იტალიელს პირველად ჰქონდა განთესვის ასეთი მაღალი ნომერი. რა თქმა უნდა, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ერანი ნახევარფინალამდე მიაღწევდა, მაგრამ მეორე წრიდან მის გამოვარდნას არავინ ელოდა. სარას მძლეველი აღმოჩნდა მისი თანამემამულე ფლავია პენეტა. გუშინდელ მატჩამდე ეს ჩოგბურთელები ოთხჯერ შეხვდნენ და ანგარიში 2:2 იყო. ასეთი სტატისტიკა დაძაბული ბრძოლის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში პენეტამ გაანადგურა მეგობარი -
ფლავიამ უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა: 33 "ვინერსი", შვიდი ეისი და ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის 86 პროცენტი. ეს იყო პენეტას მეათე მოგება TOP5-ის წევრებთან. მანამდე მან დაამარცხა: ჟუსტინ ანენი, ელენა იანკოვიჩი (ორჯერ), ვინუს უილიამსი, სამანტა სტოსური (ორჯერ), ვერა ზვონარევა, მარია შარაპოვა და კაროლინ ვოზნიაცკი.
ცნობისთვის, პენეტას სამჯერ უთამაშია ამერიკის ღიას მეოთხედფინალში. ახლა მისი მეტოქე იქნება რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, რომელსაც იტალიელი ხუთიდან ხუთ მატჩში ჰყავს დამარცხებული.
* * *
მთავარი ფავორიტები მშვიდად მიიწევენ ფინალისკენ. სერენა უილიამსი გალინა ვოსკობოევას ხვდებოდა. ამერიკელმა არც ისე კარგად ჩაატარა პირველი სეტი და ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა. თუმცა სერენას, როგორც ყოველთვის, საკმარისი რეზერვი აღმოაჩნდა თამაშის მოსამატებლად და ის მცირე ინტრიგა, რომელიც საწყისი სეტის სტარტზე გაჩნდა, მალე აღარ არსებობდა. ისევე როგორც პირველ წრეში ფრანჩესკა სკიავონე, ვერც ვოსკობოევა გადაურჩა სეტის "მშრალად" წაგებას.
ვიქტორია აზარენკამ სასტარტო შეხვედრაში ორივე პარტია 6:0 მოუგო გერმანელ დინა პფიცენმაიერს, ამიტომაც შემდეგ მატჩში კანადელ ალექსანდრა ვოზნიაკთან მაყურებელი ელოდა "მშრალი" სერიის გაგრძელებას. აზარენკა ამართლებდა მათ იმედებს - პირველ სეტში ზედიზედ აიღო ხუთი გეიმი, რითაც აშშ-ის ღიაზე ზედიზედ მოგებული გეიმების რაოდენობა 17-მდე აიყვანა. მაგრამ 0:5-ზე ვოზნიაკი მოულოდნელად გააქტიურდა და სამი გეიმი მოიგო, თუმცა ამით მისი წარმატებები დასრულდა. ვიქტორია მესამე წრეში გავიდა, სადაც ფრანგს ალიზ კორნეს შეხვდება. აზარენკას მომავალი მეტოქისთვის ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული. ასეთივე სტატისტიკა გააჩნია სერენა უილიამს თავის მორიგ მეტოქესთან - ყაზახ იაროსლავა შვედოვასთან ურთიერთდაპირისპირებაში.
* * *
დღის მატჩად შეიძლება მოინათლოს ეჟენი ბუშარისა და ანჟელიკ კერბერის დაპირისპირება. სულ ცოტა ხნის წინ, 19 წლის კანადელს ცოტა ვინმე თუ იცნობდა. მან კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება უიმბლდონზე მოიპოვა, როცა სერბი ანა ივანოვიჩი დაამარცხა და ახალ დონეზე გადავიდა.
ბუშარმა თავიდანვე კარგად დაიწყო პირველი სეტი და აჩვენა ყველაფერი, რაც მის არსენალში არსებობს. ეჟენიმ მიახვედრა კერბერი, რომ მას იოლი გასეირნება არ ექნებოდა. გარკვეულ ეპიზოდებში კანადელს გამოცდილება არ ჰყოფნიდა და მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურად გამოიყურებოდა, მაინც წააგო საწყისი სეტი.
როგორც ჩანს, პირველ პარტიაში გარდატეხის შეტანას გერმანელმა ბევრი ძალა შეალია და მან აშკარად ჩააგდო მეორე სეტი. და მაინც, კერბერმა შეძლო კონცენტრაციის დაბრუნება და მესამე სეტში ბუშარს ოსტატობა მხოლოდ საკუთარ გეიმებში საბრძოლველად ეყო.
* * *
როგორც ზემოთ გითხარით, ამერიკის ღიაზე პირველი სენსაციის ავტორი გახდა ვიქტორია დუვალი, რომელმაც სტოსური გამოთიშა ბრძოლას. ამიტომაც, ყველა დიდი ინტერესით ელოდა ჰაიტური წარმოშობის ამერიკელის მორიგ შეხვედრას - ამჯერად, მას სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა უპირისპირდებოდა. ისე გამოვიდა, რომ დუვალმა მთელი ენერგია, იღბალი და ოსტატობა 2011 წლის ჩემპიონთან მატჩში დატოვა და ორი ბრეიკის მიუხედავად, ორ სეტში წააგო მატჩი. ჰანტუხოვას ეტყობოდა, რომ კარგად შეისწავლა მეტოქის მოქმედება და არ გასჭირვებია თამაშზე კონტროლის დაწესება. სხვათა შორის, ეს არის სლოვაკის პირველი გასვლა მესამე რაუნდში 2010 წლის შემდეგ.
II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:3, 6:0; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-პატრისია მეირ-ახლაიტნერი (ავსტრია) 6:2, 6:3; კაია კანეპი (ესტ, 25)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:4, 2:6, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 24)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 6:4; საბინე ლისიცკი (გერ, 16)-პაულა ორმაეჩეა (არგ) 6:2, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 9)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:3, 6:2; კურუმი ნარა (იაპ)-სორანა კირსტეა (რუმ, 19) 7:5, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:1, 6:2; კამილა ჯორჯი (იტა)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:4, 7:6(8); კარინ კნაპი (იტა)-ელენა ვესნინა (რუს, 22) 6:1, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 10)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 4:6, 6:1, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 14)-მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ) 6:3, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 21)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:2, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 27)-შუაი პენგი (ჩინ) 6:1, 4:6, 6:4; ფლავია პენეტა (იტა)-სარა ერანი (იტა, 4) 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:2, 6:4; ელისონ რისკე (აშშ)-მონა ბარტელი (გერ, 28) 6:4, 6:2; იულია გლუშკო (ისრ)-საჩია ვიკერი (აშშ) 7:5, 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ვიქტორია დუვალი (აშშ) 6:2, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 6:1; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:4, 3:6, 7:5; ალიზ კორნე (საფ, 26)-აილა ტომლიანოვიჩი (ხორ) 6:2, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:3, 6:1.
ცონგა უმწვრთნელოდ დარჩა
ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ გამოაცხადა ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ თავის პირად მწვრთნელთან როჯერ რაშიდთან. შეგახსენებთ, რომ ATP-ის კლასიფიკაციის მერვე ნომერი 43 წლის ავსტრალიელთან 2012 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
"ენობრივი ბარიერი და გეოგრაფიული სიშორე წინაღობა აღმოჩნდა თანამშრომლობის გასაგრძელებლად. მე უნდა ვიფიქრო მომავალზე და კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკვე როჯერის გარეშე მივიღო. 28 წლის ვარ და ჯერაც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.
ბევრი რამ ვისწავლე ამ სეზონში მისი მეცადინეობებით. იმედია, ჩემი გამოცდილება მომავალში გამომადგება. ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას. ახლა, შევისწავლით რამდენიმე კანდიდატურას ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით", - მოჰყავს ცონგას სიტყვები გამოცემა "ეკიპს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა. ქალები: ვინუს უილიამსის საბედისწერო შეცდომა