ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
* ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

მიხეილ მუჯრიშვილი -
თითქოსდა, თორნიკე ზარქუას დისკვალიფიკაციის გამო ბოლნისელებს პრობლემები უნდა შექმნოდათ, თუმცა მიხეილ მუჯრიშვილი "სამტრედიასთან" მატჩში შესანიშნავად გამოიყურებოდა და ამის დასტურია, რომ იმერლებმა "სიონის" კარი ვერ აიღეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი მომენტი: მე-20 წუთზე, როცა ოლაიტანის დარტყმული მოიგერია და 61-ე წუთზე ივან ფატიჩის მიერ დარტყმული პენალტი.

ბაქარ მირცხულავა
- გორის "დილასთან" მატჩში კარგად იდგა, თავდამსხმელებს თავისუფალ
სივრცეებს უკეტავდა და მათ წინააღმდეგ კარგად რეაგირებდა. ასევე იყო მომენტი, როცა გუნდი გოლს გადაარჩინა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

გიორგი გურული - "ტორპედომ" მე-5 წუთზე გაიტანა გოლი და უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრი მატჩის დასაწყისიდანვე დაიწყო. გიორგი გურული მაქსიმალურად უკეტავდა ზონებს გეორგი გაბულოვსა და ბექა მიქელთაძეს, რის შედეგად "რუსთავს" ცენტრიდან შეტევა კარგად არ გამოსდიოდა.

გიორგი ქიმაძე - საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ მიხეილ გორელიშვილსა და გიორგი ქიმაძეს შორის, რომელშიც გამარჯვებული ქუთაისელი ფეხბურთელი გამოვიდა. ასევე ქიმაძე ამწვავებდა შეტევებს მარცხენა ფლანგზე და სარდალიშვილს ეხმარებოდა, თუმცა მიშა ნამდვილად ვერ უბამდა მხარს.

გიორგი კუხიანიძე - კუხიანიძის მომენტი რომ არ ჩავთვალოთ, "რუსთავი"-"ტორპედოს" მატჩი შეიძლება 0:0 დასრულებულიყო. შესაბამისად, კუხიანიძე საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ამ მომენტის შემდეგ კუხიანიძეს აღარ გაუბრწყინია, თუმცა ეს მომენტი ყველაზე ფასეული იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - "საბურთალოში" მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. რეხვიაშვილი მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, საკმაოდ აქტიურად გადაადგილდებოდა მოედანზე და ერთ ასეთ აქტიურობას "კოლხეთის" კარებში მისი გოლიც მოჰყვა.

გიორგი კოხრეიძე - ახალგაზრდა ფეხბურთელი "კოლხეთი"-"საბურთალოს" დაპირისპირებაში "მატჩის გმირად" უნდა დავასახელოთ. თბილისელებმა შეხვედრის შემოტრიალება კოხრეიძის აქტიური ქმედებების შედეგად შეძლეს. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი გოლი და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, რითიც საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

აკაკი შულაია - გოლი და საგოლე გადაცემა. მისი სტატისტიკა უფრო ნოყიერი იქნებოდა, ბუდუ ზივზივაძეს შულაიას ჩაწოდებული რომ გამოეყენებინა ან შეხვედრის მეორე ნახევარში ოდნავ მეტი სიზუსტე გამოეჩინა. შულაია თბილისურ დერბიში მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და საგოლე სიტუაციის შესაქმნელად მაქსიმალურად ირჯებოდა.

ოთო კიტეიშვილი - "დინამოს" კაპიტანი და მთავარი იმედი, საუკეთესო იყო თბილისურ დერბიში. მისი მონაგარი დუბლი და საგოლე გადაცემაა. ჯერ მე-40 წუთზე ძლიერი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, მატჩის მიწურულს ივანიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ბოლოს, 83-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

გიორგი ივანიშვილი
- "დინამოს" სამეული მეორე ტურში საუკეთესო შეტევა იყო. თავად გიორგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც შეტევების შექმნაში, ასევე რეალიზებაში. პირველი ტაიმის მიწურულს ივანიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა და "დინამოელები" წინ გაიყვანა.

ჯაბა დვალი
- კლასი არ იკარგება, ბოლნისის "სიონის" კაპიტანი "სამტრედიასთან" გადამწყვეტი და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. თუმცა დვალი მხოლოდ ამით არ იყო გამორჩეული - მან ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. ამავდროულად, ფატიჩსა და ნდონგს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მიგინეიშვილის კარის აღება შეძლო, რითიც ბოლნისელებმა პირველი 3 ქულა ჩაიწერეს. 

ტურის მწვრთნელი - კობა ჟორჟიკაშვილი: მეორე ტურში ძალიან რთული იყო საუკეთესო მწვრთნელის გამორჩევა, რადგან რამდენიმე სპეციალისტის ბენეფისი შედგა. თუმცა, ტაქტიკური თვალსაზრისით, ჟორჟიკაშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შეძლო საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის მფლობელი "სამტრედიის" დამარცხება და ტურის სენსაციაც დააფიქსირა.

"სიონი" ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც აუტსაიდერობისთვისაა განწირული. შემდეგ მატჩს "კოლხეთთან" ატარებენ და ალბათ, ფავორიტადაც უნდა მოვიაზროთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეროვნული ლიგის გუნდებს ფიზიკური მომზადება აშკარად მომატებული აქვს. სისწრაფეებიც გაზრდილი და მოძრაობაც. იმედია, ოსტატობაც მალე მოიმატებს. პირადად მე, თამაშების დაძაბულობა მომეწონა და ჩემს მეგობრებსაც იგივე აზრი აქვთ...
tngh
17:02 12-03-2018
1
კი, ძალიან დაძაბული თამაშებია, სტადიონებზეც ანშლაგებია. ბილეთი ვერ ვიშოვე ვერცერთ თამაშზე და ისევ ტელევიზორში ვუყურე თამაშს.
ნათია
21:59 12-03-2018
4

სიახლეები პოპულარული