წყალბურთი: "დინამომ" და "თბილისმა" მეტოქეები მარტივად დაამარცხეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გუშინ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი მეხუთე წრის პირველი ტურის პაექრობებით განახლდა.

მეწინავე ჯგუფის წევრებმა გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს.

დინამო-არენა 22:10
6:2, 6:3, 6:3, 4:2
დინამო: გვეტაძე, შავშიშვილი, ვაპენსკი (2), თეთრაძე (5), დვალი (1), ადეიშვილი (4), ხვედელიანი (1), ბაღათურია (3), რურუა (5), მემანიშვილი, თევდორაშვილი, ქართველიშვილი (1), ფავლენიშვილი.
არენა: ჭუმბურიძე, ალავიძე, ლაზარიშვილი, გავაშელი (1), გაბადაძე (2), ტყეშელაშვილი, ქირია, გიორგაძე (4), ჯიბლაძე, ჩხეიძე, ჩიქოვანი (1), კირიაკიდი (2), გოგიჩაიშვილი.

ამ მატჩში, ცხადია, ფავორიტი ჩემპიონატის ლიდერი "დინამო" იყო, მაგრამ
პირველი იერიშები "არენას" წყალბურთელებმა მიიტანეს გვეტაძის კარზე და მე-4 წუთზე ჩიქოვანმა ანგარიშიც გახსნა. მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში დინამოელმა თეთრაძემ, რომელმაც ამ შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა, ზედიზედ ორი ბურთი გაიტანა და თანაგუნდელები დააწინაურა - 2:1.

ამის შემდეგ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერებს ინიციატივა არ დაუთმიათ და პირველ რვაწუთიან მონაკვეთში კიდევ ოთხჯერ გამოიჩინეს თავი, რასაც პერიოდის ბოლო წამზე გავაშელმა ერთი გოლით უპასუხა. დარჩენილ 24 წუთშიც უპირატესობას "დინამო" ფლობდა და საბოლოოდ 12-ბურთიანი სხვაობით მიაღწია წარმატებას.

თბილისი-სპორტმენეჯმენტი 22:6
5:0, 5:3, 7:1, 5:2
თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე (3), დიასამიძე, იმნაიშვილი (3), სამყურაშვილი, ხოხაშვილი (3), ჯახაია (2), კუჭუაშვილი (1), მესხი (3), მაგრაქველიძე (4), შუშიაშვილი (1), დადვანი (2), ბარაბაძე.
სპორტმენეჯმენტი: ქავთარაძე, ბაჩიაშვილი, შუბითიძე (1), ბერიძე, გაგოშიძე, მაისურაძე (1), სამყურაშვილი (1), ჭეიშვილი, სუხიაშვილი, ხვინგია (2), ბარბაქაძე, მითაგვარია, მიქაძე (1).

მატჩის პირველივე პერიოდში აშკარა გახდა, რომ ლიდერთა ჯგუფის წევრი "თბილისი" ამ ორთაბრძოლის დიდი სხვაობით მოგებას შეეცდებოდა და ასეც მოხდა. შესვენებამდე დედაქალაქელებმა 10 გოლი მიითვალეს საკუთარ კარში მიღებული სამი ბურთის წილ. მომდევნო 16 წუთში ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და "თბილისმა" 22:6 გაიმარჯვა. მართალია, გათამაშების ცხრილში სამი ქულა ჩაიწერა, მაგრამ პირველ ადგილზე მყოფ "დინამოს" ისევ 2 ქულით ჩამორჩება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული