დავით ტლაშაძე: რიოს დანაკლისს სხვაგან ავინაზღაურებ

AutoSharing Option
ამას წინათ თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფალავნების - ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ჩემპიონობის თაობაზე არაერთხელ ვწერდით. მათმა ტრიუმფალურმა გამოსვლამ ერთგვარად დაჩრდილა სხვა მედალოსნების წარმატებები. აღნიშნულ შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა გორელმა მოჭიდავემ, დავით ტლაშაძემ მოიპოვა. მისთვის ხსენებული შედეგი პირველი იყო საერთაშორისო ასპარეზზე და ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სპორტსმენი უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის.

"დათო გორის დარბაზში 10 წლის ასაკში მოვიდა სავარჯიშოდ, - იხსენებს მისი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. - იქამდე ცურვაზე დადიოდა რამდენიმე წელიწადი. საგულისხმოა, რომ მამამისიც მოჭიდავე იყო და
ადრე ისიც ჩვენთან ვარჯიშობდა.

შვილის ჭიდაობაზე მოყვანის მერე მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ნანობდა, უფრო ადრე რომ არ დააყენა შვილი საჭიდაო ხალიჩაზე.

ტლაშაძე უმცროს ასაკში ნაკლებად გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ წლების და გამოცდილების მატებასთან ერთად ხელშესახები წარმატებების მიღწევასაც მოუხშირა. ახალგაზრდებს შორის გამართული შეჯიბრებების შემდეგ მისი პოტენციალი უფრო უკეთ გამოჩნდა. დიდებში კი შარშანდელი წლიდან ნაკრებში თავისი წონის ლიდერი გახდა".

დიდებში დათომ პირველად საქართველოს ჩემპიონატზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. იგივე მიღწევა წლეულსაც გაიმეორა და წონით კატეგორიაში ლიდერობა გაიმყარა. ქვეყნის ჩემპიონობის შემდეგ, შარშანდლიდან მოყოლებული, მან რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზეც შეძლო კვარცხლბეკზე დადგომა. შარშან ბაქოში გამართულ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, საუკეთესო ხუთეულში შევიდა, წლეულს კი, როგორც აღვნიშნეთ, ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რიგაში, კონტინენტის წლევანდელ ჩემპიონატზე ტლაშაძეს პირველ წრეში მეტოქე არ გამოუცხადდა, მეორე ეტაპზე ბულგარელ ნიკოლაი კურტიევთან იმარჯვა, ნახევარფინალში კი რუმინელ ადრიან მოისეს მოუგო. ოქროს მედლისთვის პოლონეთის სახელით მოასპარეზე ცნობილი დაღესტნური საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი მაგომედმურად გაჯიევი შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა და ვერცხლის მედალი იკმარა.

"ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში სამი შეკრება გავიარეთ. რამდენად ნაყოფიერი გამოდგა ისინი, რიგაში ნაჩვენებ შედეგზე ნათლად აისახა, რადგან დიდ შეჯიბრებაზე ეს ჩემი პირველი მედალი იყო.

ფინალში მარცხის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ მიღწეულით, თუმცა გამარჯვება ყოველთვის უმჯობესია და შევეცდები, მომავალში ოქროს მედალსაც შევწვდე.

შეჯიბრებაზე კენჭისყრის მიხედვით ჩემს სავარაუდო მეტოქეებს რომ გადავხედე, ვიფიქრე, ამ ქვეჯგუფიდან ფინალში გასვლა აუცილებლად უნდა მომეხერხებინა.

ბულგარელთან თავდაპირველად მართალია, ვაგებდი, მაგრამ მაინც შემოვაბრუნე პაექრობა. რუმინელთანაც რთული ბრძოლა იყო, თუმცა ფინალში გასასვლელად ჩემმა მონდომებამ წარმატება მომაპოვებინა. ოქროს მედლისთვის ასპარეზობაში კი, მაგომედმურად გაჯიევს, სამწუხაროდ, ვეღარაფერი მოვუხერხე და ფინალისტობით დაკმაყოფილება მომიწია", - თქვა დავით ტლაშაძემ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინათ ჩვენთან ინტერვიუში ტლაშაძეზე საუბრისას მისმა თანაგუნდელმა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა გვითხრა:

"დათო თითქმის ამოუწურავი რესურსის მქონე მოჭიდავედ მიმიჩნია. მას შეუძლია კიდევ უფრო მოუმატოს. სამწუხაროა, რომ მისი წონა ოლიმპიური არაა და ამის გამო უსამართლოდ იჩაგრება".

დიახ, მოუმატა და კონტინენტის ჩემპიონატზე ვერცხლისმედალოსანიც გახდა. 70 კგ წონითი კატეგორია, რომელშიც ჩვენი წერილის გმირი ასპარეზობს, ოლიმპიური წონა არაა. ქალთა ჭიდაობისთვის ორი წონითი კატეგორიის სანაცვლოდ ვაჟებში 61 და 70 კილოგრამი წონითი კატეგორიები ამოღებულია ოლიმპიური თამაშებიდან, რის გამოც ამ წონებში მოასპარეზე სპორტსმენები, ცხადია, იჩაგრებიან.

"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის საშუალება მქონოდა, მაგრამ რადგან ამას ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვარ მოკლებული, რაღა გაეწყობა, შევეცდები, სხვა შეჯიბრებებზე წარმატების მოსაპოვებლად მეტი შემართებით ვიბრძოლო", - თქვა დავითმა.

სამომავლოდ შეგირდის წარმატების იმედი აქვს პირად მწვრთნელსაც:

"დათომ დაამტკიცა, რომ ბევრი შეუძლია. გამოსარჩევია, რომ ტლაშაძეს აქვს წაგებულ შეხვედრებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ჩინებული უნარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მას კარიერაში კიდევ ბევრი წარმატება ელის", - ეიმედება ნუგზარ სხირელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული