ლიცენზიანტი: რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა

AutoSharing Option
ლონდონის 30-ე თამაშებში საქართველოს 3 ძალოსანი იბრძოლებს ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასასვლელად.

ერთ-ერთი იქნება წლევანდელი ევროპის ჩემპიონი, ქუთაისელი რაულ ცირეკიძე (85 კგ), რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ჩვეული მუყაითობით ინტენსიურად ემზადება ოლიმპიადისთვის.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1997 წელს 10 წლის ყმაწვილი მამამ - ყოფილმა ძალოსანმა გია ცირეკიძემ ვაჟიშვილი დარბაზში მიიყვანა და შტანგას დააჭიდა.

- კარგა ხანს გრძელდებოდა "შინაომი" მეუღლესთან, - ღიმილით მიყვება ბატონი გია. - რაული სკოლაში ხუთებზე სწავლობდა, ფორტეპიანოზე უკრავდა (შვიდწლედი დაამთავრა - ვ.დ.) და შესანიშნავად მღეროდა. ერთხანს ფოლკლორულ ანსამბლშიც ირიცხებოდა.

დედამისს სურდა, ამ მიმართულებით განეგრძო საქმიანობა, რამდენჯერმე კონკურსებზეც გაიმარჯვა. მე კი ჩემსას ვცდილობდი - რასაც სპორტულ კარიერაში ვერ მივაღწიე, მინდოდა, ვაჟიშვილს შეევსო ხარვეზი. ფორტეპიანო და შტანგა კი ვერ თავსდებოდა ერთმანეთში.

არჩევანი რაულს მივანდეთ. ის კი ჩემს გზას დაადგა, რამაც ძალიან გამახარა. დღეს კი ოჯახში ყველანი კმაყოფილი ვართ...

ცხადია, ცირეკიძეებს კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვთ - რაული ოლიმპიურ თამაშებში, სადაც მოხვედრა ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა, მეორედ იასპარეზებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: წლეულს გაზაფხულზე ანტალიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

- ატაცი 160 კილოთი დავიწყე, 165-ით დავასრულე, რამაც მცირე ვერცხლის მედალი მომიტანა, - მითხრა ევროპის ჩემპიონმა. - ერთი კილოგრამით თურქმა ფათიხ ბაიდარიმ გამისწრო. თუმცა მასპინძელს 7 კილოთი ვაჯობე. მან რუმინელ გაბრიელ სინჩრაიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა.

ანტალიაში ურთულესი პაექრობები იყო - ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, რომელიც თურქეთში გვახლდა, ტელეფონით ხშირად უკავშირდებოდა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვანო გრიქუროვს ტაქტიკის შესარჩევად.

ანტალიაში მყოფ მწვრთნელებთანაც ათანხმებდა სამოქმედო გეგმას. გადაწყდა, რომ აკვრაში საწყის წონად 193 კილოგრამი შეგვეკვეთა. მისი დაძლევა არ გამჭირვებია, რადგან ვარჯიშებზე 203 კილოგრამიც მქონდა აკრული.

რუმინელი სინჩრაიანი ორი კილოგრამით უფრო მძიმე შტანგას მოერია და ორჭიდში კილოგრამით გამისწრო.

მეტიც უნდოდა, მაგრამ 198 კილოზე ორი ცდა გაუცუდდა. თურქმა ბაიდარიმაც 193 კილოგრამი მესამე ცდაზე დაიმორჩილა. ორთაბრძოლის ეს პერიპეტიები შეჯიბრების შემდეგ მიამბეს მწვრთნელებმა.

ასპარეზობის მსვლელობისას მირჩიეს, ფიცარნაგზე მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყური არ მედევნებინა - საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელებმა და ბატონმა ვანო გრიქუროვმა მათემატიკური სიზუსტით გამოთვალეს, თუ როგორ ავსულიყავი ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ჩემს წონაზე უნდა მეფიქრა და არ უნდა მცოდნოდა მეტოქეთა დაძლეული სიმძიმეები. სწორი ფსიქოლოგიური გათვლა იყო: რომელიმე სინჯის მედალს თუ გავინაღდებდი, შესაძლოა, მესამე ცდაზე 200 კილო ვერ დამეძლია და ჩემპიონობა ხელიდან გამეშვა...

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა: მართალია, ორი კონკურენტი ნაადრევად ჩამოშორდა ოქროსთვის ბრძოლას, მაგრამ რჩებოდა გერმანელი ტომ შვარცბახი, რომელმაც შარშან პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატზე 205 კილოგრამი აკრა. ატაცში იგი 10 კილოთი ჩამორჩა ცირეკიძეს, მაგრამ ალემანს უწინდელი მიღწევა რომ გაეუმჯობესებინა და ცირეკიძეს მესამე ცდა გაცუდებოდა, მაშინ მხოლოდ ვერცხლს დასჯერდებოდა.

რაულმა კი იოლად დაძლია 200 კილო და ორჭიდში 365 კილოგრამით კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც მის სპორტულ კარიერაში საუკეთესო შედეგია.

2004 წელს, ათენის ოლიმპიადის შემდეგ, რაც ცირეკიძე თბილისში ვანო გრიქუროვთან გადმოვიდა სავარჯიშოდ, 2007 წელს ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მერე პეკინის ოლიმპიადაზე გამოვიდა და ასპარეზობა ატაცში 143 კილოგრამითა და მხრის ტრავმით დაასრულა.

ნაოპერაციები ორი წელიწადი იშუშებდა იარებს. 2010 წელს ფიცარნაგზე დაბრუნება 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით აღნიშნა. შარშან და შარშანწინ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს სალიცენზიო ქულები შესძინა და სალონდონედ 3 საგზურის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

- ანტალიურ ოქროზე თუ ფიქრობდი? - ვკითხე ჩემპიონს.
- ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სამეულში მოსახვედრად მზად ვიყავი, თუმცა პირველობისთვის ეს არ იქნებოდა საკმარისი. დიდი როლი მწვრთნელების ზუსტმა ტაქტიკამ და სტრატეგიამ ითამაშა.

- ანტალიაში რამდენიმე სპორტსმენი იყო, რომლებსაც 85 კილოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეეძლოთ. საბედნიეროდ, ის დღე რაულის დღე აღმოჩნდა - ორივე მოძრაობაში ის წონა დაძლია, რამაც ოქრო მოუტანა, - დასძინა გია ცირეკიძემ.

- წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში არ გიასპარეზია...
- ტრავმა მქონდა და მწვრთნელებმა დასვენების უფლება მომცეს. ახლა ყველაფერი რიგზეა და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ყოველმხრივ ვეცდები, ლონდონში ქომაგები არ გავაწბილო.

- კერპები თუ გყავს?
- ჩემი ჭაბუკობისას კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის სახელები ყველას პირზე ეკერა. მისაბაძად მათზე უკეთესი ვინღა უნდა მყავდეს. ყოველთვის ვოცნებობდი, მათ მიღწევებს მივახლოვებოდი.

ჩემპიონობა რომ მოვიპოვე, გიორგიმ მითხრა - ანტალიაში ჩემი 11 წლისწინანდელი მიღწევა გაიმეორე. ახლა ოლიმპიურ ფიცარნაგზე უნდა ეცადო მსგავს წარმატებასო. ყველაფერს გავაკეთებ, ოცნება რეალობად ვაქციო.

- ძალოსნობის გარდა, რა გიტაცებს?
- ბავშვობისას ჭადრაკს ვთამაშობდი კარგად, ცურვა მიყვარს ძალიან. ჩაქვში თვეზე მეტხანს ვიყავით შეკრებაზე. თავისუფალ დროს ბიჭებს ვეჯიბრებოდი ცურვაში. ჰო, მართლა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ.

- ევროპის ჩემპიონატზე ვის ქომაგობდი?
- ჩვენი ძალოსანთა ნაკრები სამ ბანაკად იყო გაყოფილი. მე და გია მაჭავარიანს ესპანეთის ჩემპიობა გვინდოდა. პირინეელებმაც არ დაგვაღალატეს.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები საოლიმპიადედ მზად არის?
- ლონდონის თამაშებამდე დრო ჯერ კიდევ არის. ამჟამად დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ვემზადებით. ჩვენმა ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წვრთნისა და აქტიური დასვენების ყველა პირობა შეგვიქმნეს.

მწვრთნელებიც, ბატონი ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ოლიმპიურ ფიცარნაგზე გასვლისას მომზადების პიკში ვიყოთ. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ვფიქრობ, იმედებს გავამართლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი - ირაკლი თურმანიძე
ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული