საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ბარკალოვის საერთაშორისო მემორიალზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს პირველად გაიმართება 15 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა კონტინენტის ჩემპიონატი, რომლის ფინალურ ეტაპს 21-28 ივლისს ბულგარული ბურგასი უმასპინძლებს.

მედლებისთვის 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ესენი არიან: ესპანეთი, ხორვატია, ჰოლანდია, ბელორუსი, იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, რუმინეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, თურქეთი, რუსეთი, სერბეთი, საქართველო, სლოვაკეთი და მასპინძელი ბულგარეთი.

ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდები ოთხმა შესარჩევმა ჯგუფმა გამოავლინა. 28-31 მარტს D ჯგუფის პაექრობები თბილისის საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გაიმართა.

მაშინ ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სძლია ბულგარეთს - 18:4 (4:1, 7:3, 2:0, 5:0), ლიეტუვას -
13:5 (4:1, 5:2, 3:1, 1:1), აზერბაიჯანს - 31:2 (7:1, 7:0, 8:0, 9:1), სლოვაკეთს - 11:7 (0:3, 5:2, 2:1, 4:1) და მხოლოდ ბოლო პაექრობა დათმო სერბეთთან - 6:13 (2:3, 1:2, 1:2, 2:6), მოაგროვა 12 ქულა (79:31) და მეორე ადგილი დაიკავა. 15 (111:19) ქულით პირველ ადგილზე სერბეთი გავიდა. მესამე-მეოთხე ადგილები სლოვაკეთმა (9 ქულა - 50:40) და ბულგარეთმა (6 - 42:64) გაინაწილეს.

ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში ქართველმა 15-წლამდელებმა თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში - ზურაბ და როსტომ ჩაჩავების თასზე ბულგარელ (17:6), უკრაინელ (20:11), თურქ (9:8) თანატოლებს სძლიეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

6 მაისს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები (გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი კოზაშვილი, გურამ გოცირიძე, არჩილ ბაგაშვილი, გუგა გელაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, სანდრო ვასაძე, დავით გორგოძე, გიორგი კირიაკიდი, ლუკა ჩიქოვანი, ალექსანდრე მიქაუტაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, ანდრია ცქიტიშვილი, მწვრთნელები - ნოდარ ჩხარტიშვილი, ოთარ ქოიავა, მსაჯი კონსტანტინე ნადირაძე) ხარკოვში გაემგზავრა, სადაც 8-10 მაისს ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსეი ბარკალოვის ტრადიციულ საერთაშორისო მემორიალზე მოსინჯავენ ძალებს, თუმცა ჩვენებს ორი-სამი წლით უფროს მეტოქეებთან (უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი) მოუწევთ გამკლავება.

შეხვედრათა განრიგი
8 მაისი. უკრაინა - ლიეტუვა, აზერბაიჯანი - საქართველო
9 მაისი. უკრაინა - აზერბაიჯანი, საქართველო - ლიეტუვა
10 მაისი. ლიეტუვა - აზერბაიჯანი, უკრაინა - საქართველო

რაც შეეხება საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს, ისიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება სოსო მაისურაძის ხელმძღვანელობით.

კონტინენტის პირველობის ფინალურ რაუნდს 11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური აუზი უმასპინძლებს. ამას წინათ ჩვენებმა სლოვაკეთის ტურნირზე ითამაშეს და რვა გუნდს შორის მე-2 ადგილი დაიკავეს.

ახლა ისინი თბილისში განაგრძობენ წვრთნას, 17-19 მაისს ყაზანის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, ივნისში ჰოლანდიას ეწვევიან, 2-4 აგვისტოს კი თბილისის ოლიმპიურ აუზში სახელოვანი ქართველი წყალბურთელის, მელბურნის თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ ნოდარ გვახარიას ტრადიციული თასი, გათამაშებაზე გერმანიის, უნგრეთის, იტალიის, მონტენეგროს და რუსეთის გუნდებთან ერთად წინასაჩემპიონატო რეპეტიციას გაივლიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული