მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: შეგვრჩა მხოლოდ ვერცხლი

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვიწევს წერა ჩვენი სპორტსმენების მიუტევებელ შეცდომებზე.

თანაგუნდელებს ამჯერად მხარი ევროპის მძიმეწონოსანმა ვიცე-ჩემპიონმა ადამ ოქრუაშვილმა აუბა, რომელმაც ტუნისელ ფაიცელ ჯაბალასთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იპონით დათმო და მეხუთე ადგილზე დარჩა.

არადა, თითქოს სანუგეშოში ყველაფერი მისთვის კარგად წარიმართა - იაპონელი რიუ სიჩინოე ტუნისელთან დამარცხდა (თუმცა ოქრუაშვილი იაპონელებთან კარგად ჭიდაობს), თვით შეხვედრა კი არაფერს მოასწავებდა საბედისწეროს.

მეორე წუთის მიწურულს აფრიკელმა ჩავლება აუღო მარცხენა ხელზე, რასაც ჩვენებურმა უცნაური ჟესტით უპასუხა - თავდაცვის ნაცვლად, მარჯვენა ხელი განზე გასწია და
მაქსიმალურად შორს დაიჭირა მეტოქისგან.

არადა, ტუნისელის მოძრაობა გადაშლილი წიგნივით კი არა, კიდევ უფრო მარტივად იკითხებოდა და შედეგიანადაც გამოჰკრა ფეხი საიპონედ. ვფიქრობთ, ოქრუაშვილი დაიბნა და იმიტომ არ სცადა თავდაცვა. არადა, მარჯვენა ხელი ნებით რომ არ გაეყვანა თამაშიდან (იქნებ ვინმე შემეკამათოს, ჩავლებას ამზადებდაო, მაგრამ ფაქტია, როცა ის ილეთზე მიდიოდა, ამას ხელი მაქსიმალურად განზე გაშვერილი ეჭირა) და აეღო ჩავლება, ემოძრავა ან წელში მოხრილიყო მაინც, ფეხის გამოკვრის საშუალება რომ არ მიეცა, გდება არ შესრულდებოდა.

ამის ნაცვლად ჩვენებური მხოლოდ უკან იხევდა, რაც ახალი წესებით, გაფრთხილების ტოლფასია.

ასე დასანანად წააგო შაბათს, პირადი პირველობის ბოლო დღეს ოქრუაშვილმა, რითაც ნაკრებმა მესამე ჯილდოს მოპოვების შანსი დაკარგა.

ამდენად, ჩვენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ვერცხლით დაამთავრეს - მედლები ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოიპოვეს. მწირი მონაგარის გამო საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილზე ვართ, მხოლოდ ვაჟთა შორის - მეხუთეზე.

რინერის გაკვეთილი
...ტუნისელთან ამ დაუგეგმავ წაგებამდე იყო დაგეგმილი მარცხი ფრანგთა უძლეველ ვარსკვლავ ტედი რინერისთან. რეიტინგიდან გამომდინარე, ის ჩვენებურს ნახევარფინალში შეხვდა და დაგვიდასტურა, რომ ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში ოქრუაშვილის შედარებით თანაბარი ჭიდაობა მისი იმდროინდელი ტრავმის ბრალი ყოფილა, თორემ "ტედი-დათვმა" (როგორც ფრანგი ქომაგები ეძახიან კეთილი ხასიათის გამო) დაამტკიცა, რომ დღესდღეობით მსოფლიოში უძლიერესია.

ეტყობა, წლევანდელი ევროფინალის შემდეგ ოქრუაშვილთან განსაკუთრებითაც მოინდომა და სულ რაღაც ერთ წუთში დაგვიმარცხა ფალავანი - ჯერ სავაზარედ ამოუსვა ფეხი, დაცემისას კი შებოჭა.

ფინალშიც ასეთივე დღე აყარა ოქრუაშვილზე ბევრად მაღალსა და ათლეტურ ბრაზილიელ ოლიმპიურ პრიზიორ რაფაელ სილვას - ისე თავისუფლად დააგდო და შებოჭა, თითქოს მშობლიურ ბერსის დარბაზში მასტერ-კლასს უტარებდა მოზარდებს.

მაღალსა და დაკუნთულს, რკინასავით ძლიერსა და ფიზიკურად მშვენივრად ნავარჯიშებ 24 წლის ფრანგს უახლოეს 1-2 ოლიმპიურ ციკლში ტრავმა თუ მოცელავს, თორემ მისი წამქცევი ჰორიზონტზე ჯერ არავინ ჩანს. თვით სილვაც კი, რომელიც სიმაღლით და ათლეტურობით არ ჩამოუვარდება, აშკარად გაურბოდა მასთან მჭიდრო კონტაქტს.

გერმანელმა ანდრეას ტოლცერმა ზედიზედ ორჯერ იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ ორივე ოქრო რინერიმ წაართვა; რუსთა ოლიმპიადის ვიცე და მსოფლიოს სამგზის, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი 34 წლისაა და ასაკი აშკარად დაეტყო, თუმცა ლონდონის ოლიმპიადის ფინალში ისიც დამარცხდა ფრანგთან... სხვებზე ლაპარაკიც არ ღირს, რადგან ამათზე ძლიერი ამ წონაში დღეს ბევრი არცაა.

რინერი, ეს ამხელა მძიმეწონოსანი კაცი მთლიანად კუნთოვანი მასაა, თითქოს ცხიმი არც მოეპოვება. ამიტომ არც სიმსუქნე აწუხებს და არც მოძრაობა უჭირს. პირიქით - ძალიან სწრაფია, ამ სისხარტეს კი თავისი სიმაღლის გამო 10-იოდე კილოგრამის მომატების შემთხვევაშიც არ დაკარგავს.

ცხადია, ეს ყველაფერი ბევრად ურთულებს საქმეს მის მეტოქეებს, ჩვენს მდგომარეობას კი ისიც ამძიმებს, რომ ოქრუაშვილი მასზე ბევრად დაბალია და ფრანგი ყოველთვის გააჩერებს საყელოში ჩავლებით. გრძელხელება ტედის ჩვენებური ვერც ფეხის გამოსაკრავად მიუდგება, თუმცა რომც მისწვდეს, არც ისაა თიხისფეხება გოლიათი, ერთბაშად ჩამოიქცეს. პირიქით - ფიზიკურად ჩინებულადაა მომზადებული და ტატამზე მყარად დგას.

გამარჯვების სამაია
ეტყობა, ოქრუაშვილს მართლაც მოუხდა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" პირველივე წრეში წაგება და ამჯერად ბევრად უკეთ იყო მომზადებული, თუმცა სისწრაფე ცოტა კი აკლდა.

ჯგუფში მან სამი შეხვედრა მოიგო, ტურნირი კი იოლი გამარჯვებით დაიწყო - სამოელ დერეკ სუას პირველივე წუთზე ვაზარი აუღო, მეორე წუთის მიწურულს კი იპონზე დააგდო. მოულოდნელად, ცოტა გაუჭირდა პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან - დაახლოებით წუთნახევარში მეტოქემ მაჯებიდან გვერდზე დაიქნია და ვაზარი აუღო, მაგრამ ჩვენებურმა ბრუნით მალევე ისეთ იპონზე დაახეთქა, ლამის ტატამი ჩაანგრევინა.

ოქრუაშვილს პირველი სერიოზული მეტოქე მეოთხედფინალში შეხვდა - რუსი მიხაილინი, თუმცა ეს ბარიერიც იოლად გაიარა - გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ჟორჟოლიანის დრამა
შაბათს ლომერ ჟორჟოლიანმაც (100) იჭიდავა, თუმცა - მხოლოდ ორი შეხვედრა. ამჯერად ის შორს იყო იმ ჟორჟოლიანისგან, რომელიც 2007 წელს იმავე რიოში მსოფლიოს პირველობაზე მეხუთეზე გავიდა.

პირველ შეხვედრაში მან კამერუნელი სტეფანე ომბიონგო გაფრთხილებებით მოახსნევინა, მეორეში კი უკვე თვითონ დასაჯეს ამგვარად ფრანგ ევროპის მესამეპრიზიორ სირილ მარესთან. აქ უკვე ნამდვილად შეიძლება ლაპარაკი მსაჯის არაობიექტურობაზე. მით უფრო - ფრანგსაც სამი გაფრთხილება ჰქონდა.

მარემ ილეთი დაიწყო, მაგრამ ჟორჟოლიანმა დაუხურა და მუხლებზე ჩავარდნილ მეტოქეს ზემოდან მოექცა, რაც არბიტრმა რატომღაც პასიურობად ჩაუთვალა.

როგორი საქმეა - ტატამზე ის იწვა და პასიურად ამას მიიჩნევდნენ! ფრანგმა ილეთი ნამდვილად დაიწყო, მაგრამ მისი ჩავარდნა უკვე ფალსტარტს ჰგავდა, ჟორჟოლიანმა კი ილეთი აქტიური ქმედებით დახურა.

სხვა საქმეა, ამ მომზადებით რამდენად შორს წავიდოდა ჩვენებური და რას მიაღწევდა ტურნირში, მაგრამ იმ ეპიზოდში გაფრთხილება არ ეკუთვნოდა.

მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
ვაჟები
100 კგ. 1. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. ხენკ ხროლი (ჰოლანდია); 3. ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი), დმიტრი პეტერსი (გერმანია).
+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი); 2. რაფაელ სილვა (ბრაზილია); 3. ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი), ანდრეას ტოლცერი (გერმანია); 5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო).

ქალები
+78 კგ. 1. იდალის ორტისი (კუბა); 2. მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია); 3. იუნ ეუნ ლეე (სამხრეთი კორეა), მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: სად არის ჩვენი წილი ოქრო?! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ვერცხლით გატეხილი ნავსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული