საუკეთესო ნახტომი XXI საუკუნეში

AutoSharing Option
ახლოვდება მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი და ბუნებრივია, ამ დიდი სპორტული ფორუმის წინ, ყველა სტარტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კომერციული სერიის - "ბრილიანტის ლიგის" მორიგ ეტაპს შვეიცარიის ქალაქმა ლოზანამ უმასპინძლა. შარშან, ეს ეტაპი ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარადა და ფანტასტიკური შედეგები დაფიქსირდა: იოჰან ბლეიკმა 100 მეტრზე ისტორიაში მეორე შედეგი დააფიქსირა - 9.69 წამი, უსაინ ბოლტმა 200 მეტრზე ძლიერი გამოსვლით უპასუხა - 19.58, მუთაზ ბარშიმმა კი სიმაღლეზე ხტომაში 2.39 მეტრი აჩვენა. ამჯერადაც, მთავარი მოვლენები სიმაღლეზე ხტომის სექტორში დაფიქსირდა.

სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უკრაინელი ბოგდან
ბონდარენკო მსოფლიოს დონის ვარსკვლავად გადაიქცა და ამ სტატუსის დასამკვიდრებლად, მას რომელიმე დიდი ტურნირის მოგება სჭირდება. წელს, მისი და კატარელი მუთაზ ბარშიმის გზები ორჯერ გადაიკვეთა და მათ მოგებები გაცვალეს. ამჯერად, ლოზანაში ბარშიმი არ გამოდიოდა და უკრაინელს ამერიკელ ერიკ კაინარდთან უწევდა ბრძოლა. 2.33 მეტრის შემდეგ, სექტორში სწორედ ეს ორი მძლეოსანი იყო შემორჩენილი.

ამერიკელმა პირველი ცდიდან აიღო 2.33, ბონდარენკომ კი ეს სიმაღლე გამოტოვა და 2.35 მეტრი დააფიქსირა პირველივე ნახტომით. კაინარდმა იგივე პირველი ცდით ვერ გააკეთა და დარჩენილი ორი ცდა 2.37-ზე გადაიტანა, ბონდარენკომ კი ეს ნიშნული გამოტოვა. უკრაინელი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელი ვერ დაამყარებდა პირად რეკორდს, მაგრამ შეცდა და 2.37 მეტრით ლიდერი ერიკი გახდა. ბონდარენკო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა სირთულეებს არ შეუშინდა და პირველივე ნახტომით დაამყარა პირადი რეკორდი - 2.39, რითაც გაიმეორა ბარშიმის ფენომენალური შედეგი. ამერიკელი არ ნებდებოდა და ორი ცდა 2.41-ზე გადაიტანა, მაგრამ ეს ნიშნული მისთვის ძალიან მაღალი იყო. 2.41 მეტრის აღება ბონდარენკომაც სცადა, თუმცა პირველი ორი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მესამე ცდისითვის ის უკვე ტურნირის გამარჯვებული იყო, ყოველგვარი ზეწოლა მოხსნილი ჰქონდა და შვეიცარიული პუბლიკის წინ დაუჯერებელი რამ ჩაიდინა - 2.41 აიღო! თავად ნახტომი შესანიშნავი გამოვიდა - უკრაინელი არც კი შეხებია თამასას, ანუ მცირე რეზერვი დაიტოვა.

როგორც წესი, ბონდარენკო გამარჯვების განაღდების შემდეგ, ძალებს ზოგავს და ტურნირს ასრულებს, მაგრამ ამჯერად, მსოფლიოს რეკორდი შეუკვეთა - 2.46 მეტრი! ბოლო წლებში, მხოლოდ ერთეულებმა სცადეს ამ სიმაღლის დაპყრობა, მაგრამ წარმატებასთან ახლოსაც არავის ყოფილა. უკრაინელის სამი ცდა ნორმალური იყო, მაგრამ მსოფლიოს რეკორდის დაპყრობა მისთვის ჯერ ნაადრევია. მან ამ სეზონში ისედაც უდიდეს პროგრესს მიაღწია, როცა პირადი რეკორდი 10 სანტიმეტრით გააუმჯობესა. და საერთოდაც, 2.41 მეტრი - საუკეთესო შედეგია 1994 წლის შემდეგ, როცა კუბელი ხავიერ სოტომაიორი ბრწყინავდა. ასე რომ, ბონდარენკომ არა მხოლოდ "ბრილიანტის ლიგის" ისტორიაში, არამედ XXI საუკუნეში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

* * *
სხვა სტარტებიდან გამოვარჩევთ მამაკაცებს შორის "მოკლე სპრინტს", სადაც ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ტაისონ გაი და ასაფა პაუელი.

სულ ცოტა ხნის წინ, გაიმ აშშ-ის ჩემპიონატზე 100 მეტრი 9.75 წამში გაირბინა, ლოზანაში კი ოდნავ ნელი იყო, თუმცა კარგი მეორე ნახევრის წყალობით, 9.79 წამი დააფიქსირა. სტარტის შემდეგ, ამერიკელი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო თავისი გამოსვლით.

კარგად გამოიყურებოდა პაუელი, რომელმაც აშკარად წააგო გაისთან, მაგრამ მაღალი შედეგი აჩვენა - 9.88 წამი. ასევე, ათი წამიდან გამოვიდნენ მაიკლ როჯერსი და კიმ კოლინზი. ამ უკანასკნელმა პირადი რეკორდი დაამყარა - 9.98. ამ შედეგის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ორი თვის წინ, კიმმა თავისი 37-ე დაბადების დღე იზეიმა.

ვერონიკას მკაცრად არ დასჯიან
იამაიკელი მორბენალი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი, რომელიც დოპინგის მიღებაშია მხილებული, შეიძლება ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას გადაურჩეს. სასჯელის სავარაუდო ვადა არა ორი წელი, არამედ ექვსი თვე იქნება.

4 მაისს, იამაიკაში გამართული ტურნირის დროს აღებულმა დოპინგ-სინჯმა დააფიქსირა პრეპარატ ლასიქსის კვალი, რომელიც დოპინგის შენიღბისთვის გამოიყენება და აკრძალულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ.

იამაიკის მძლეოსნობის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მზად არის ენდოს სპორტსმენის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პრეპარატს სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის არ იღებდა.

კემპბელ-ბრაუნი სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია 200 მეტრზე სპრინტსა და ესტაფეტაში. მორბენალი ხუთჯერ აღიარეს იამაიკის წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელენა ისინბაევამ ბრილიანტის ლიგა მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული