უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონში შემოსავლების გადანაწილების სქემა გამოაქვეყნა და საკვალიფიკაციო ეტაპების სოლიდარული გადახდის თანხები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ქართული გუნდი ასპარეზობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს თბილისის "საბურთალო" წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

ხოლო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" ასპარეზობენ.

ქართულმა გუნდებმა უკვე გამართეს პირველი მატჩები და საკმაოდ კარგი შედეგიც გვაქვს.

"საბურთალომ" სტუმრად ტირასპოლის "შერიფი" 3:0 დაამარცხა, თბილისის "დინამომ" შინ "ენგორდანს" 6:0 მოუგო, საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლა
ეში" 2:1 დაამარცხა, ხოლო ერთადერთი გუნდი, რომელიც დამარცხდა, ქუთაისის "ტორპედოა", რომელმაც "ორდაბასთან" მინიმალური ანგარიშით წააგო.

ადრე ჩვენ წარმოგიდგინეთ, თუ რამდენი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს ქართულმა კლუბებმა პირველი მატჩების შემდეგ, ახლა კი უკვე დაზუსტებით შეგვიძლია დავთვალოთ, რა თანხებს მიიღებენ უეფასგან.

რამდენს გადაიხდის უეფა

რადგან ჩვენი კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფებიან, ისინი თანხებს სოლიდარობის ფონდიდან მიიღებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე თუ ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდი, სოლიდარობის ფონდიდან მიღებული თანხები კლუბს შეუნარჩუნდება, ხოლო თუ ჯგუფურ ეტაპზე გახვედი, საკვალიფიკაციო ეტაპის დროს მოპოვებული თანხები არ იქნება გათვალისწინებული, რადგან ჯგუფურ ეტაპზე უფრო მეტ თანხას მიიღებს; ყოველ შემთხვევაში, უეფას ლოგიკა ასე ჩანს.

განაწილების ახალი სისტემის მიხედვით, საერთო ჯამში, თანხა 107.5 მლნ ევროს შეადგენს.

ჩემპიონთა გზის და ლიგების წარმომადგენლების გზა
თითოეული ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდება, საპრიზო თანხებთან ერთად 260 ათას ევროს მიიღებს.

თითოეული მონაწილე, რომელმაც პლეი-ოფამდე ვერ მიაღწია, მიიღებს:

  • წინასწარ ეტაპზე მონაწილეობისთვის - 230 000 ევრო
  • პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 280 000
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 380 000
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 480 000 (მხოლოდ ჩემპიონთა გზის წარმომადგენლები მიიღებენ, რადგან ლიგების წარმომადგენლების გზის მონაწილეები, რომლებიც ამ ეტაპზე გამოვარდნენ, ავტომატურად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან და ამ ტურნირის საპრიზოებს მიიღებენ)
  • პლეი-ოფის ეტაპისთვის სოლიდარული თანხები არ არის გათვალისწინებული, რადგან კლუბი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის იღებს თანხებს.

ანუ, რა გამოდის, "საბურთალომ" უკვე 280 000 ევრო გაინაღდა. თუ "საბურთალო" მეორე ეტაპზე გავიდა, კიდევ 380 000 ევროს მიიღებს და დანარჩენს კი ხედავთ ზემოთ, თუმცა, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ის საკვალიფიკაციო ეტაპების თანხებს ვერ მიიღებს, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის, დიდი ალბათობით, 15 მლნ ევროს მიიღებს.

მოდით, მაინც ნუ გავასწრებთ მოვლენებს და რაც არის, იმით დავკმაყოფილდეთ. დეტალური სქემა ქვევით არის წარმოდგენილი და ვისაც მოუნდება, დაითვლის.

რაც შეეხება ქართულ კლუბებს ევროპა ლიგაზე, თითოეულმა ქართულმა კლუბმა 240 ათასი ევრო გაინაღდა. რაც უფრო შორს გავლენ, უფრო მეტს მიიღებენ.

სოლიდარობის თანხები ევროპა ლიგაზე
ყველა კლუბი, რომელიც ევროპა ლიგის კვალიფიკაციაში მონაწილეობდა, მიიღებს:

  • წინასწარ ეტაპზე მონაწილეობისთვის - 220 000 ევრო
  • პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 240 000
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 260 000
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის - 280 000 ევრო
  • პლეი-ოფში მონაწილეობისთვის - 300 000 (მხოლოდ წაგებული გუნდები მიიღებენ). გამარჯვებული კლუბები პლეი-ოფში თანხებს ვერ მიიღებენ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღებენ თანხებს.
* * *
ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონიდან, ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონიდან და უეფას 2019 წლის სუპერთასიდან შემოსავალი დაახლოებით 3.25 მლრდ ევრო იქნება.

ამ თანხას სავარაუდო საორგანიზაციო და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად, რომელიც შეჯიბრების ჩატარებასთან არის დაკავშირებული, 295 მლნ ევრო გამოაკლდება, ხოლო 7 პროცენტი (227.5 მლნ ევრო) სოლიდარობის თანხების გადახდაზე წავა.

დარჩენილი 2.73 მლრდ ევროდან 6 პროცენტი დარეზერვებული იქნება ევროპული ფეხბურთისთვის და უეფაში დარჩება, ხოლო დანარჩენი 93.5 პროცენტი კლუბებს შორის განაწილდება, რომლებიც აღნიშნულ ტურნირებში გამოდიან.

ნავარაუდები შემოსავლის და გადახდების გადანაწილების სქემის საფუძველზე, გადახდები საერთო ჯამში 2019/20 წლების სეზონში ტურნირების მონაწილე კლუბებზე 2.55 მლრდ ევროს შეადგენს.

აქედან 2.04 მლრდ ევროს ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის მატჩის მონაწილეები მიიღებენ, ხოლო 520 მლნ ევროს ევროპა ლიგის კლუბები გაინაწილებენ.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეების წილიდან შემდეგი გადახდები განხორციელდება:

  • 50 მლნ ევრო ევროპა ლიგის მონაწილე კლუბების წილში შევა.
  • 10 მლნ ევროს სუბსიდიები იმ კლუბების სოლიდარულ თანხებზე განაწილდება, რომლებიც 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კვალიფიკაციებში გავარდებიან.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილე 12 კლუბის თანხები
პლეი-ოფში მონაწილე გუნდებს შორის 30 მლნ ევრო გადანაწილდება. თითოეული გავარდნილი კლუბი ფიქსირებულ 5 მლნ ევროს მიიღებს. გამარჯვებულებისთვის სპეციალური ბონუსები გათვალისწინებული არ იქნება, სამაგიეროდ, ისინი ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღებენ თანხებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისა და ფინალების მონაწილე გუნდების თანხები
სავარაუდო პროგნოზირებადი თანხა - 1.95 მლრდ ევრო

საერთო გადახდები 4 კატეგორიად იყოფა:

  • 25 % - პირველადი გადახდები (488 მლნ ევრო)
  • 30 % - ფიქსირებული გადახდები შედეგისთვის (585)
  • 30 % - გადახდები გამოსვლის რეიტინგის მიხედვით ბოლო 10 წლის განმავლობაში (585)
  • 15 % - მარკეტინგული წილის შესაბამისი გადახდები (292)

პირველადი გადახდები - 488 მლნ ევრო
32 კლუბიდან თითოეულს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, დიდი ალბათობით, შეუძლია 15.25 მლნ ევრო მიიღოს (14.5, როგორც თავდაპირველი გადახდა და 0.75, როგორც დამატებითი)

ფიქსირებული გადახდები - 585 მლნ ევრო
ჯგუფურ ეტაპზე ყოველი მოგებისთვის კლუბი 2.7 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო ფრისთვის - 0.9 მლნ ევროს.

გამოუყენებელი თანხები დაჯამდება და ჯგუფური ეტაპის მონაწილეებს შორის პროპორციულად გამარჯვებების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

პლეი-ოფის მონაწილე გუნდების თანხები:

  • 1/8-ფინალში გასვლა - 9.5 მლნ ევრო
  • 1/4-ფინალში გასვლა - 10.5 მლნ ევრო
  • 1/2-ფინალში გასვლა - 12 მლნ ევრო
  • ფინალში გასვლა - 15 მლნ ევრო
  • ტურნირის გამარჯვებული დამატებით 4 მლნ ევროს მიიღებს
  • უეფას სუპერთასის მატჩის თითოეული მონაწილე დამატებით 3.5 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული - დამატებით 1 მლნ ევროს.

გადახდები რეიტინგის საფუძველზე - 585 მლნ ევრო
ახალი რეიტინგი, რომელიც გასულ სეზონში შემოვიდა, გათვალისწინებულია ბოლო 10 წლის გამოსვლის საფუძველზე.

გარდა ქულებისა, რომლებიც ამ პერიოდში დააგროვა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის/ევროპული ჩემპიონების თასის, ევროპის ლიგის/უეფას თასის, უეფას სუპერთასისა და თასების თასის მოგებისთვის ბონუსქულებს იღებენ. თითოეულის წილი - 1.108 მლნ ევროა.

კლუბი, რომელსაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, ერთ წილს (1.108 მლნ ევრო) მიიღებს. შემდეგი პოზიცია 2 წილია და ა.შ. კლუბი, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, 32 წილს (35.46 მლნ ევრო) მიიღებს.

მარკეტინგის წილი - 292 მლნ ევრო
ეს თანხა იმის მიხედვით გადანაწილდება, თუ რა სატელევიზიო სივრცე და გავლენა აქვს თითოეულ ასოციაციას და დამოკიდებულია 5 ფაქტორზე.

1. მარკეტინგული ბაზრის ფაქტობრივი საბოლოო ჯამი
2. ჩემპიონთა ლიგის მონაწილეების შემადგენლობა
3. ჩემპიონთა ლიგაში ასოციაციის წარმომადგენლების რაოდენობა.
4. ადგილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებმა ადგილობრივი ჩემპიონატის გასულ სეზონში დაიკავეს
5. თითოეული კლუბის შედეგები ჩემპიონთა ლიგის 2019.20 წლების სეზონში.
სოლიდარობის თანხები იმ კლუბებისთვის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ
სოლიდარობის თანხები კლუბებისთვის, რომლებიც ვერ გავიდნენ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე, ეროვნული ასოციაციებიდან რეალიზდება. ეს გუნდები ორივე ტურნირის შემოსავლების 4 პროცენტს მიიღებენ.

მოსალოდნელია, რომ ეროვნული ასოციაციები საერთო ჯამში 130 მლნ ევროს მიიღებენ და კლუბებს შორის გაანაწილებენ.

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე კლუბების თანხები
მოსალოდნელი თანხა - 560 მლნ ევრო

თანხები 4 კატეგორიად იყოფა:
25% - პირველადი გადახდები (140 მლნ ევრო)
30% - ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (168)
15% - გადახდები გამოსვლის რეიტინგის მიხედვით ბოლო 10 წლის განმავლობაში (84)
30% - მარკეტინგული წილის შესაბამისი გადახდები (168)

პირველადი გადახდები - 140 მლნ ევრო
ევროპა ლიგის თითოეული 48 კლუბიდან 2.92 მლნ ევროს მიიღებს (2.75 მლნ ევრო თავდაპირველი გადახდა და 170 ათასი დამატებითი)

ფიქსირებული გადახდები - 168 მლნ ევრო
ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის კლუბი 570 ათას ევროს მიიღებს, ფრისთვის - 190 ათასს. გამოუყენებელი თანხები ჯგუფში პროპორციულად განაწილდება.

ჯგუფის თითოეული გამარჯვებული 1 მლნ ევროს მიიღებს, მეორე ადგილი ჯგუფში 500 ათასი ევროთი ფასდება.

პლეი-ოფის თანხები:

  • 1/16-ფინალში გასვლა - 0.5 მლნ ევრო
  • 1/8-ფინალში გასვლა - 1.1 მლნ ევრო
  • 1/4-ფინალში გასვლა - 1.5 მლნ ევრო
  • 1/2-ფინალში გასვლა - 2/4 მლნ ევრო
  • ფინალში გასვლა - 4.5 მლნ ევრო
  • ევროპა ლიგის გამარჯვებული დამატებით 4 მლნ ევროს მიიღებს

გადახდები რეიტინგის საფუძველზე -  84 მლნ ევრო
თითოეული წილი 71 430 ევროდ ფასდება. ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე კლუბი ერთ წილს მიიღებს, შემდეგი პოზიცია - ორი წილი და ა.შ. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კლუბი 48 წილს (3.42 მლნ ევროს) მიიღებს.

მარკეტინგული წილი - 168 მლნ ევრო
აქაც ტელებაზრის მოცულობასა და წილზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენი გონება მხოლოდ ფინანსებისაკენ არის მიმართული, ფეხბურთის თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და წინსვლა არავის აინტერესებს!!!
0
დინამომ მიიღო უკვე!!
buba
09:09 20-08-2020
0

სიახლეები პოპულარული