სწორედ #10 იწყებს შეტევას; ნებისმიერი სტატიკური მდგომარეობიდან გამოტანილი ბურთი, პირველ რიგში, მგეზავთან მიდის.
უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მგეზავები ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს, არეკნებს, გარდასახვებს და ქულებსაც უხვად აგროვებენ.
დაცვაში თამაშისას ხშირად იხილავთ ისეთ სიტუაციას, როდესაც მგეზავს "პირად მცველად" აჩრდილივით დასდევს რომელიმე თანაგუნდელი, რომელიც ცდილობს დაიცვას იგი მოწინააღმდეგეთა აგრესიული მორკინალებისაგან და აარიდოს თავიდან ტრავმა.
მაღალი დონის მგეზავის არყოლის პრობლემა უამრავ ქვეყანას გააჩნია, ისეთ უძლიერეს სარაგბო კერასაც
ასევე იხილეთ: საუკეთესო ცხრა ნომრები რაგბის ისტორიაში
მგეზავად იბადებიან, რადგან ამ პოზიციაზე მოასპარეზე მოთამაშეს ყველაზე მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მართებს: უნდა იყოს ათლეტური, სწრაფი, გააჩნდეს მოედნის კარგი ხედვა, კარგად უნდა "გრძნობდეს" ბურთს, საკუთარი მახვილგონივრული და დროული პასებით საკუთარ თანაგუნდელებს უნდა მისცეს საშუალება, გამოავლინონ საუკეთესო სარაგბო თვისებები.
მგეზავი ფეხითაც უნაკლოდ უნდა ურტყამდეს. მას ინდივიდუალური ქმედების ხარჯზე უნდა შეეძლოს მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა, გააჩნდეს არასტანდარტული აზროვნება. დაცვაში გარჯისას მგეზავს არ ეპატიება პოზიციური შეცდომის დაშვება, რაც შესაძლოა გუნდისთვის ფატალურად დასრულდეს.
მსოფლიოს რაგბიში ძალიან ბევრ მგეზავს დაუტოვებია თავისი ბრწყინვალე გარჯით წარუშლელი კვალი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი ავარჩიოთ.
ჯონი ვილკინსონი (ინგლისი)
ჯონი ვილკინსონი ნიუკასლის სარაგბო კოლეჯში აღიზარდა. 17 წლის ტალანტი უკვე ძირითადი გუნდის წევრი გახლდათ და 1998 წელს ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. ფინალურ მატჩში "ვილკოს" ფეხჩუბინობის წყალობით "ნიუკასლმა" მრისხანე "სარასენზი" დაამარცხა.
ახალგაზრდა მოთამაშის წინსვლა, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და 1998 წლის 4 აპრილს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჯონიმ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მან 46-ე წუთზე მაიკ ქეთი ჩაანაცვლა გარემარბის პოზიციაზე.
ზაფხულში 18 წლის ვილკინსონი ინგლისის ნაკრებს გაჰყვა სამხრეთულ ტურნეში, რომელსაც მოგვიანებით "ჯოჯოხეთის ტურნე" ეწოდა, რადგან ბრიტანელები საერთო ჯამში 0:76 განადგურდნენ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან.
ასევე იხილეთ: საუკეთესო მღლეტავები რაგბის ისტორიაში
ინგლისელთა ეროვნულ გუნდს რობ ენდრიუ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ახალი გუნდის შენება "ვილკოს" ირგვლივ დაიწყო. ჯონიმ რამდენიმე მატჩში ითამაშა, თუმცა შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩშივე მთელმა ინგლისმა იგრძნო, თუ როგორ აკლდათ მათ ახალგაზრდა ტალანტი.
2003 წელს ინგლისმა, კლაიდ ვუდვორდის ხელმძღვანელობით, დიდი სლემით მოიგო ექვსი ერის გათამაშება. გადამწყვეტ მატჩში მათ 42:6 გაანადგურეს სტუმრად ირლანდია, ხოლო ჯონი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შემოდგომაზე გამართულ მსოფლიოს თასზე ინგლისელთა ტაქტიკა მთლიანად ვილკინსონზე გახლდათ აგებული.
მგეზავმა გაამართლა მასზე გაცემული ავანსები, მთელი ტურნირის განმავლობაში იგი, უბრალოდ, შეუდარებელი გახლდათ, ხოლო ფინალურ მატჩში მასპინძელ ავსტრალიას დამატებითი დროის ბოლო წუთზე გადამწყვეტი არეკნი გაუტანა და მსოფლიო რაგბის ისტორიაში ევროპულმა ნაკრებმა პირველად აღმართა მსოფლიოს თასი.
2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ინგლისმა და მისმა ლიდერმა ვერცხლის მედლები მოიგეს... წააგეს რა დასანანი ფინალური მატჩი უძლიერეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.
ჯონი ვილკინსონმა ეროვნული გუნდის მაისურით ჯამში 91 კეპი მოიხვეჭა და 1179 ქულითაც შეეწია ინგლისს, რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.
ენდრიუ მერთენსი (ახალი ზელანდია)
საუკეთესო მგეზავთა შორის თავის საპატიო ადგილს იმსახურებს ლეგენდარული ახალზელანდიელი ენდრიუ მერთენსი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა "ოლ ბლექსს". ის შეუცვლელი ფიგურა იყო თავისი ჭკვიანური და იმავდროულად, ქარიზმატული სათამაშო სტილის გამო.
მერთენსის დებიუტი ეროვნულ გუნდში 1995 წელს შედგა და პირველსავე მატჩში მან კანადის ნაკრების წინააღმდეგ 28 ქულის მოგროვება შეძლო.
ასევე იხილეთ: საუკეთესო მხტომელები მსოფლიოს რაგბის ისტორიაში
ენდრიუმ თავისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში 70 კეპი მოიხვეჭა და 967 ქულაც მოუტანა საკუთარი ქვეყნის ნაკრებს. მსოფლიოს რაგბის ისტორიაში იგი დღემდე რჩება ყველაზე მეტი ზუსტი გარდასახვის შემსრულებლად და სამი ერის გათამაშების ყველა დროის ბომბარდირად.
მან სამხრეთ ნახევარსფეროს ორ უძლიერეს ნაკრებს: ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას, შესაბამისად, 202 და 209 ქულა აართვა.
ზე რაგბიში მერთენსი "კუზეიდერსის" ღირსებას იცავდა (1996-2005) და 87 შეხვედრაში 990 ქულითაც შეეწია ახალზელანდიურ კლუბს.
2007 წელს ენდრიუ სათამაშოდ ევროპაში წამოვიდა, სადაც მცირე ხნით იასპარეზა "ტულონის", "მეტრო რასინგის" და "ჰარლექვინსის" რიგებში. 2010 წელს "ბეზიეს" რიგებში გადავიდა, სადაც დღემდე იკლავს რაგბის თამაშის დაუოკებელ წყურვილს.
მარკ ელლა (ავსტრალია)
ლეგენდარული ავსტრალიელი მგეზავის, მარკ ელლას სანაკრებო კარიერა მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა (1980-84), თუმცა ამ დროის განმავლობაში მან თავისი ფანტასტიკური სათამაშო სტილის დამკვიდრება შეძლო სარაგბო მოედანზე და აბსოლუტურად შეცვალა რაგბი.
მარკი საკუთარ ძმებთან - გარისა და გლენთან ერთად მატრავილის უნივერსიტეტში პირველად ეზიარა რაგბის და ამის შემდეგ სამივემ მიზნად დაისახა, საკუთარი კარიერა სპორტის ამ სახეობისთვის მიეძღვნათ. ასეც მოხდა, სამივე ძმამ მოირგო ავსტრალიის ნაკრების კვართი და ერთგულად ემსახურა ეროვნულ გუნდს კარიერის დასრულებამდე.
ასევე იხილეთ: საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში
ელლამ ჯამში 25 კეპი მოიხვეჭა და 78 ქულითაც შეეწია "ვოლაბებს", თუმცა ნებისმიერი მატჩი მისი მონაწილეობით, უბრალოდ, ისტორიის ნაწილი ხდებოდა, რადგან მარკი სასწაულებს ჩადიოდა. 1980 წელს მან ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში, გადამწყვეტ მომენტში დაუვიწყარი პასი (round the body pass) გადააწოდა თანაგუნდელ პიტერ გრიგს, რომელსაც აღარ გასჭირვებია გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა.
1984 წელს ავსტრალიამ ბრიტანეთში ტურნე მოაწყო. ელამ ოთხივე შეხვედრაში თავი ლელოთი გამოიჩინა და საკუთარი ქვეყნის ტრიუმფალურ გამარჯვებას დაუდო სათავე, რის შემდეგაც იგი მოულოდნელად წავიდა დიდი რაგბიდან და უამრავი გულშემატკივარი გულდაწყვეტილი დატოვა.
მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო: მას სურდა, რომ კარიერის ზენიტში დაესრულებინა ყველაფერი და სწორედ ასეთი ხსომებოდათ იგი თაობებს.
ავსტრალიური რაგბის ლეგენდამ დევიდ ქემფიზმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ელლა ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა, ვისთანაც კი ოდესმე უთამაშია.
2005 წელს მადლიერმა გულშემატკივარმა მარკ ელლა ავსტრალიური რაგბის XX საუკუნის 5 საუკეთესო მორაგბეთა შორის დაასახელა.
ნუგზარ ძაგნიძე
ქართული რაგბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბეს, ნუგზარ ძაგნიძეს არ გაუმართლა. ის რომ ათიოდე წლით გვიან დაბადებულიყო, დარწმუნებულნი ვართ, საერთაშორისო არენაზე წარუშლელ კვალს დატოვებდა.
ნუგზარი ქუთაისში დაიბადა და მთელი საკლუბო კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდს მიუძღვნა. ის შესანიშნავი მგეზავი იყო, ბრწყინვალედ თამაშობდა ორივე ფეხით, რაც თანამედროვე რაგბიში ძალზედ იშვიათი ფენომენია.
ასევე იხილეთ: საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში
ძაგნიძე "აიას" რიგებში სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. არაერთხელ უთამაშია საბჭოეთის ნაკრებში. ხშირად თამაშობდა ფულბეკის პოზიციაზეც.
საქართველოს ეროვნულ გუნდში ნუგზარ ძაგნიძემ "ბორჯღალოსანთა" პირველივე მატჩში იასპარეზა 1989 წლის 12 სექტემბერს, ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ. ბოლო მატჩი კი 1995 წელს ამსტერდამში, ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა. ის ნაადრევად წავიდა რაგბიდან და, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ცხოვრებიდანაც.
ნუგზარ ძაგნიძე ერთი ხანობა "აიას" მწვრთნელი იყო და მიმდინარე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც მოძღვრავდა. სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფობამ ქართული რაგბის ლეგენდას ნაადრევად მოუსწრაფა სიცოცხლე.
მერაბ კვირიკაშვილი
მერაბ კვირიკაშვილი თანამედროვე ქართულ რაგბიში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის თბილისში 1983 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. რაგბის თამაში თბილისის "ლელოში" დაიწყო. 2002 წელს უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: პირველ ლიგაში მოასპარეზე მერაბ კვირიკაშვილი წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
იმ პერიოდში "მეკო" ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას, საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კლოდ სორელმა ის მგეზავად ათამაშა და მას შემდეგ კვირიკაშვილმა ამ ამპლუაში კიდევ ორ მსოფლიოს თასზე იასპარეზა.
რაგბის ქომაგს არასდროს დაავიწყდება 2010 წელს აშშ-ის ნაკრებთან თბილისში გამართული მატჩი. შეხვედრის ბოლო წამებზე მეტოქის ლელოსთან ახლოს წარმოქმნილი რაკიდან ბურთი "მეკომ" გამოიტანა და დროულად შენიშნა გრძელ ფრთაზე ეულად დარჩენილი ლექსო გუგავა.
მისი უზუსტესი გადაცემის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და მერე მანვე გარდასახვით გამარჯვება მოუტანა "ბორჯღალოსნებს".
ამასთან ერთად, ალბათ, ძნელი იქნება 2011 წლის მსოფლიოს თასზე დანიდინში, "ოტაგო სთედიუმზე" ინგლისთან გამართული შეხვედრის დავიწყება. მაშინ კვირიკაშვილმა მრისხანე მეტოქეს ხუთი საჯარიმო ვერ გაუტანა.
თუმცა, ამის პარალელურად ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იმავე სტადიონზე, ერთი კვირით ადრე, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა და დამრტყმელმა ჯონი ვილკინსონმა ასევე ხუთი საჯარიმო ვერ გაიტანა.
მერაბ კვირიკაშვილმა ეროვნულ გუნდში 69 კეპი მოიხვეჭა და 433 ქულა მოიპოვა. მის ანგარიშზე 7 ლელო, 88 გარდასახვა, 72 საჯარიმო და 2 არეკნია.
გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"