"ლანჩხუთმა" "ნიკე" ჩაანაცვლა და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი რჩება

AutoSharing Option
14 და 15 სექტემბერს საქართველოს ქალთა ლიგის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ამ მატჩამდე გათამაშების ლიდერი "ნიკე" და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც ქალთა ლიგის გათამაშების ერთგვარი რეკორდია.

2019 წლის სეზონში "ნიკე" სწორედ "ლანჩხუთთან" მოგებული თამაშის გამო ჩემპიონატს დაკარგული ქულების გარეშე ლიდერობდა და ამ შეხვედრაში გამარჯვების, ანდა სულაც ფრედ თამაშის შემთხვევაში, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ახერხებდა. "ლანჩხუთს" კი ქალთა ლიგის გათამაშებებში პირველი ტიტულის მოსაპოვებლად,
უშუალო მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალური დაპირისპირება დაძაბულად, საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. თავდაპირველად ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდათ სტუმრებს, თუმცა თბილისელებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. მომდევნო მომენტში კი ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ააცილეს კარს. თუმცა ამ მომენტების შემდეგ გურულებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და პირველ ტაიმში 2 ბურთის გატანა მოახერხეს. დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა. მეორე ტაიმში "ლანჩხუთმა" ანგარიში გაზარდა და "ნიკეს" თამაშის გადარჩენის იმედები გადაუჭრა. გოლი მარიამ კალანდაძემ გაიტანა, თუმცა ლიზი მწყერაშვილმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. შეხვედრა "ლანჩხუთის" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში "მართვემ" ადვილად მოახერხა "ზარზმის" დამარცხება, ანგარიშით 6-0.

მეგრულ დერბიში, ხობის ცენტრალურ სტადიონზე "კოლხეთმა" 7-1 დაამარცხა "სამეგრელო".

ფრედ, 2-2 დასრულდა შეხვედრა გონიოს ცენტრალურ სტადიონზე, ბათუმის "დინამოსა" და "ზარზმას" შორის.

ხოლო მე-17 ტურის ბოლო მატჩში, თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე, "ნორჩმა დინამომ" 3-1 დაამარცხა ხაშურის "ივერია".

ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ტური 20 სექტემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გაირკვევა საბოლოოდ ქვეყნის ქალთა ლიგის რიგით მეოთხე გათამაშების გამარჯვებულის ვინაობაც. ბოლო ტურის წინ გათამაშების ბომბარდირთა დავას 31 გოლით "ლანჩხუთის" ფეხბურთელი თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული