ქართველი ჭაბუკი მოკრივეები მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში

AutoSharing Option
მოახლოებულია საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა წლევანდელი სეზონის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 5-16 სექტემბერს კიევში (უკრაინა) უნდა გაიმართოს. სამწუხაროდ, თავი იჩინა პრობლემებმა, თუმცა მთავარი მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე მთლად უიმედოდ არაა.

- ბატონო თემურ, თავდაპირველად ნაკრების კიევში გასამგზავრებელი შემადგენლობა გაგვაცანით...
- მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: გიორგი ჩარგაზია (46), გიორგი მანჯავიძე (48, ორივე - ფოთი), გაგიკ პოზოიანი (50, ახალქალაქი), ვალერი ბოყოველი (52, ჭიათურა), ჯოტო თაბოშვილი (54, ერედვი), ესკერხან მადიევი (57, თბილისი), თორნიკე ხელაძე (60, ქუთაისი), თარაშ კანდელაკი (63, ვარიანი), გიორგი ხარაბაძე
(66, ქუთაისი), რატი ტლაშაძე (75, გორი), იაგო გედენიძე (80, თბილისი).

წარმომადგენელი არ გვეყოლება 70 და + 80 კგ წონით კატეგორიებში, რადგან იქ ჩვენი სპორტსმენების მიერ წარმატების მოპოვების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს.

- როგორც ვხედავთ, გუნდი ძირითადად აპრილში გამართული საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვითაა დაკომპლექტებული, თუმცა არის გარკვეული გადანაცვლებებიც...
- საქართველოს პირველობის მერე თბილისში, ფედერაციასთან ერთად ჩავატარეთ საკონტროლო შეხვედრები, რომლის შედეგებმა ცალკეული კორექტივები შეიტანა შემადგენლობაში.

კერძოდ, 50 კგ-ში ქვეყნის პირველობაზე გამარჯვებული მიხეილ გაბინაშვილი (გორი) შეცვალა ბრინჯაოსპრიზიორმა პოზოიანმა.

თარაშ კანდელაკი 60 კგ-ში გახდა პირველობის გამარჯვებული, მაგრამ წონა შეიცვალა და 63-ში გადავიყვანეთ, მის ადგილზე კი თორნიკე ხელაძე დავაყენეთ.

- ამის შემდეგ იყო საერთაშორისო შეჯიბრება...
- დიახ, ბაქოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე გამოვედით. იქ გიორგი ხარაბაძე (66 კგ) თავის წონაში საუკეთესო იყო, კიდევ ოთხმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრება თუ გქონდათ?
- საერთო ფიზიკური მომზადება გავიარეთ ბაკურიანში და მას შემდეგ შეკრების გარეშე ვართ. სამწუხაროდ, კრივის ეროვნულ ფედერაციას არ გააჩნია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრების ჩატარების თანხები. დღესდღეობით ყველა თავის ქალაქში ვარჯიშობს პირად მწვრთნელთან. ასე ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

- და ამას ეგუებით?
- როცა თავს ზევით ძალა არ არის, რას ვიზამთ?

- მონაწილეობის ხარჯებს თუ გაიღებს ფედერაცია?
- ფედერაციამ მოკრივეების დასაფინანსებლად იმ ადგილობრივ თვითმმართველობებს მისწერა წერილები, რომელ ქალაქსაც ისინი წარმოადგენენ. უარი არავის უთქვამს.

- ყველაზე მეტად რომელი მოკრივეების იმედი გაქვთ?
- უფრო მეტად, ალბათ, გიორგი ხარაბაძის, რატი ტლაშაძის და იაგო გედენიძისგანაა მოსალოდნელი წარმატება. ცოტა კენჭისყრამ და ფორტუნამ თუ გაუმართლათ, კიდევ ერთი-ორ მოკრივესაც შეუძლია წარმატებისთვის ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი გიორგი ხარაბადზე იყოო კიევის ჩემპიონატზე და 3 მოგებული თამაში წაართვეს :( უსამართლობააა
mkitxveli
14:43 14-09-2013
0
დარწმუნებული ვარ ეს პატარა ბიჭები თავის სიტყვას მაინც იტყვიან ამ ჩემპიონატზე, მაგრამ აი თქვენ რა უნდა თქვათ ნეტავ ქართული კრივის "დიდო მამებო"???

ამ ბიჭების წარმატების შემთხვევაში იმედია არ დააკლებთ ქება-დიდებას "ჩვენ მზრუნველ ფედერაციას" , ჩემპიონებსაც "შესაბამისად დააფასებთ" და უხვადაც დაასაჩუქრებთ?!!!
Koba
12:20 07-09-2013
0

სიახლეები პოპულარული