ვეტერანმა მოფარიკავეებმა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გააცილეს

AutoSharing Option
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები, ლაიპციგში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ვეტერანებმა გააცილეს, რომელთა დამსხურებითაც, ახალგაზრდა სპორტსმენებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე დღეებში არაერთხელ შევსწრებივარ, თუ რა რთულ პირობებში ვარჯიშობდნენ ქართველი მუშკეტერები თბილისის საფარიკაო დარბაზში: იატაკი ნაწილობრივ ჩანგრეული იყო, ფანჯრებს ზოგან მინა აკლდა და ცივი ქარი უბერავდა, ჭერიდან ალაგ-ალაგ წვიმა ჩამოდიოდა. ყოველივეს მიუხედავად, ენთუზიასტ მწვრთნელებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა.

2002 წელს ქართული ფარიკაობის მხარდასაჭერად და დასახმარებლად ვეტერანმა მოფარიკავეებმა – მსოფლიოს ჩემპიონმა იური ოსიპოვმა, არჩილ გოგელიამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, მორის სახვაძემ, გურამ
ჯაიანმა, გივი ცაგარელმა და ლუდვიგ ღაღანიძემ შპს "მუშკეტერები" დააფუძნეს, რომელმაც აუქციონზე შეიძინა ვაკის საფარიკაო დარბაზი. და იმ დროს, როცა ზოგიერთები საქართველოში სპორტული ბაზების გაყიდვა-გასხვისებით იყვნენ გართული, ზემოთ აღნიშნულმა ვეტერანმა მოფარიკავეებმა მოიძიეს სახსრები და ძველი სარბიელის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი ააშენეს, რომელიც 2012 წელს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას საჩუქრად გადასცეს, რაც, უდავოდ, მისაბაძი მაგალითია.

და აი, ამ ფაქტიდან ხუთი წლის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონის – ნუგზარ ასათიანის სახელობის თბილისის ფარიკაობის დარბაზის ფასადზე მეორე დაფაც გაჩნდა, რომელზეც იმ შესანიშნავი შვიდეულის ვინაობაა ამოკვეთილი, რომლებმაც საკუთარი სახსრებით აშენებული დარბაზი ფარიკაობის ფედერაციას უსახსოვრეს. საგულისხმოა, რომ ამ შესანიშნავი სპორტული ობიექტის მწყობრში ჩადგომის შემდეგ დაიწყო ქართული ფარიკაობის აღმავლობა. თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რომ მოხმალავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა, ახალგაზრდებში სამჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, წლეულს კი ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ამავე შეჯიბრების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მოხმალავე თეოდორა კახიანი. 23-წლამდელებში ევროპის პირველობების მესამე პრიზიორები არიან მოხმალავე ბექა ბაზაძე და რაპირით მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე, კადეტებში მსოფლიოს მესამე პრიზიორია მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილი. ხმალში ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორჯერ ევროპის პრიზიორობა მოიპოვა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოფარიკავეები, ასევე, მოხმალავეები – საბა სულამანიძე, დარია ანტონოვა, ლიკა ჯიჯეიშვილი (დაშნით მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა და ლუკა ღაღანიძე მოსკოვში არიან საწვრთნელ შეკრებაზე) ბოლო ორი კვირის განმავლობაში ურაინელ და ბელარუს სპორტსმენებთან ერთად მონდომებით ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც დღეიდან გერმანული ლაიპციგი უმასპინძლებს. ვეტერანმა მოფარიკავეებმა – შპს "მუშკეტერების" დამფუძნებლებმა გუშინ ჩვენს სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გზა დაულოცეს და მოხმალავე ვაჟთა გუნდთან სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.

იური ოსიპოვი

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი

"ყოველდღე ვესწრებოდი ჩვენი გოგო-ბიჭების ვარჯიშებს. კარგი სპარინგპარტნიორები ჰყავდათ – უკრაინელები და ბელარუსები. ევროპის ჩემპიონატის შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, მსოფლიოს პირველობაზეც ჩვენი მოფარიკავეების წარმატების იმედი უნდა გვქონდეს."

მერაბ ბაზაძე

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესანიშნავ პირობებში ვემზადებოდით. მოფარიკავეებსაც თავი არ დაუზოგავთ. ყველა მათგანი გვეიმედება. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, საკმაოდ გაძლიერდა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი ჩვენი მოხმალავე ვაჟთა ნაკრები, რადგან შემოგვემატა ტრავმამოშუშებული მიხეილ მარდალეიშვილი, რომელიც კარგ ფორმაშია. 19 ივლისს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავე ვაჟები გავლენ. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოს საუკეთესო მუშკეტერებს ტოლს არ დაუდებენ."

გარნიკ დავიდიანი

უკრაინის მოხმალავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეკრება თბილისში გავიარეთ და გუნდური მეხუთე ადგილი დავიკავეთ. მასპინძლებმა ახლაც ვარჯიშისა და აქტიური დასვენების შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს, რისთვისაც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მადლობელი ვართ. დარწმუნებული ვარ, ქართველი და უკრაინელი მოხმალავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე თავს ისახელებენ."

სერგეი კისელი

ბელარუსის მოხმალავეთა ნაკრების წევრი

"ბოლო წლებში სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა ქართველი და ბელარუსი მოფარიკავეების ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები ხან მინსკში, ხანაც – თბილისში. მჯერა, ეს ურთიერთობები უკვალოდ არ ჩაივლის."


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს დიდი საფარიკაო ტრადიციები გააჩნია, მარტო ის რად ღირს, ორი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს: ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური, მსოფლიო ჩემპიონები იური ოსიპოვი და გურამ კოსტავა. დააფინანსონ ნორმალურად ეს სახეობა, რა შეაკვდენენ ამ ფეხბურთს, შედეგებსაც აჩვენებს ეს ახალი თაობის სპორტსმენები. მე მგონი ხმალაობა გენეტიკაშიც გვაქვს ქართველებს საუკუნეების მანძილზე გადატანილი ომების ფონზე. ქუთაისში ჩემი მეზობლები იყვნენ მწვრთნელები გივი ბოგვერაძე, თედო კეზევაძე, ასევე მამაჩემის ძმაკაცი სოსო მაწონაშვილი, რომელიც ისრაელში წავიდა. მიყვარდა ფარიკაობის ყურება. ვინც არ იცის, ლეგენდარული ინგლისური ჰევი-მეტალ ჯგუფის Iron Maiden-ის ვოკალისტი ბრიუს დიკინსონი ყოფილი მოფარიკავეა, მგონი, ინგლისის ჩემპიონი ჭაბუკებში. წარმატებები მოფარიკავეებს ლაიფციგში, ევოროსპორტიც აჩვენებს ამ ტურნირს და აქედან ვუგულშემატკივროთ ყველამ.
kutaisski
14:49 19-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული