IRB-ის ვებ-გვერდი: ქართული რაგბისთვის გამარჯვებას გამარჯვება მოაქვს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებას ნოემბრის ტესტებზე მსოფლიოს ელიტის წარმომადგენელ სამოას ეროვნულ გუნდთან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

"ბორჯღალოსნები" უყურადღებობას არც იქამდე უჩიოდნენ, მაგრამ კუნძულელებთან მოგებამ ჩვენს გუნდს საერთაშორისო არენაზე მეტი წონა შემატა.

ახლახან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით: "ქართული რაგბისთვის გამარჯვებას გამარჯვება მოაქვს".

წერილი ქართული რაგბის მოკლე ისტორიის აღწერით იწყება. ავტორი ამბობს, რომ საქართველოში რაგბის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში თამაშობდნენ. ოფიციალურად კი რაგბის მმართველი სტრუქტურა 1961 წელს ჩამოყალიბდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:

"IRB-მ თავისი არსებობის მანძილზე
პირველად გადაწყვიტა, ნოემბრის ტესტების არეალი გაეფართოებინა და მასში რაც შეიძლება მეტი, ეგრეთ წოდებული მეორე დონის გუნდები ჩაერთო.

ამან გაამართლა, რასაც საქართველოს ნაკრების სამოას ეროვნულ გუნდზე გამარჯვება ადასტურებს.

ამის გარდა, IRB-მ ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უშუალოდ ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ეს პროგრამა რაგბის თამაშის საყოველთაობას, ანუ ჭეშმარიტად სახალხო თამაშად გადაქცევას ისახავს მიზნად. ის, ძირითადად, საჯარო სკოლებში ხორციელდება და იქ სავალდებულო გაკვეთილად შემოღებას ითვალისწინებს".


გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი:

"ამ პროგრამის განხორციელების დასაწყებად ზაფხულის განმავლობაში ვემზადებოდით და ოქტომბრიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. თავდაპირველად თბილისის სამი სკოლა შევარჩიეთ, სადაც სახალისო რაგბის თამაშის დანერგვა ვცადეთ. მერე ამას კიდევ ორი სკოლა დაემატა და დღესდღეობით 120 პირველი და მეორეკლასელი ბავშვია პროგრამაში ჩართული.

მომავალი წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ამ რიცხვის გასამმაგება გვაქვს დაგეგმილი.

იანვრიდან პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ ქუთაისში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. მერე რიგში საგარეჯოა, რომელიც კახეთის ერთი პატარა ქალაქია. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია ამ პროექტის რეალიზაციაში საქართველოს სამხრეთში, ასპინძის რაიონში, სადაც 200-მდე ბავშვს ვავარჯიშებთ და რაგბი ამ რეგიონში სპორტის წამყვანი სახეობა ხდება".


საქართველოში სასკოლო რაგბის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უზარმაზარი პოტენციალია, რომელსაც გამოყენება სჭირდება.

ამ პროგრამის განხორციელებაში დიდ სამუშაოს ასრულებს რაგბის კავშირთან არსებული განვითარების ჯგუფი, რომელშიც შედიან საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები; ასევე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი.

"თავდაპირველად ვგეგმავდით, თვეში ერთი გაკვეთილი ჩაგვეტარებინა, მაგრამ რაგბი ბავშვებში ისეთი პოპულარული აღმოჩნდა, რომ იძულებულნი გავხდით, გაკვეთილების რაოდენობა გაგვეზარდა.

პროცესში ჩვენი მორაგბე გოგონებიც მონაწილეობენ. მათი გარჯა, ვფიქრობ, მოსწავლე გოგონებსაც გაუზრდის ინტერესს და შესაბამისად, პროგრამა ბევრად უფრო მეტი რაოდენობის ბავშვს მოიცავს.

ცხადია, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს პატარა ბავშვებთან. ამიტომ საჭიროა, მათ შევთავაზოთ საინტერესო და მხიარული თამაშები. მეორე-მესამე გაკვეთილის შემდეგ ისინი უკვე უამრავ შეკითხვას გვისვამდნენ რაგბის თაობაზე",
- დასძინა ირაკლი მაჩხანელმა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული რაგბის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენა ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრების დამარცხება იყო - 16:15. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ქართველ მორაგბეებს მისცემს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმ მატჩში მამუკა გორგოძე გახლდათ:

"უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. პირველად მოხდა ჩვენს ისტორიაში, როცა მსოფლიოს მოწინავე ათეულის გუნდი დავამარცხეთ.

ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ქომაგებისა და რაგბის კავშირისთვის.

ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, გაწეულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. კარგი იქნება, თუ ასეთი დონის გუნდებთან ხშირად თამაშის საშუალება მოგვეცემა.

ქომაგებს მუდამ განსაკუთრებული გავლენა აქვთ ჩვენზე. მადლობა მინდა ვუთხრა მათ მხურვალე ქომაგობისთვის. ეს თამაში ყველამ ერთად მოვიგეთ"
, - თქვა მამუკა გორგოძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: ქართველ მორაგბეებზე შრომისმოყვარე არსად მინახავს
გიორგი ბეგაძე: "ოლ ბლექსთან" თამაში ჩვენი ოცნებაა
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებას გისურვებტ ბიჭებო! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
0
სპორტული საზოგადოებრივი არხია საჩირო და აგარ იკნება პრობლემები ანახებენ ტელევიზიები ამათუიმ სპორტულ გონისძიებას.
jorj
09:59 20-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული