საინტერესოა, რომ 15-17 აპრილს სერბულ ზრენჯანინში ჭიდაობის ევროპული ფედერაციის ეგიდით გამართულ პირველ სალიცენზიო შეჯიბრებაში ორივემ მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია - ზასეევმა გაიმარჯვა, კვიატკოვსკი კი მეორეზე გავიდა. მათ სინჯებიც იმ ტურნირზე აუღეს და სწორედ იქ ჩავარდნენ. აღსანიშნავია, რომ იქვე დოპინგზე გამოიჭირეს ფინალში ზასეევის მეტოქე, კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი
ცნობა მათი დოპინგზე ჩავარდნის შესახებ ჯერჯერობით ინტერნეტში ვერსად მოვიძიეთ - არც უკრაინა-ბელორუსის ჭიდაობის ფედერაციებს გაუხმაურებიათ ეს ამბავი, არც - მსოფლიოს ფედერაციის საიტს და ვერც საჭიდაო ფორუმებზე ამბობენ რამეს გადაჭრით, მაგრამ სინამდვილის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტი: ამ უქმეებზე სტამბოლში გამართულ ბოლო სალიცენზიო ტურნირში მძიმე წონაში უკრაინა-ბელორუსსაც სხვა ფალავნები ჰყავდათ და უკრაინიდან 65-შიც სხვა მოჭიდავემ იასპარეზა.
ბედის ირონიით, მძიმეში ახლაც უკრაინულ-ბელორუსული ფინალი გაიმართა და ანალოგიური შედეგითვე დასრულდა: უკრაინელმა ალექსანდრ ხოციანოვსკიმ 4:0 დაამარცხა იბრაჰიმ საიდაუ.
ეს საიდაუც დაღესტნელია - ავარელი იბრაგიმ საიდოვი, რომელიც ადრე 96-ში ჭიდაობდა და დიდი წვლილიც შეჰქონდა ლეგენდარულ ოს ჰაჯიმურატ გაცალოვისა და დაღესტნელთა ავარელ აბდუსალამ გადისოვის კლასიკად ქცეულ დაპირისპირებაში, რაც არცთუ იშვიათად მასობრივ ჩხუბში და ლამის ეროვნულ დაპირისპირებაში გადაზრდილა.
სამაგიეროდ, ამჯერად 65-ში ვერ ივარგა კვიატკოვსკის შემცვლელმა - სემიონ რადულოვმა წააგო, ანუ უკრაინამ ერთი ლიცენზია დაკარგა.
ჯერჯერობით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომელ პრეპარატზეა ლაპარაკი, თუმცა სოცქსელებში აქა-იქ გაჟღერებული კანტიკუნტი ინფორმაციით, მიზეზი მილდრონატ-მელდონიუმი არ უნდა იყოს, გაცილებით უფრო რთულ წამალზეა ლაპარაკი.
იმედია, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაცხადდება, ჯერჯერობით კი, სავარაუდოდ, იმიტომ არ იწერება არაფერი, რომ სერბეთის ტურნირიდან ერთი თვეც არაა გასული, ანუ არ დამდგარა ინფორმაციის გახმაურების დრო.
არც ისაა გამორიცხული, მათ საერთოდ არ დაუმტკიცდეთ არაფერი და მაშინ ოლიმპიადაზეც შეეძლებათ გამოსვლა, მწვრთნელები მათზე თუ შეაჩერებენ არჩევანს.
აქვე გეტყვით, რომ უკრაინის ნაკრებში ექიმად ქუთაისელი მერაბ შვანგირაძე მუშაობს.
ამ ამბებიდან ჩვენთვის უფრო საინტერესო მძიმე წონაა, სადაც გენო პეტრიაშვილი ზასეევთანაც ფავორიტია და ხოციანოვსკისთანაც - ბოლო პერიოდში ორივეს რამდენჯერმე მოუგო დამაჯერებელად, თუმცა ტიტულებიდან გამომდინარე, ზასეევი ცოტა უფრო საშიში გვგონია.
აი, ბელორუსებიდან კი, კარგია, მსოფლიოს ჩემპიონი ალექსეი შემაროვი თუ ვერ მოხვდება ოლიმპიადაზე - პეტრიაშვილმა მასთან შარშან წააგო ევროპულ თამაშებზე.
რატომღაც ბელორუსები სალიცენზიო ტურნირებში საერთოდ არ ენდნენ ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ალექსეი ნიკოლაევს - ყველგან ჯალილოვი აჭიდავეს, ხოლო ნიკოლაევს მისი ჩავარდნის შემდეგაც არ ენდნენ და საიდაუ წაიყვანეს. სავარაუდოდ, ოლიმპიადაზეც ის იჭიდავებს, თუ ჯალილოვი არ გაამართლეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"