ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდი მომავალ წელს აუცილებლად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ბერიძემ ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელზე და ახალი ფეხბურთელების მოყვანაზეც ისაუბრა.
"დინამოს" მწვრთნელად გია გეგუჩაძე დარჩება და კლუბი რამდენიმე ლეგიონერის მოწვევასაც აპირებს.
გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. რა თქმა უნდა, გაგიხარდება მეორე ადგილი, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადადიხარ და ახალ გუნდს აშენებ, თუმცა ბათუმის "დინამო" ძალიან ახლოს იყო იმ სანუკვარ მიზანთან, რომელსაც ჩემპიონობა ჰქვია, თუმცა მერწმუნეთ, რომ ბათუმში ფეხბურთის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან
იწყება და ყველაფერი წინაა.
ჩვენი მიზანი არის ახალი სტადიონის შევსება და ბათუმის "დინამოს" განვითარება. 3 მიმართულებით მივდივართ ახლა, რაც ძალიან რთულია.
ააშენო აკადემია, მოაწყო ინფრასტრუქტურა და ამავდროულად, პირველი გუნდიც გყავდეს წარმატებული, ძალიან რთულია.
გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა? ამ ამბავს გამოვრიცხავ. ის ყველა სტრუქტურაში არის ჩაბმული და ჩვენთან დარჩება.
მას ჩვენთან 5-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ამოწურავს და უფრო დიდხანსაც დარჩება.
რაც შეეხება გაძლიერებას, მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება, რომლებსაც თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი აქვთ და მოლაპარაკებები მიდის მათ გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა გამოგვივა. ახალი ფეხბურთელები აუცილებლად იქნებიან და გუნდიც აუცილებლად გაძლიერდება.
გულშემატკივრის მოთხოვნა ყოველთვის წინ უსწრებს ნებისმიერი კლუბის შესაძლებლობებს, მით უმეტეს, საქართველოში.
ჩვენთან ფეხბურთი რომ ვითარდება და ყოველდღიურად წინ რომ მიდის, ამაზე, ალბათ, ვერავინ შემედავება.
ახლა დამატებაზე ველაპარაკებით რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს და ასევე, ლეგიონერებსაც.
ევროტურნირებზე მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასევე ჩვენი მიზანია ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა.
ჩემი უდიდესი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დაესწროს მატჩებს. ფეხბურთს ასე უფრო სხვა ხიბლი აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ლიგის მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწრება", - თქვა ბერიძემ.