაკრები წნეხს აძლიერებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ლევან პაპიძემ მეტოქეს რომ დაუფარა ლელომდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, თუმცა 57-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა. აბჟანდაძე, აფრასიძე და გიგოლაშვილი მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, რაქიდან გურამ გოგიჩაშვილის მიძალებას კი, წინ ვეღარავინ აღუდგა. თედო გარდასახვიდან ზუსტი იყო.

აგრესიული დაცვით მეტოქეს თავის ნახევრიდან გამოსვლის საშუალება არ მივეცით, 64-ე წუთზე სქოთებს ფეხით თამაშისას კიდევ ერთხელ დავუფარეთ, მორკინალებმა ურთულესი ბურთი შეინარჩუნეს, ხაზმა ის მარჯვნივ სწრაფად ჩაათამაშა და მარჯანიშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე რთული პოზიციიდან არ შეცდა - 36:19.

ორიოდე წუთში მარჯანიშვილს მესამე ლელოც უნდა გაეტანა, თორნიკე ჯალაღონიამ ცენტრთან კარგად გაჭრა ხაზი და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, თუმცა მისი გადაცემა კოტემ ვერ შეიმაგრა და ამ ეპიზოდში ორივე შემტევი დაშავდა. 70-ე წუთზე რეფერიმ სანდრო კალმახელიძე გაასინბინა და დასკვნითი 10 წუთი კაცნაკლულებმა გავატარეთ.

ასეთ ვითარებაში შოტლანდიამ შეტევაში გადასვლა მოახერხა, 5 წუთში 2 ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქე მათსავე ნახევარზე კიდევ ერთხელ შეავიწროვეს და შეცდომე დააშვებინეს, მერე ჯარიმა გამოიმუშავეს, აბჟანდაძემ მეექვსე დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დაუბევა - 39:31.

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებმაც განსაკუთრებული დახვედრა დაიმსახურეს, სამშობლოში 19 ივნისს, 03:05 საათზე ბრუნდებიან.


altშოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 57 /

წინ დიდი გამარჯვებები სმენა!
გორდა
09:23 24-11-2018
0
იტალია ერთი მოგებით და 4 წაგებით მე-8 ადგილზე გავიდა, ჩვენ 3 მოგებით და 2 წაგებით მე-9-ზე; ძალიან სულელური წესია - გუნდურის შემდეგ პირველმა ოთხმა ითამაშოს ფინალი, დანარჩენი 8 მაინც უნდა იყოს თანაბარ პირობებში. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ 12 გუნდია; უნდა იყოს 16 ან 8.
მერაბი გ.
06:21 20-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული