ევრო 2016. 1/4 ფინალი. საფრანგეთი-ისლანდიის წინ: "სტად დე ფრანსის" მე-80 და 50-ე?

AutoSharing Option
* 8 თამაშია, რაც საფრანგეთის ნაკრები არ დამარცხებულა - 7 გამარჯვება და 1 ფრე. ბოლოს დეშამის გუნდი ინგლისთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა ნოემბერში - 0:2.
* ეს იქნება საფრანგეთის ნაკრების მე-80 მატჩი "სტად დე ფრანსზე". აქედან 49 "მამლებმა" მოიგეს, 20 ფრედ დაასრულეს და 10 დათმეს.
* ირლანდიასთან მოგება პირველი გამარჯვება იყო ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საფრანგეთისთვის, მას მერე, რაც გუნდმა 2000 წელს ტიტული მოიგო.
* საფრანგეთი ერთ-ერთია იმ სამეულიდან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი საშინაო კედლებში აქვს მოგებული (1984). ესპანეთმა ეს 1964 წელს
შეძლო, ხოლო იტალიამ 1968 წელს .
* ისლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. დიდ ტურნირებზე წლეულს დებიუტი მათ და ალბანელებს ჰქონდათ.
* ისლანდიის ნაკრები იმ ხუთეულიდან ერთ-ერთია, ვინც მეოთხედფინალს წაუგებლად უწია.
* ისლანდია 330 ათასი მოსახლით ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელსაც დიდ ტურნირებში უთამაშია.

მართალია, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს არასოდეს წაუგია ისლანდიის ნაკრებთან ფეხბურთში, მაგრამ ამ გუნდში უკვე კარგად ესმით, რა ძვირი დაუჯდათ ევროპის ჩემპიონატის მთავარი სენსაციის შეუფასებლობა სხვა გუნდებს ევრო 2016-ზე.

საფრანგეთის ნაკრები დასახული მიზნისკენ - მოიგოს მეორედ საშინაო ევრო - დამაჯერებლად მიიწევს. მეოთხედფინალში მისი მეტოქე დიდი ტურნირების დებიუტანტი ისლანდიაა, რომელმაც უკვე დიდი ხმაური გამოიწვია საფრანგეთში. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია დებიუტანტია, უკვე ოთხი თამაშია გუნდი დაუმარცხებელია. საფრანგეთის ნაკრები კი მეოთხედფინალში უკვე მეხუთედ არის ბოლო 6 ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ პორტუგალია სჯობს, რომელმაც ბოლო 6 ჩემპიონატის მეოთხედფინალში გააღწია.

ურთიერთშეხვედრები
(11 თამაში: +8=3-0, 30-8)
მასპინძელთა სასარგებლოდ მეტყველებს ურთიერთშეხვედრების ისტორიაც - 11 შეხვედრიდან ისლანდიამ აქამდე ერთიც ვერ მოიგო. დიდი უპირატესობაა გოლებშიც. მოკლედ, აქამდე ისლანდია არასოდეს ყოფილა საფრანგეთის ტოლი და სწორი, ახლა კი რა იქნება, კვირას გამოჩნდება.

ბოლოს ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ვალანსიენში გადაეყარა, 2012 წლის მაისში ამხანაგური მატჩი საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2012-ისთვის მოსამზადებლად დაგეგმა კუნძულელებთან და ბრწყინვალე სპარინგიც გამოუვიდა, რადგან ვალანსიენში ნამდვილი თრილერი ვიხილეთ. ბირკირ ბიარნასონისა და კოლბეინ სიგტორსონის გოლებით ისლანდიელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ მერე ლორან ბლანის გუნდი ამუშავდა, გოლები მატიო დებიუშიმ, ფრანკ რიბერიმ და ადილ რამიმ გაიტანეს - 3:2. ამ სამეულიდან ისლანდიასთან არც ერთი არ იქნება (რამი დისკვალიფიკაციის გამო).

უფრო ადრე მნიშვნელოვანი მატჩი იყო 1999 წელს "სტად დე ფრანსზე" (სადაც კვირის მატჩიც გაიმართება), როცა საფრანგეთმა 3:2 დაამარცხა ისლანდია და ევრო 2000-ის საგზური მოიპოვა. მაშინ მატჩის გმირი შეცვლაზე შესული დავიდ ტრეზეგე გახდა, როცა გამარჯვების გოლი გაიტანა.

გზა მეოთხედფინალისკენ
საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2016-ის გახსნის მატჩი მოუგო რუმინეთს - 2:1 (ჟირუ, პაიე). ფრანგებმა 2:0 (გრიზმანი, პაიე) დაამარცხეს ალბანელები და ბოლოს შვეიცარიელებს 0:0 დაუზავდნენ. მასპინძელმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები თავიდან კი აგებდა ირლანდიასთან, მაგრამ თამაშის ჩარხი შემოატრიალა - 2:1 (გრიზმანი).

ისლანდიის ნაკრები დაუზავდა პორტუგალიას - 1:1 (ბიარნასონი), ასევე 1:1 (გ. სიგურდსონი) ეთამაშნენ უნგრელებს. დებიუტანტებმა პირველი გამარჯვება ავსტრიის ნაკრებთან მატჩში მოიპოვეს - 2:1 (ბიოდვარსონი, ტრაუსტასონი) და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდნენ. მერვედფინალში ისლანდიამ ამ ტურნირის უდიდესი სენსაცია მოახდინა - ინგლისი 2:1 (რ. სიგურდსონი, სიგტორსონი) დაამარცხა.

მატჩის წინ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემი მიზანი არ ყოფილა 23 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის შეკრება. ჩემი მიზანი იყო ისეთი გუნდის შეკრება, რომელიც, რაც შეიძლება შორს წავიდოდა ტურნირზე".

პატრის ევრა (საფრანგეთი): "ჯერ არ ვიცი ვინ იქნება დაცვაში რამის ნაცვლად, მანგალა თუ უმტიტი, ორივე დიდებული მცველია. დიახ, ჩვენ ვამუშავებთ შორეულ ჩაწოდებებზე რეაგირებას, რადგან ეს ისლანდიის იარაღია, თუმცა მეტოქე მარტო ამ ჩაწოდებებით არ გამოირჩევა, სხვა რამეებიც შეუძლია მოედანზე. ეს ჩემი საერთაშორისო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია".

ჰეიმირ ჰალგრიმსონი (ისლანდია): "ინგლისთან გამარჯვება ბიჭებს თავში არ ავარდნიათ და არ დაგვჭირვებია მათთან ამ თემაზე ლაპარაკი. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ის, რასაც მიაღწიეს და ის, რისი მიღწევაც კიდევ შეუძლიათ. ისინი ყველაფერს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებივით აკეთებენ. შეიძლება მთელი დღე ისლანდიის ნაკრებზე სიახლეები იკითხო, მაგრამ მაინც ვერ ჩაწვდე მას. მოკლედ, წაკითხვისა და გახარების დრო მერეც თავზე საყრელი გვექნება... როცა დავბერდებით.

ბიჭებისთვის ის საოცარი მხარდაჭერა, რაც საფრანგეთში აქვთ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ ამჯერად, მეტოქის ფანების რიცხვი უზომოდ მეტი იქნება. და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ უფრო სუსტი გუნდი ვართ, მაინც შევეცდებით მოედანზე ვაჩვენოთ, თუ რამდენი რამ შეგვიძლია ფეხბურთში. და მერე რა, რომ მეტოქის ფანები მეტნი იქნებიან? ჩვენ გვინახავს, როგორ აჯობეს ჩვენმა ფანებმა მეტოქისას, მიუხედავად იმისა, რომ მათზე გაცილებით ნაკლებნი ყოფილან. ჩემი აზრით, საფრანგეთის ნაკრებს ყველაზე კარგი ვარსკვლავები ჰყავს, ვისთანაც ამ ევროზე გვითამაშია მათ შორის".

ჩვენი აზრით
საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფავორიტია, ხოლო მეოთხედფინალისტებში ყველაზე გამოუცდელი და ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, სუსტი ისლანდიაა. მოკლედ, მატს აშკარა ფავორიტი ჰყავს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ინგლისის ნაკრების ქომაგებსაც ასე ეგონათ, რომ იოლად გაუმკლავდებოდნენ ისლანდიელებს, ასე ეგონათ პორტუგალიელებსაც.

დიდიე დეშამმა საკადრო პრობლემები უნდა მოაგვაროს, არ აქვს მნიშვნელობა მოასწრებს თუ არა კომანი გამოჯანმრთელებას, ახალგაზრდა შემტევი ალბათ, სათადარიგოთა სკამზე დარჩება. დისკვალიფიცირებულ ნგოლო კანტეს ალბათ კაბაი შეცვლის, ხოლო ადილ რამის - "ბარსელონას" ახალწვეული უმტიტი. დეშამი ისევ 4-3-3-ს გამოიყენებს. მოგეხსენებათ, როგორც იქნა, ათამაშდა და გოლების გატანა დაიწყო ანტუან გრიზმანმა. ისლანდიელი მცველები სწორედ მას და ტექნიკურ დიმიტრი პაიეს უნდა უფრთხოდნენ.

ჩვენ მაინც არ გვგონია, რომ ისლანდიის ნაკრები მთლიანად დაცვაში დაიხევს, ლაგერბაკის გუნდი შეეცდება, ყველაფერი საუკეთესო აჩვენოს ამ შეხვედრაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ბურთი ძირითადად ფრანგების იქნება. ისლანდიის ნაკრების გამარჯვება ინგლისზე საუკუნოვანი მონაპოვარია, იგივეს გამეორება საფრანგეთთან, 2010 წლის ცნობილი ვულკანის (ეიაფიადლაიიოკიუდლი) ამოფრქვევის ტოლფასი იქნება.

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო
საფრანგეთი
4. დიმიტრი პაიე საფ. 8,17
28. პოლ პოგბა საფ. 7,38
35. ანტუან გრიზმანი საფ. 7,32

ისლანდია
27. კოლბეინ სიგტორსონი ისლ. 7,38
37. რაგნარ სიგურდსონი ისლ. 7,31
46. კარი არნასონი ისლ. 7,27

3 ივლისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი-ისლანდია 23:00
დისკვალიფიკაცია: რამი, კანტე (საფრანგეთი)
ტრავმა: კომანი (?) -
საფრანგეთი (სავარაუდო): ლორისი - სანია, უმტიტი, კოსიელნი, ევრა - პოგბა, კაბაი, მატუიდი - გრიზმანი, ჟირუ, პაიე
ისლანდია (სავარაუდო): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი - სიგტორსონი, ბიოდვარსონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული